შვედეთის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთის ბუნებრივი რესურსების რუკა

შვედეთის ეკონომიკა — მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც უმთავრესადმრეწველობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12% მრეწველობაში, 2% სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.

შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებული შერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-.ს[1] სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად.[2]ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვო, ერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა. XX საუკუნეში სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვს ტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის ეკონომიკის ბურჯად ხე-ტყის რესურსები, ჰიდროენერგია და რკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. რკინის მადნის მოპოვების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (კირუნა და ელივარე). იღებენ ასევე ფერად ლითონებსაც. მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მანქანათმშენებლობას. შვედეთი არის ავტომწარმოებელი კომპანია „ვოლვოს“ სამშობლო, რომელსაც სათაო ოფისი გეტებორგში აქვს. განვითარებულია გემთმშენებლობა და ავიამშენებლობა. ხე-ტყის დამუშავების ძირითადი რეგიონებია ბოტნიის ყურისა და ვენერნის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროები. მრეწველობაში დასაქმებულია სამუშაო ძალის 12% და მასზე მოდის მშპ-ის 33%.

ენერგომომარაგების წყაროებია ჰიდრორესურსები (44%) და ატომური ელსადგურები (47%). მოქმედებს სამი ატომური ელექტროსადგური ფორსმარკი, ოსკარსჰამნი და რინგჰალსი. 1973 წლის ნავთობკრიზისმა გააძლიერა შვედეთის მცდელობა, იყოს ენერგოდამოუკიდებელი.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა გამოირჩევა ინტენსიურობით, მაღალი პროდუქტიულობითა და საქონლურობით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მცირე როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობა სამუშაო ძალის დასაქმების და მშპ-ში წილის მხრივ 2%-ის ფარგლებშია. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მერძევეობა. მემცენარეობაში წამყვანია საკვები კულტურების წარმოება. მოჰყავთ ქერი, შაქრის ჭარხალი, შვრია. მისდევენ თევზჭერას.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთში ტრანსპორტის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. აეროპორტი ყველა მსხვილ ქალაქშია განლაგებული. ყველაზე დიდი აეროპორტია არლანდას აეროპორტი სტოკჰოლმში. სამხრეთ შვედეთში ასევე აქტიურად გამოიყენება კოპენჰაგენის აეროპორტი, რადგანაც კოპენჰაგენი ერესუნის ხიდის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლით მარტივად უკავშირდება ქალაქ მალმეს. შვედეთი რკინიგზით ასევე უკავშირდება ნორვეგიასა და ფინეთს. შვედეთს გააჩნია რამდენიმე მნიშნელოვანი ნავსადგური, მათ შორის სტოკჰოლმი, ჰელსინგბორგი, გეტებორგი და მალმე. საზღვაო მიმოსვლა არის გერმანიასთან, დანიასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან.

ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი მეტროპოლიტენია სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი. ტრამვაი დადის გეტებორგში, ნორჩეპინგში, სტოკჰოლმსა და ლუნდში. უმსხვილესი გადამყვანია სახელმწიფო სამგზავრო კომპანია SJ AB.

საგარეო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არიან გერმანია, აშშ, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, დანია და ფინეთი. შვედეთი უმეტესად ვაჭრობს ევროკავშირის და ჩრდილოეთ ევროპის ქვყნებთან. სხვა ქვეყნებიდან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს მხოლოდ აშშ-სთან, ასევე, შედარებით ნაკლები მოცულობით — ჩინეთთან. 2017 წელს ექსპორტმა შეადგინა $169,7 მილიარდი, ხოლო იმპორტმა $154,8 მილიარდი. ძირითადი საექსპორტო საქონელია ავტომობილები, ფოლადი, რკინის მადანი, ქაღალდის პროდუქცია, ხე-ტყე, ქიმიური ნაწარმი, სამხედრო ნაწარმი. ძირითადი მიპორტული საქონელია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ნაწარმი, საავტომობილო ძრავები, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]