ფრანსუა ლუი (კონტის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუა ლუი
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 9 ნოემბერი, 1685
მმართ. დასასრული: 9 თებერვალი, 1709
წინამორბედი: ლუი არმან I
მემკვიდრე: ლუი არმან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1664
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 9 თებერვალი, 1709, (44 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: მარი ტერეზ დე ბურბონი
შვილები: მარი ანა, კონდეს პრინცესა
ლუი არმან II, კონტის პრინცი
ლუიზ ადელაიდა, ლა-როშე-სურ-იონის მადმუაზელი
დინასტია: ბურბონები
მამა: არმან I, კონტის პრინცი
დედა: ანა მარია მარტინოცი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანსუა ლუი დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. François Louis de Bourbon-Conti; დ. 30 აპრილი, 1664 — გ. 9 თებერვალი, 1709) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც არმან I-ისა და ანა მარია მარტინოცის უმცროსი ვაჟი. კონტის პრინცი 1685-1709 წლებში. იყო პოლონეთის მეფობის კანდიდატი და 1697 წელს მიიჩნეოდა პოლონეთის ტიტულარულ მეფედ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა ლუი დაიბადა 1664 წლის 30 აპრილს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც არმან I-ისა და მისი მეუღლის, კარდინალ მაზარინის ძმის შვილიშვილ ანა მარია მარტინოცის უმცროსი ვაჟი. მას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, კონტის პრინცი ლუი არმან I, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ლუიზა დე ლა ვალიერის უფროს ქალიშვილ მარი ანა დე ბურბონზე დაქორწინდა.

1683 წელს თავის ძმასთან ერთად უნგრეთში, იმპერატორ ლეოპოლდ I ავსტრიელის მხარეს იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. 1685 წელს ძმები საფრანგეთში დაბრუნდა, რა დროსაც ლუი არმანი სახადით დაავადდა და გარდაიცვალა, უშვილოდ, რის გამოც კონტის ახალი პრინცი ფრანსუა ლუი გახდა.

კონტიმ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა თავის ბიძასთან, კონდეს პრინც ლუი II-თან, რის გამოც 1688 წლის 22 იანვარს ვერსალის სასახლეში მანც ცოლად ლუის ქალიშვილი მარი ტერეზა შეირთო, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა.

მარი ტერეზას შეუყვარდა ფრანსუა ლუი, თუმცა მისგან იგივე გრძნობას ვერ ეღირსა, ვინაიდან მას მისი ძმის ცოლი, კონდეს პრინცესა ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი უყვარდა და როგორც ჭორები დადიოდა, რომანიც ჰქონდა მასთან. ცნობილია, რომ ლუიზ ფრანსუაზ მარი ტერეზის ძმის, კონდეს პრინც ლუი III-ის მეუღლე იყო და ამასთან ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ქალიშვილიც. მარი ანა დე ბურბონი, ლუიზ ფრანსუაზის ასული, სწორედ ამ რომანის "ნაყოფად" მიიჩნეოდა, თუმცა ამას მაინც ვერავინ ამტკიცებდა. აგრეთვე ცნობილია, რომ ფრანსუა ლუი ბისექსუალი იყო და ცოლს არა მხოლოდ ქალებთან, არამედ მამაკაცებთანაც ხშირად ღალატობდა. მისი გამუდმებული სკანდალური ურთიერთობები დიდ დაძაბულობას იწვევდა მისსავე ოჯახში. საბოლოოდ მარი ტერეზას შესძულდა იგი და მიატოვა. მარი ტერეზსა და ფრანსუა ლუის საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ შვილებთანაც.

1689 წლიდან იგი ლეიტენანტ-გენერალი ხდება და ჰერცოგ დე ლუქსემბურგთან ერთად იბრძოდა ნიდერლანდებში, სადაც დიდი წარმატება მოიპოვა. ამ წარმატებით შეგულიანებული კონტი მალევე შეიჭრა შვეიცარიაშიც, სადაც მას დიდი მარცხი აგემეს.

1697 წელს ლუი XIV-მ პოლონეთის სეიმში მეფობის კანდიდატად წამოაყენა ფრანსუა ლუის კანდიდატურა. ფრანგები მას უკვე პოლონეთის მეფედ მოიხსენიებდნენ, იმდენად დარწმუნებულები იყვნენ გამარჯვებაში, თუმცა პოლონელებმა თავიანთ მეფედ საქსონიის კურფიურსტი ავგუსტ II აირჩიეს.

ამის შემდეგ, სულ სამ წელიწადში დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, სადაც გამეფებაზე პრეტენზია კვლავ გამოთქვა პრეტენზია ფრანსუა ლუიმ, თუმცა ამაოდ, რადგან მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი ფილიპ V გახდა. ფრანსუა ლუი ამ ომის დასრულებამდე ხუთი წლით ადრე, 1709 წლის 9 თებერვალს, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც კონტის პრინცი მისი ვაჟი ლუი არმან II გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარი ანა (1689-1720), ცოლად გაჰყვა კონდეს პრინც ლუი ანრი I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. სახელი და სქესი უცნობია (1693), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. უცნობი სახელის მქონე ვაჟი (1694-1698), პრინცი დე ლა-როშე-სურ-იონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ლუი არმანი (1695-1727), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონ-კონდე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  5. ლუიზ ადელაიდა (1696-1750), ლა-როშე-სურ-იონის მადმუაზელი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  6. უცნობი სახელის მქონე გოგონა (1697-1699), მადმუაზელ დ'ალე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ლუი ფრანსუა (1703-1704), ალეს გრაფი, გარდაიცვალა ჩვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Roche, Jean-Michel (2005). Dictionnaire des bâtiments de la flotte de guerre française de Colbert à nos jours. 1. Group Retozel-Maury Millau. p. 370. ISBN 978-2-9525917-0-6.
  • Pevitt, Christine, Philippe, Duc d'Orléans: Regent of France, Weidenfeld & Nicolson, London, 1997, p.100.