წყლის წისქვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყლის წისქვილი — მარცვალსაფქვავი მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში მოიყვანება ვარდნილი წყლის ენერგიით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი საზოგადოებები მარცვლეულის დასანაწევრებლად იყენებდნენ სხვადასხვა სახის სანაყებსა და სასრესელებს. საქართველოში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით დათარიღებული საფქვავი დარბაზი, სადაც სპეციალურ დაზგაზე გამართული იყო რამდენიმე ათეული ხელის სასრესელა, მარცვლის ჩასაყრელი სპეციალური ღრმულებითა და ფქვილის დასაგროვებელი სათავსით (ციხია გორა). უფრო მოგვიანებით გავრცელდა ხელით საბრუნებელი წისქვილები, ე.წ. ხელსაფქვავები. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან რომში გაჩნდა წყლის წისქვილები. არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც წყლის წისქვილები პირველად მცირე აზიაში გაჩნდა და, ამდენად, შესაძლოა, კავკასიაში უფრო ადრე გავრცელებულიყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. შუა საუკუნეებში გამოიგონეს ქარის წისქვილიც.

მოწყობილობა და ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული იყო 2 ტიპის წყლის წისქვილი: ჰორიზონტალურბორბლიანი და ვერტიკალურბორბლიანი. აქედან უფრო გავრცელებულია ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია აზიური წყლის წისქვილის ანუ ე.წ. ტურბინური წისქვილის სახელწოდებით. ჰორიზონტალურბორბლიანი წყლის წისქვილი, წყლის მიწოდების მექანიზმის მიხედვით, იყოფა ღარისა და კოდის (გვიმის) წისქვილებად. ღარის წისქვილს წყალს საბრუნავი მექანიზმზე აწვდის დაქანებული ღარი. მცირეწყლიან ადგილებში კი წყალი გროვდება ხის კოდში ან ქვის თუ თიხის გვიმში, რომლის ქვედა ნაწილში დატანებული ხვრელიდან წყალი ძლიერად ურტყამს საბრუნავ ბორბალს.

წისქვილს, რომელსაც დიდი საფქვავი ქვები აქვს, ეწოდება დოლაბი წისქვილი, ხოლო მცირექვებიანს _ ბუჭულა (გვრიტა). ისინი კონსტრუქციით ერთმანეთისგან არ განსხვავდება და გავრცელებულია სამეურნეო და გეოგრაფიული სპეციფიკის შესაბამისად. ბარის ძლიერ სამიწათმოქმედო რეგიონებში, დიდ მდინარეებზე, ძირითადად დოლაბ წისქვილებ აგებდნენ, ხოლო მთის და მთისწინეთის მდინარეების ხეობებში კი ბუჭულა წისქვილები ჭარბობდა.

წისქვილი გამართულია დახურულ შენობაში, "წისქვილის სახლში", რომელიც 2 სართულისაგან შედგება: პირველი სართული საღვარეა, სადაც წისქვილის მამოძრავებელი მექანიზმია მოთავსებული. ხოლო მეორე სართულში მფქველი ქვები, მარცლის მიმწოდებელი მოწყობილობა (ხვიმირა) და ფქვილის დასაგროვებელი სათავსებია გამართული.

ვერტიკალურბორბლიანი წისქვილის მამოძრავებელ მექანიზმს, დიდ ვერტიკალურ ბორბალს, რომელსაც წყალი აბრუნებს, "წისქვილის სახლის" გვერდზე მართავენ. ის სპეციალური გადამცემის საშუალებით გაცილებით უფრო სწრაფად აბრუნებს საფქვავ ქვებს, ვიდრე ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი. ასეთ წისქვილებს შედარებით უფრო იშვიათად აგებდნენ და ძირითადად გავრცელებული იყო მტკვრის ხეობაში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]