შუხუთის მოზაიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუხუთის მოზაიკაარქეოლოგიური ძეგლი, რომელიც 1961 წელს აღმოჩნდა სოფელ შუხუთში, გურიაში, ანტიკური ხანის შუხუთის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

1961 წელს ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები კერძო საკარმიდამო ნაკვეთში და გამოვლენილი იქნა სოფლის სამხრეთით მდიდრული „ვილა რუსტიკა“, რომელსაც სავარაუდოდ სააგარაკო დანიშნულება გააჩნდა და სამი სართულისგან შესდგებოდა აქედან პირველი სართული მთლიანად დათმობილი ჰქონდა აბანოს.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუხუთის აბანოს აპოდიტორიუმში აღმოჩენილი მოზაიკური იატაკის ზომა ტოლია (2,00X3,50 მ.) მას შეუნარჩუნდა მოზაიკით დაფარული ფართობის დაახლოებით 50 %, რომლის ქვეშ ჯერ იყო თხუთმეტ სანტიმეტრიანი კირის ფენა შერეული დაფშხვნილ კერამიკასთან, ხოლო ზემოდან ეყარა რიყის ქვები. შუხუთის მოზაიკა შესრულებულია Opus Tesselatum-ის ტექნიკით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთნაირი ზომის და ფორმის კუბების გამოყენება. კუბების ზედაპირის ზომები იყო დაახლოებით 1 სმ. კუბები შუხუთის მოზაიკაში დამზადებული იყო შემდეგი მასალისაგან:

  • შავი ქვიშაქვა
  • 2 თეთრი, ყვითელი, მომწვანო ფერების კირქვა
  • მუქი წითელი ანდეზიტი, ხანდახან ყავისფერი
  • ღია წითელი კერამიკა.

სხვადასხვა ფერების, მაგრამ ერთი და იგივე მასალისაგან დამზადებული კუბების მოზაიკაში ერთმანეთში არ ურევდნენ, თითოეული ფერი ცალკე ელემენტად გამოიყენებოდა. ჩამოთვლილი კუბებით გასახდელის მთელ იატაკზე იყო დაგებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გეომეტრიული მოზაიკური მოხატვა, რომელსაც სპეციალურ ლიტერატურაში ეწოდება „კვადრატები და რვაქიმიანი ვარსკვლავები“. ამ მოხატულობაში, რომელშიც მოცემულია შავი კუბების ორრიგიანი ზოლები, ძირითადად ფიგურას წარმოადგენს ჩვეულებრივი კვადრატები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ რიგებს. ჩვეულებრივ კვადრატებს შორის განლაგებულია „კუთხეებში მდგომი“ კვადრატები. ამ კვადრატებსა და სხვა კვადრატებს შორის შუალედები წარმოქმნიან რვაქიმიანი ვარსკვლავების ფიგურებს, რომლებიც შედგებიან რომბებისგან.

შუხუთის აბანოს მოზაიკაში ცალკეული ფიგურები აპოდიტერიუმის იატაკის ფართობთან შედარებით საკმაოდ დიდია, რის გამოც ასეთი ფიგურების რაოდენობა აქ არც ისე ბევრია. შუხუთის აბანოს მოზაიკაში ასევე თვალშისაცემია, რომ განაპირა რიგის ვარსკვლავები ვერ მოთავსდა იატაკში, რადგან ორ-ორი სხივი ამ ვარსკვლავებს ჩამოჭრილი აქვს, იმ დროს როდესაც ანალოგიური მოზაიკის ვარსკვლავები არიან მთელები, ან უკიდურეს შემთხვევაში შუაზე გაჭრილი. აღნიშნული თავისებურებები მეტყველებენ, სავარაუდოდ, იმაზე, რომ შუხუთის მოზაიკის ამწყობი მოხატულობისას არ ითვალისწინებდა მთელი იატაკის ზომებს. მოხატულობის ამგვარი მექანიკურ-შტამპური შესრულების მანერა შესაძლოა გამომუშავებული ჰქონდა მხოლოდ ისეთ ოსტატს, რომელიც ერთი და იგივე მოხატულობის მრავალჯერადად შესრულების დროს მიეჩვია მხოლოდ ერთ „ზომაში“ მუშაობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე შუხუთის მოზაიკის ძირითადი მოხატულობა სხვა ანალოგიურ მოხატულობებთან შედარებით, გამოიყენება შედარებით ნაკლებად, რის გამოც იზრდება მისი დეკორატიული ხასიათი.

შუხუთის მოზაიკაში ყველაზე მეტად იკვეთება გეომეტრიული მოხაზულობის ძირითადი ფიგურა: დიდი კვადრატები, რომლებიც იკავებენ მთავარ ადგილს ვარსკვლავებთან შედარებით. სწორედ ამ კვადრატებში არის მოთავსებული მოზაიკური ამბორის შესავსები ელემენტები. მოზაიკის დიდი და პატარა კვადრატების უმრავლესობას აქვთ საკმაოდ მარტივი შემავსებელი. ეს არის ან თანმიმდევრულად დაპატარავებული ზომებში და ერთმანეთის შიგნით განლაგებული კვადრატები, რომლებიც აწყობილია სხვადასხვა ფერის კუბებისგან, ან პარალელური, ფერადი ზოლები, რომლებიც მიმართულია კვადრატების დიაგონალურად. ზოგიერთ კვადრატებში ეს ზოლები წარმოქმნიან ზიგზაგებს, რომლებიც მოგვაგონებენ პარკეტის მოხატულობას და რომელსაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით ყველგან, როგორც გვიან ანტიკურ, ასევე ადრე შუასაუკუნეების მოზაიკაში.

შუხუთის აბანოს მოზაიკის შედარებით რთული მოხატულობა არის ე. წ. წნული, შემდგარი სამი ჯგუფისაგან. ეს მოტივი ჩვეულებრივი იყო როგორც გვიანდელი ანტიკური დროის მოზაიკაში, ასევე ადრეული შუასაუკუნეების ეპოქაში. შუხუთის მოზაიკის ბევრი კვადრატი შევსებულია ორნაირი სახის ჯვრების გამოსახულებით. პირველი სახეობის ჯვრები, რომლებიც იყვნენ შედარებით მარტივი და ზომით უფრო პატარა იმყოფებოდნენ „გვერდებში მდგომ“ კვადრატებში ამ სახეობის ჯვართან მსგავსი გამოსახულებები ჩვენთვის ცნობილია ჯერ კიდევ გიპონის ადრექრისტიანულ მოზაიკაში (ჩრდილოეთ აფრიკა), რომლებიც დათარიღებულია IV-V სს.

შუხუთის მოზაიკაში გამოსახული ჯვრები არ წარმოადგენდნენ ქრისტიანობის სიმბოლოს. ჯვრების ფიგურები გამოიყენებოდა მოზაიკაში წმინდა დეკორატიული მოტივით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ კვადრატებში, გარდა მთლიანი ჯვრებისა იყო ასევე მათი ნახევრების გამოსახულება. ხსენებული ჯვრები და მათი გამოსახულებები ცნობილია რომაულ-ბიზანტიური იმპერიის აღმოსავლეთ რაიონებში, ზოგადად ჩრდილოეთ ზღვისპირეთში, სადაც ჯვარი გამოსახული იყო ხერსონის ჯვრისებრი მონასტერის ჩრდილოეთ განშტოების მოზაიკაში, ანტიოქიაში და მის შემოგარენში, აგრეთვე ლიბიაში-ანტიოქიის და ლიბიის მოზაიკებში. მსგავსად შუხუთის მოზაიკისა, კვადრატებში მთლიანად ჯვრებთან ერთად გვხვდება მათი „ნახევრები“ გამოსახულებები. აქ ხსენებული შესადარებელი მოზაიკა თარიღდება IV-V და VI საუკუნის დასაწყისით. ამიტომ შუხუთის მოზაიკა აბანოსთან ერთად თარიღდება სავარაუდოდ აღნიშნული დროით.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერილი მოხატულობა მოზაიკურ იატაკზე პირველად გამოჩნდა ძვ. წ. I საუკუნეში. ამ დროიდან ის ძალიან ხშირად გვხვდება რომის იმპერიის სხვადასხვა მხარეების მოზაიკურ მოხატულობაში. აღწერილი მოხატულობა II—III საუკუნეებში ხდება იმდენად პოპულარული, რომ იყო შემთხვევა მისი გამოყენებისა თაღების ორნამენტებში. აღწერილი მოხატულობა რჩება ძალიან პოპულარულად IV—V საუკუნეებში. მას იყენებდნენ შემდგომ საუკუნეებშიც, მაგ ცნობილია IX საუკუნის ისლამური სასახლის მოზაიკური იატაკი.

შუხუთის აბანოს გათხრების დროს არ იყო ნაპოვნი ისეთი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ზუსტად მისცემდა არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ პარმენ ზაქარაიას ამ მოზაიკის ზუსტი დათარიღების საშუალებას. აბანოს დათარიღების მონაცემები, გამომდინარეობს ნაგებობიდან, რომელიც აშკარად მიეკუთვნება გვიანდელ ანტიკურ აბანოებს. შუხუთის აბანოს გვიანდელი ანტიკური პერიოდის ხასიათს აძლევს, უპირველეს ყოვლისა, მისი ნალისებრი შენობა, რომლის მაგვარიც არ არის ცნობილი ადრეულ შუასაუკუნეების აბანოებში. სავარაუდოდ, შუხუთის აბანოს ნაგებობა თარიღდება IV ს-ით. აქ აღმოჩენილი მცირე რაოდენობის კერამიკა დათარიღებულია IV ს-ით. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს, რომ კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე გურია) გვიანდელ ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების დროითავის კულტურული მნიშვნელობით ერთ–ერთი მოწინავე რაიონი საქართველოში.