ცეზურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცეზურა (ლათ. caesura - გაპობა, მოცელვა), ტაეპის რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენება; ტაეპის სტრუქტურული ელემენტი.

ანტიკურ მეტრიკაში ცეზურა მოდიოდა, როგორც წესი, ტაეპის შუა ნაწილზე და ყოფდა მას ორ ნახევარტაეპედად, რომელთაგან პირველს აღმავალი რიტმი ჰქონდა, მეორეს - დაღმავალი. სილაბურ-რიტმულ ლექსთწყობაში კი ცეზურა ტაეპში მიჰყვება ტერფების დაბოლოებას და ყოფს ტაეპს ორ ნაწილად, რომელთაც აქვს ერთნაირი ხასიათის რიტმული სვლა: ან ორივეს აღმავალი ან დაღმავალი. თუ ტაეპი იყოფა ორ ტოლ (ან თითქმის ტოლ) ნაწილად მაშინ ასეთ ცეზურას მთავარს უწოდებენ. დიდი ზომის ტაეპებში მთავარი ცეზურების გარდა არსებობს კიდევ მცირე ცეზურები. მთავარი ცეზურის ადგილი ტაეპში მკაცრად განსაზღვრულია, მცირე ცეზურებისა - არა . მთავარი ცეზურა ზოგჯერ იმდენად გამოკვეთილია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ორი ნახევარტაეპედი კი არ არის, არამედ ორი ტაეპია. მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (როდესაც არსებობს ლექსი პროზად, რიტმული პროზა, ვერლიბრი) ლექსის ძირითად ნიშნად რჩება გრაფიკა: ტექსტის ტაეპებად დაწერა-განლაგება. ტაეპი რამდენადაც გრძელია იმდენად უფრო საჭიროებს ცეზურებს. II და III ტერფიან ტაეპში ცეზურა არა არის, იგი IV და მეტტერფიან ტაეპებში ჩნდება II, III ან IV ტერფის შემდეგ. ცეზურა ზოგჯერ ინტონაციური პაუზის როლში გამოდის.

ცეზურის სახეებია:

  • ვაჟური, როდესაც მახვილი მოდის წინაცეზურული სიტყვის ბოლო მარცვალზე.
  • ქალური - მახვილი წინაცეზურული სიტყვის ბოლოდან II მარცვალზე.
  • დაქტილური - მახვილი წინაცეზურული სიტყვის ბოლოდან III მარცვალზე.


ქართულ ლექსს აქვს დიდი და მცირე ცეზურები. ის შეიძლება იყოს:

  • სამცეზურიანი: "მე, რუსთველი, /ხელობითა//ვიქმ საქმესა/ამა დარი" (რუსთაველი);
  • ორცეზურიანი: "მირბის, მიმაფრენს//უგზო-უკვლოდ/ჩემი მერანი" (ნ. ბარათაშვილი);
  • ერთცეზურიანი: "ჩემი ცხოვრების //გზა სიზმარია" (გ. ტაბიძე)


ქართული საზომების დიდი ცეზურა მეტწილად თანხვდება სიტყვისა და ტერფის საზღვარს, მცირე ცეზურა კი ამ საზღვარს შეიძლება დაემთხვეს, შეიძლება არა: "ყორღანებიდან /გნოლი/ აფრინდა" (გ. ლეონიძე)

ცეზურა არ უდრის რიტმულ პაუზას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]