წითელი ეშმაკუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წითელი ეშმაკუნები“
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი ივანე პერესტიანი
პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე
კომპოზიტორი ივანე გოკიელი
ხმის ოპერატორი როსტისლავ ლაპინსკი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი ფიოდორი პუში
სტუდია საქართველოს სსრ განსახკომის კინოსექცია
გამოსვლის თარიღი 30 სექტემბერი, 1923
ხანგრძლივობა 137 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი
ბიუჯეტი 35 ათასი მანეთი
შემოსავალი 200 ათასი მანეთი
შემდეგი სავურ სამარე

წითელი ეშმაკუნები1923 წლის ქართული საბჭოთა სათავგადასავლო ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ ივანე პერესტიანის მიერ, პავლე ბლიახინის ამავე სახელწოდების სცენარის მიხედვით. ფილმის პრემიერა გაიმართა 1923 წლის 25 სექტემბერს თბილისში. ფილმი ახმოვანებულია 1943 წელს. თავდაპირველად გამოვიდა ორ სერიად, შემდგომში შეიქმნა როგორც ერთი მთლიანი ფილმი. ფილმში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება 1920-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს. უკრაინის ერთ დაბაში მცხოვრები რკინიგზელი მუშის, პეტროვის შვილები მიშა და დუნიაშა გატაცებულნი არიან ლილიან ვოინიჩისა და ჯეიმზ ფენიმორ კუპერის სათავგადასავლო რომანებით. ერთხელაც დაბას თავს დაესხმიან ბანდიტები ანარქისტ ნესტორ მახნოს მეთაურობით და პეტროვს მოკლავენ. შვილები გადაწყვეტენ, შური იძიონ. მათ შეუერთდებათ შავკანიანი ტომ ჯექსონი. მალე სამივენი მზვერავებად ჩაეწერებიან სემიონ ბუდიონის ცხენოსან არმიაში. ახალგაზრდა მეომრები დაატყვევებენ ნესტორ მახნოს და ფქვილის ტომარაში დამწყვდეულ მახნოს ბუდიონს მიჰგვიან, რისთვისაც ორდენებს დაიმსახურებენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს რუსი მწერალი, კინოდრამატურგი და რევოლუციონერი პავლე ბლიახინი მატარებლით კოსტრომიდან ბაქოში მიემგზავრებოდა. მგზავრობა ერთ თვეს გაგრძელდა. ბლიახინმა მატარებელში დაწერა სცენარი და ორი წლის შემდეგ, როცა თბილისში მოხვდა, მიაკითხა კინოსექციას. კინოსექციიდან ის ივანე პერესტიანთან გაგზავნეს, რომელიც მოიხიბლა სცენარით.

მიშასა და დუნიაშას როლის შესრულებისთვის პერესტიანმა ცირკში მომუშავე ახალგაზრდა აკრობატები შეარჩია. სცენარის მიხედვით მიშას და დუნიაშას მეგობარი ჩინელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩინელი მსახიობი ვერ იპოვეს და ის ჩაანაცვლეს იმავე ცირკის სენეგალელი მოკრივე კადორ ბენ-სალიმით. რეჟისორმა ასევე ქუჩიდან აიყვანა ბუდიონისა და მახნოს როლის შემსრულებლებიც.

გადაღებები 1923 წლის თებერვალში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდა. უკრაინის სტეპების ნაცვლად, პერესტიანმა მოქმედება მთიან რეგიონებში დადგა, რათა ლანდშაფტი მომხიბლავი ყოფილიყო. ფილმის გადაღებისას რეჟისორმა სცენარი დაკარგა და გადაღება მეხსიერების მიხედით გააგრძელა. ეს ტიტრებშიც აისახა, სადაც ჩაიწერა, რომ ფილმი სცენარის გარეშეა გადაღებული. ამან ბლიახინის პროტესტი გამოიწვია, ის ნაწარმოების დამახინჯებაზე ჩიოდა.

ისტორიული ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში ასახული ფაქტები განსხვავდება ისტორიული რეალობისგან. მახნოს ანარქისტები გამოყვანილი არიან „ცუდ ბიჭებად“, რომლებიც სულ ლოთობენ, ყაჩაღობენ და ასრულებენ ბრძანებებს უფროსისა, რომელის სულ ერთ სიტყვას გაიძახის: „დახვრიტეთ!“ განსხვავებით ფილმისგან, მახნო სიკვდილით არ დაუსჯიათ, ის ემიგრაციაში წავიდა და 1934 წელს პარიზში გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში ფილმიგამოვიდა სახელწოდებით „მახნოვშინა“. მან ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. „კინოგაზეტა“ წერდა, რომ ესაა რევოლუციის პირველი ფილმი და ის ყველა მოქალაქემ უნდა ნახოს. მას უწოდეს „პირველი მერცხალი“, „საბჭოთა კინემატოგრაფიის სასწაული“, „პირველი საბჭოთა კინოშუქურა“ საბჭოთა საზოგადოებაში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა კინომცოდნე ვლად კოროლევიჩი, რომელიც რევოლუციის შემდგომ რუსულ კინოს „მკვდარ ორთქმავალთა სასაფლაოს“, ხოლო აუდიტორიას „მკვდარ კინობრბოს“ უწოდებდა, წერდა, რომ ეს „კინომძორი“ გააპო ჯავშნოსანმა „წითელი ეშმაკუნები, რომელმაც მხიარულად აუწყა გამარჯვება, ხალისიანად და სწრაფად გაიელვა ახალმა კადრებმა“[1]

„წითელი ეშმაკუნები“ საბჭოთა კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად ციტირებადი კინოფილმია. ქალაქ ვლადიმირის საფეიქრო კომბინატის წარმომადგენლები საგანგებოდ ჩავიდნენ თბილისში და ფილმის გადამღებ ჯგუფსა და სახკინმრეწვის მთელ კოლექტივს საზეიმო ვითარებაში გადასცეს წითელი დროშა, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: „საქართველოს სსრ განათლების კომისარიატთან არსებული სახკინმრეწვის მუშაკებს, პირველი საუკეთესო საბჭოთა ფილმის „წითელი ეშმაკუნების“ შემქმნელთ. ფაბრიკა „კომუნისტური ავანგარდის“ მრავალი ათასი მუშისაგან პროლეტარული ჭეშმარიტი მადლობა. გაუმარჯოს სოციალიზმის დიდ თანამგზავრს კინოხელოვნებას“. ფილმის წარმატება აღნიშნა სტალინმა, როცა ზაჰესის მშენებლობაზე იმყოფებოდა. მან გერმანე გოგიტიძის სადღეგრძელოც შესვა.

„წითელ ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომლზეც რეცენზია დაიწერა New York Times-ში. ავტორი, უოლტერ დურანტე წერდა, რომ ესაა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის რუსული რევოლუციური ვერსია, რომელიც გადაღებულია ტარზანის ტემპში. ფილმის პოპულარობა მაყურებელში 20 წელიწადს გაგრძელდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლის დამცველებს კინოთეატრებსა და ფრონტზე 300-ზე მეტჯერ აჩვენეს ფილმი.

გაგრძელებები და რიმეიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პოპულარობისა და მაყურებლის თხოვნის გამო პერესტიანმა სამი წლის შემდეგ, 1926 წელს უსცენაროდ გადაიღო გაგრძელებები „სავურ სამარე“, „თავადის ასულ შირვანსკაიას დანაშაული“ და „ილან დილი“, მაგრამ რეჟისორი გაიტაცა ტრიუკებმა და ეფექტებმა და ეს ფილმები ვერ ავიდნენ „წითელი ეშმაკუნების“ დონეზე. გაგრძელებები შაბლონურ დეტექტიურ ლენტად გადაიქცა.[2]

1960-იან წლებში გამოვიდა ფილმის რიმეიკი „მოუხელთებელი შურისმაძიებლები“, რომელიც ედმონდ კეოსაიანმა გადაიღო და რომელიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით წარმატებული აღმოჩნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
  • Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" — Cambridge University press. 1992
  • David G. Gillespie, "Early Soviet Cinema: Innovation, Ideology and Propaganda" — a Wallflower Paperback, 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Влад Королевич, "Женшина в кино" გვ. 70 — Теакинопечать, 1928
  2. ჟურნალი "Жизнь Искусства" N7 — 1927