უკან მომავალში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უკან მომავალში“
რეჟისორი რობერტ ზემეკისი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი რობერტ ზემეკისი
ბობ გეილი
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
ოპერატორი დინ კანდი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • 3 ივლისი, 1985 (1985-07-03)
ხანგრძლივობა 116 წთ[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 19 მილიონი აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 381.1 მილიონი [3][4][5]

უკან მომავალში“ (ინგლ. Back to the Future) — რეჟისორ რობერტ ზემეკისის კინოტრილოგიის „უკან მომავალში“ პირველი ფილმი. ტრილოგიაში მოთხრობილია მარტი მაკფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. სცენარის ავტორები არიან რობერტ ზემეკისი და ბობ გეილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი (მარტი მაკფლაი) და კრისტოფერ ლოიდი (შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი).

ფილმი გამოვიდა 1985 წლის 3 ივლისს. მისი კინოთეატრებში ჩვენებიდან შემოსულმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 210 მილიონი დოლარი.[6]. 1989 წელს გამოვიდა მისი მეორე ნაწილი, „უკან მომავალში II“, ხოლო 1990 წელს — „უკან მომავალში III“. 2002 წლის 17 დეკემბერს კომპანიამ Universal ფილმი გამოსცა DVD ფორმატში, ციკლის უკან მომავალში — სრული ტრილოგია სახით. 2010 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა Blu-Ray დისკის ფორმატში.[7][8]

ფილმის წარმატების გამო, შეიქმნა მისი ბევრი გაგრძელება. მაგალითად, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში გადიოდა ანიმაციური სერიალი, ხოლო კომპანიამ Harvey Comics გამოუშვა კომიქსების სერია, რომლებშიც არ მეორდებოდა ფილმების ან ანიმაციური სერიალის არც ერთი ისტორია. 2011 წელს კომპანიამ Telltale Games გამოუშვა თამაში, რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკფლაისა და დოკ ბრაუნის შემდგომი თავგადასავლების შესახებ.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მარტი მაკფლაი არის 17 წლის ბიჭუნა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ჰილ ველიში (კალიფორნია). 1985 წლის 25 ოქტომბრის დილით მარტის ურეკავს მისი შეშლილი მეგობარი, პროფესორი ემეტ ბრაუნი, რომელიც სთხოვს ღამის 1:15-ზე შეხვედრას. სკოლის შემდეგ მარტი ხვდება მეგობარ გოგონას ჯენიფერ პარკერს (კლაუდია უელსი). ქუჩაში მათთან მიდის მამაკაცი, რომელიც აგროვებს შემოწირულობებს. იგი უხსნის ახალგაზრდებს, რომ 30 წლის წინ ქალაქის მთავარ საათს ელვამ დაარტყა და გროვდება თანხები მის შესაკეთებლად. შინ დაბრუნებული მარტი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლების მანქანა დამტვრეულია ავტოავარიის შედეგად. ეს მამამისის უფროსის, ბიფ ტენენის გამოა. მოგვიანებით ვახშმის დროს მარტის დედა ლორეინი (ლეა ტომპსონი) იხსენებს, რომ მან ჯორჯი გაიცნო მაშინ, როდესაც მისი მამა ჯორჯს საკუთარი მანქანით დაეჯახა.

ემეტ ბრაუნი და მარტი მაკფლაი

მოგვიანებით მარტი ხვდება დოკს. დოკი (ემეტ ბრაუნი) მას წარუდგენს ავტომანქანას De Lorean DMC-12, რომელიც დროის მანქანად არის გადაკეთებული. მარტი ვიდეოკამერით იღებს ყველაფერს, დოკი კი ჰყვება, თუ როგორ შეიძლება დროში მოგზაურობა. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა 1.21 გიგავატი ენერგია, რომლის მიღებაც პლუტონიუმის მეშვეობით შეიძლება, იგი ამბობს რომ დროში გადაადგილებისთვის საჭიროა საათში 88 მილი სიჩქარის განვითარება (დაახლოებით 141.6 კმ/სთ). მანქანის მოქმედების ახსნისას დოკი აყენებს დროს, 1955 წლის 5 ნოემბერს. სანამ დოკი საუბრობს, იქვე ჩნდებიან ლიბანელი ტერორისტები (რომლებსაც მან პლუტონიუმი მოჰპარა). ისინი ესვრიან დოკს და გარბიან. შეშინებული მარტი ხტება მანქანაში და, რადგანაც ჯერ არ იცის მისი გამოყენება, პირდაპირ 1955 წელს აღმოჩნდება.

ადგილზე მისული მანქანა ფუჭდება, ხოლო მარტი მიდის ქალაქში, იგი ხვდება საკუთარ მამას, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. მას დასცინის და ცუდად ეპყრობა ახალგაზრდა ბიფ ტენენი. მარტი შეუმჩნევლად მიჰყვება ჯორჯს, მაგრამ ქუჩაში მას ეჯახება ლორეინის, მისი დედის მამის მანქანა. მარტი აღმოჩნდება ლორეინის სახლში და ლორეინს იგი შეუყვარდება, ჯორჯის მაგივრად. მარტი მიდის ქალაქში და ხვდება ახალგაზრდა დოკს. იგი არწმუნებს მას, რომ მომავლიდანაა და უყვება დროის მანქანის შესახებ. დოკი გაოცებულია, რადგანაც დროის მანქანის შექმნის პერსპექტივა ჯერ კიდევ შორეულია, თუმცა მას უკვე ჰქონდა რამდენიმე მონახაზი. მარტის თან აქვს ვიდეოფირი, რომელსაც იგი დოკს უჩვენებს. ვიდეოფირის მეშვეობით დოკი დაახლოებით ხვდება, თუ რა არის აუცილებელი მანქანის ასამუშავებლად. ერთადერთი გამოსავალი არის ელვა, რომელიც შემდეგ დღეს, შაბათს დაარტყამს ქალაქის საათს (როგორც მარტი იხსენებს), რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ელექტროხაზებში მაღალი რაოდენობის ელექტროენერგიის გატარება. ამასთან, მარტის ახსოვს, რომ დოკს მოკლავენ და სურს, მოუთხროს მომავალზე, მაგრამ დოკი ამის სასტიკი წინააღმდეგია.

ამავე დროს დოკი აფრთხილებს მარტის, რომ აუცილებელია, მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნონ, თორემ მარტიც აღარ იარსებებს მომავალში. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მარტი მოელაპარაკება ჯორჯს, რომ იგი ლორეინთან ერთად იჯდება მანქანაში და განასახიერებს ლორეინზე ძალადობას, ხოლო ჯორჯი მოვა, გადმოაგდებს მას მანქანიდან და სცემს, რათა ლორეინზე შთაბეჭდილება მოახდინოს. სხვადასხვა გარემოების შედეგად მანქანაში აღმოჩნდება ბიფი, მაგრამ ჯორჯმა ეს არ იცის. მანქანასთან მისული ჯორჯი მოულოდნელად აღმოაჩენს ბიფს, მაგრამ არ დაიბნევა და სცემს მას. მარტი დარწმუნდება, რომ ყველაფერი წესრიგშია და მისი მშობლების შეხვედრაც შედგა, შემდეგ კი გარბის ქალაქის საათისაკენ, ჯდება მანქანაში და, საათზე ელვის დაცემასთან ერთად ქრება.

ელვა ეცემა ქალაქის მთავარ საათს

მარტის გამგზავრებისთანავე დოკი აღმოაჩენს წერილს, რომელშიც წერია მის მოკვლაზე. მაგრამ დოკი არ კითხულობს მას და იმავე წამს ხევს. მარტი ბრუნდება 1985 წელს, დოკის მკვლელობამდე 10 წუთით ადრე, მაგრამ მანქანა ფუჭდება და იგი გარბის მოედნისაკენ, სადაც დოკი იმყოფება. იგი აგვიანებს — დოკი უკვე მოკლულია, მარტი მირბის მასთან, მაგრამ დოკი ამშვიდებს და უჩვენებს ტყვიების საწინააღმდეგო ჯავშანს, რომელიც კოსტიუმის ქვეშ აქვს დამაგრებული. იგი ასევე უჩვენებს მარტის 1955 წელს დახეულ წერილს, რომლის ნაგლეჯებიც მან ერთად შეკრიბა.

დილით მარტი აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალა. მამამისი უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში და თავად აძლევს ბრძანებებს ბიფს, რომელიც უკვე აღარ არის მისი უფროსი. ჯენიფერი ხვდება მარტის, მაგრამ ამ დროს 2015 წლიდან ჩნდება დოკი და უხსნის მათ, რომ მათ შვილებს მომავალში რაღაც პრობლემები აქვთ. მარტი და ჯენიფერი აღმოჩნდებიან დოკის მანქანაში, რომელიც ტექნიკურად უფრო გაძლიერებულია და მანქანა ქრება ცაში.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Back to the Future. AFI Catalog of Feature Films. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2017.
  2. BACK TO THE FUTURE (PG). British Board of Film Classification (July 8, 1985). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 22, 2015. ციტირების თარიღი: June 21, 2015.
  3. 3.0 3.1 Back to the Future (1985). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 6, 2015.
  4. 4.0 4.1 Back to the Future - Box Office Data, DVD and Blu-ray Sales, Movie News, Cast and Crew Information. The Numbers. ციტირების თარიღი: April 14, 2012.
  5. „Top grossing movies for 1985 in the USA.“ დაარქივებული 2007-08-16 საიტზე Wayback Machine. The Internet Movie Database (IMDb). 9 December 2006.
  6. http://www.bigpicturebigsound.com/Back-to-the-Future-25th-Anniversary-Trilogy-Coming-to-Blu-ray.shtml
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-08. ციტირების თარიღი: 2011-06-29.