უკან მომავალში II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უკან მომავალში II“
ჟანრი კომედიური სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი
რეჟისორი რობერტ ზემეკისი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ბობ გეილი
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
ოპერატორი დინ კანდი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი, 1989 (1989-11-22)
ხანგრძლივობა 108 წთ.[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 332 მილიონი აშშ დოლარი[3]

უკან მომავალში II“ (ინგლ. Back to the Future Part II) — რეჟისორ რობერტ ზემეკისის სამეცნიერო ფანტასტიკური კომედიური ტრილოგიის „უკან მომავალში“ რიგით მეორე ფილმი, რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. ფილმი გამოვიდა 1989 წლის 22 ნოემბერს. სცენარის ავტორები არიან რობერტ ზემეკისი და ბობ გეილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი (მარტი მაკფლაი) და კრისტოფერ ლოიდი (შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დოკი ბრუნდება და მარტისა და ჯენიფერს ამცნობს, რომ მათ მიერ შექმნილ მომავალ ოჯახში პრობლემებია. მარტი მაკფლაი უმცროსი ქურდობის გამოა დაჭერილი. მისი და ცდილობს ძმის გადარჩენას, მაგრამ თავადაც პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დოკი უხმობს მარტის და ჯენიფერს, მაგრამ გზად მომავალში ჯენიფერს აძინებს, რათა მან შემთხვევით არ დაარღვიოს დროის კონტინუუმი.

მარტი უმცროსი ჰგავს მამას, ამიტომ უფროსი მარტი მის ტანსაცმელში ცდილობს ქალაქში ინფორმაციის მოძიებას. ქალაქში მოგზაურობისას იგი შემთხვევით ხვდება გრიფს, ბიფ ტენენის შვილს. ხულიგანი გრიფი მას დაედევნება მფრინავი სპორტული დაფით, მაგრამ სკეიტბორდის დიდი მოყვარული და ვირტუოზი მარტი ახერხებს ისეთი პირუეტების შესრულებას, რომ გრიფი და მისი ბანდა ეჯახებიან მერიის შენობას და დაჭერილები არიან.

მაღაზიაში მარტი ხედავს სპორტული მიმოხილვების ჟურნალს, სადაც გასული წლების ყველა სპორტული შეჯიბრის შედეგებია შეტანილი. მაკფლაი გადაწყვეტს, იგი თან წაიღოს და ასეთი გზით, ფსონებში მოგება შეძლოს. დოკი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს დროის კონტინუუმში რღვევას გამოიწვევს, ამიტომ ჟურნალს სანაგვე ყუთში ტოვებს. მას კი ბიფ ტენენი პოულობს.

სანამ ჯენიფერს ეძინა, 2015 წლის პოლიციამ იგი მიიყვანა სახლში (ვინაიდან იგი ძალიან ჰგავს 2015 წლის ჯენიფერს). ამიტომ, დოკი და მარტი მიემართებიან მარტის მომავალი სახლისკენ. ბიფი მათ უთვალთვალებს.

ამ დროს ჯენიფერი გონს მოდის და თავის მომავალ ოჯახს უთვალთვალებს. იგი შეიტყობს, რომ 30 წლის წინ მარტიმ საავტომობილო ავარიის დროს ხელი დაიზიანა - ავარია კი მოხდა დუგლას ნიდლსის ინიციატივით, რომელმაც მარტის ავტოშეჯიბრი შესთავაზა. ამ ტრავმის გამო მარტიმ გიტარაზე დაკვრაც მიატოვა.

ჯენიფერი ხედავს, რომ ნიდლსი მარტის რაღაც ფინანსურ მაქინაციას სთავაზობს, ამის შესახებ შეიტყობს მათი უფროსი და მაკფლაის სამსახურიდან გაგდების განცხადებას უგზავნის. ჯენიფერი იღებს ერთ-ერთი ასეთი განცხადების ასლს და აპირებს სახლიდან გასვლას, მაგრამ კართან საკუთარ თავს შეხვდება და გონებას კარგავს.

ამასობაში ბიფი 1955 წელს გადაინაცვლებს, საკუთარ თავს ჟურნალს გადასცემს და კვლავ უკან ბრუნდება. 1985 წელს დაბრუნებული მარტი, დოკი და ჯენიფერი, აღმოაჩენენ, რომ იქ სრული ქაოსია - ბიფი უდიდესი მილიონერი გახდა ჟურნალის დახმარებით, ლორეინი (მაკფლაის დედა) მისი მეუღლეა და მისივე მითითებით, მკერდის პლასტიკური ოპერაციც გაიკეთა, ასევე ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება დაიწყო.

ასევე აღმოჩნდება, რომ ჯორჯ მაკფლაი მოკლულია და მარტი თავად მიემართება ბიფთან, რომელიც მოუთხრობს მას, თუ როგორ გამდიდრდა.

მარტი და დოკი ბრუნდებიან წარსულში (1955 წელს) და, მრავალი ძალისხმევით, მოიპოვებენ ჟურნალს. მარტი მას ცეცხლში ანადგურებს. ორივე აპირებს უკან დაბრუნებას, მაგრამ 1985 წელს დაბრუნებისას დროის მანქანას ელვა ეცემა და იგი ქრება. მარტისთან იმ წამსვე მოდის ფოსტალიონი, რომელიც მას 1885 წელს გამოგზავნილ წერილს გადასცემს. წერილი დოკისგან არის - მასში წერია, რომ იგი შესანიშნავ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ მანქანა მარტის დაუტოვა ქალაქთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში. ამიტომ მარტი პოულობს 1955 წლის დოკს, რომელიც ამასობაში მეორე მარტის უკვე 1985 წელს აბრუნებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამოშლილი სცენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტერი უამბობს მარტის, რომ კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც საათს ელვა დაეცა, რადგან იმ დღეს ბიფმა მას კარგად გადაუხადა მანქანის ნაკელისგან გაწმენდისათვის
  • სრულ ვერსიაში ნაჩვენებია, რომ მარლინი ბრაზდება, როდესაც მარტი თავის გოგონას სთხოვს, ჩაი გადასცეს. მარტი ამბობს - ’ყველაფერი გავაცდინე’ - აქ საუბარია ამოჭრილ სცენაზე, როდესაც ლორეინისგან ცნობილი ხდება, რომ ძია ჯო ციხეში მოხვდა.
  • მაკფლაები 2015 წლის ჯენიფერს გონებადაკარგულს პოულობენ.
  • ბიფი ნელ-ნელა ქრება, როდესაც 2015 წელს ბრუნდება
  • მარტი ალტერნატიულ 1985 წელს ხედავს ჰილ-ველის დანგრეულ სკოლას.
  • მარტი თავის ძმა დევის ალტერნატიულ 1985 წელს ხვდება.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველ ფილმთან შედარებით, მოხდა ცვლილებები. კრისპინ გლოვერმა, რომელმაც პირველ ნაწილში ჯორჯ მაკფლაის როლი შეასრულა, მოითხოვა მაიკლ ჯეი ფოქსის მსგავსი ჰონორარი. მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, მაგრამ ზემეკისმა ისე დაამონტაჟა ფილმი, რომ გლოვერის იქ არყოფნა შეუმჩნეველი დარჩა. სხვადასხვა ეპიზოდში ამ როლს გლოვერის მსგავსი მსახიობი ასრულებს.
  • მას შემდეგ, რაც გლოვერთან პრობლემები შეიქმნა, ბობ გეილმა ალტერნატიულ 1985 წელს ჯორჯი „მოკლა“.
  • კლაუდია უელსი (ჯენიფერი) 1987 წლის შემდეგ კინოში აღარ დაბრუნებულა.
  • მსახიობ ელაიჯა ვუდისათვის ეს პირველი კინოროლი იყო - 80-იანების კაფეში იგი თავის მეგობართან ერთად ჩნდება.
  • გადაღებების დროს მაიკლ ჯეი ფოქსმა შეასრულა როგორც საკუთარი თავი, ასევე თავისი ორი შვილის (გოგოს) როლიც. გოგოს გრიმის დადება 4-5 საათი მიმდინარეობდა.
  • ფილმის პირველ ვერსიაში მოვლენები 1967 წელს მიმდინარეობდა.
  • ზემეკისმა პარალელურად გადაიღო კომედიური ფილმი ბოცვერ როჯერზე.
  • მეორე სერია გამოვიდა პირველი ფილმის გადაღებიდან მხოლოდ 5 წლის თავზე.
  • როჯერის შესახებ ფილმსა და ამ ფილმის კადრებში გამოიყენება ერთი და იგივე გვირაბი.
  • სასკოლო წვეულებაზე მაიკლ ჯეი ფოქსი ნამდვილად უკრავს გიტარაზე - ეს არც მონტაჟია და არც დუბლიორი. მელოდია დაშლილი იქნა აკორდებად და მსახიობმა ისინი თავად შეისწავლა. სცენას 2 კვირის მანძილზე იღებდნენ.
  • ფილმის მეორე და მესამე ნაწილების გადაღება ერთდროულად მიმდინარეობდა.
  • იმ ხუთი წლის მანძილზე, რაც გავიდა წინა სერიის გადაღებიდან მაიკლ ჯეი ფოქსს დაავიწყდა სკეიტბორდით გადაადგილება.
  • ორ პოლიციელს ჰქვია რიზი და ფოული. ამ სახელებს ზემეკისი და გეილი არქმევდნენ თავის სხვა ფილმების გმირ პოლიციელებსა და სამთავრობო პირებსაც.
  • 2015 წელს ანტიკვარულ მაღაზიაში მოთავსებულია მარტის 1985 წლის ქურთუკი, ბოცვერ როჯერის თოჯინა და ვიდეო თამაში „ყბები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Back to the Future Part II. AFI Catalog of Feature Films. ციტირების თარიღი: July 9, 2017.
  2. Back To The Future Part II (PG). British Board of Film Classification (November 22, 1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2015. ციტირების თარიღი: June 21, 2015.
  3. 3.0 3.1 Back to the Future II (1989). ციტირების თარიღი: December 31, 2016.