ურალური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურალური ენებიჯგუფი მონათესავე ენებისა, რომლებზეც ლაპარაკობენ ფინურ-უნგრული და სამოდიური მოდგმის ხალხები. გავრცელებულია დიდ ტერიტორიაზე, რომლის განაპირა საზღვრებია ჩრდილოეთიდან ტაიმირის ნახევარკუნძული და ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთიდან მდინარე ობის შუაწელი და იუგოსლავიის ჩრდილოეთ ნაწილი. ურალურ ენებზე მოლაპარაკენი დასახლებულნი არიან არაკომპაქტურად, სხვა ხალხებს (სლავებს, თურქებს, ბალტიისპირელებსა და სხვა) შორის. ურალური ენები იყოფა ორ დიდ შტოდ — ფინურ-უნგრულად და სამოდიურად. სამოდიური ენების შტოს ეკუთვნის ნენური, ენური, ნგანასანური და სელკუპური. ურალურ ენებს ეკუთვნის აგრეთვე აწ მკვდარი ენები: მერიანული, მურომული, მეშჩერული, მატორული, კარაგასული, კოიბალური და სხვა.

ურალური ენების ნათესაობას ამტკიცებს მათი საერთო ძველი სიტყვების ფენა. ლექსიკაში მრავლადაა ნათესაობის, პრიმიტიული მეურნეობის, ცხოველების, მცენარეების აღმნიშვნელი საერთო სიტყვები. ბევრია საერთო სიტყვის მცვლელ და სიტყვის წარმომქმნელ ელემენტებსა და კუთვნილებით და ჯერადობის აღმნიშვნელ სუფიქსებში. ურალურ ენებში შედის როგორც აგლუტინაციური, ისე ფლექსიური ენები, მათთვის დამახასიათებელია სინჰარმონიზმიც. თანამედროვე ურალური ენები საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად ფინურ ენაში ბევრი ხმოვანი და დიფთონგია, კომი ენაში კი — პირიქით. ხანტიურში სამი ბრუნვაა, უნგრულში — 23. ფინურს უარყოფის გამოსახატავად ზმნის სპეციალური ფორმა აქვს, უნგრულს კი — ფორმაუცვლელი ნაწილაკი და ა. შ.

უარლაური ენებიდან ძველი დამწერლობა აქვს უნგრულს (XI საუკუნიდან), ფინურს (XVI საუკუნიდან), ძველ პერმულსა და საამების ენის ზოგიერთ დიალექტს (XVII საუკუნიდან).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]