ფორამინიფერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორამინიფერები

ფორამინიფერები (ლათ. Foraminifera) — უმარტივესების რიგი ფესვფეხიანთა ქვეკლასისა. ძირითადად ზღვის ბენთოსური ცხოველები არიან, მხოლოდ 2 ოჯახია (Globigerinidae და Globorotalidae) პლანქტონური ფორმები. ფორამინიფერების ციტოპლაზმური სხეული დაფარულია მკვრივი ნიჟარით. ნიჟარები ერთ- და მრავალსაკნიანია, ზოგჯერ დატოტვილი. საკანის აგებულებასა და განლაგებაზეა დამოკიდებული ჩონჩხის ფორმა.

ზომა ძირითადად 0,1—1 მმ, ზოგისა — 20 სმ აღწევს. ნიჟარის შიგთავსი გარემოსთან დაკავშირებულია ბაგით. ფორამინიფერების საკანი დაცხრილულია უწვრილესი ფორმებით, საიდანაც გამოდის დატოტვილი და ანასტომოზირებული ფსევდოპოდიები, რომელთა დანიშნულებაა მოძრაობა და საკვების მოპოვება. ფორამინიფერებისათვის დამახასიათებელია ჰაპლოიდური და დიპლოიდური თაობების მორიგეობა. ზიგოტიდან ვითარდება უსქესო დიპლოიდური თაობა — აგამონტი.

მისი ბირთვის ზრდისა და მრავალჯერადი დაყოფის შემდეგ წარმოიქმნება აგამეტები, რომლებიც საწყისს აძლევენ ჰაქპლოიდურ სქესობრივ თაობას — გამონტებს, ამ უკანასკნელებისაგან კი ვითარდება გამეტები. ზოგიერთ ფორამინიფერებს აქვს ორშოლტიანი სასქესო უჯრედები — იზოგამეტები, რომლებიც წყალში კოპულირებენ სხვა ინდივიდის გამეტებთან და წარმოქმნიან დიპლოიდურ ზიგოტას.

ფორამინიფერები შედიან ზღვის დანალექი ქანების შემადგენლობაში. ნამარხი ფორამინიფერები ცნობილია კამბრიული ხანიდან. ნამარხ ფორამინიფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატიგტრაფიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]