ტრაპიზონის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრაპიზონის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ტრაპიზონის ციხე — თურქეთი
ტრაპიზონის ციხე
ტრაპიზონის ციხე ვიკისაწყობში

ტრაპიზონის ციხე (ბერძ. Κάστρο της Τραπεζούντας; თურქ. Trabzon Kalesi) — ისტორიული ციხე-ქალაქი და საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთობლიობა. მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტრაპიზონში. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებებით იგი რომის იმპერიის მმართველობის დროს აიგო. ციხე-ქალაქის გალავანი მასიური ქვითაა ნაშენი და ის გორაკ-ბორცვიდან შავი ზღვის სანაპირომდე ვრცელდებოდა. კედელი ქალაქს სამ ნაწილად ჰყოფდა: „ზედა ციხე“ (თურქ. Yukari Hisar), „შუა ციხე“ (თურქ. Orta Hisar) და „ქვედა ციხე“ (თურქ. Aşağı Hisar). ზედა და შუა ციხე ორივე მხრიდან ხეობითაა გარშემორტყმული, აღმოსავლეთით და დასავლეთით მდინარე ზაგანოსი და ტაბახანეა მიედინება. ქვედა ციხე ზაგანოსის დასავლეთ სანაპიროსაც მოიცავს. ქალაქის კედლების უდიდესი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია და ის ქალაქ ტრაპიზონის უძველეს ნაგებობად ითვლება. ამჟამად ციხის გალავნის ნაწილი სამხედრო ზონაშია მოქცეული, ამიტომ მისი მონახულება შეუძლებელია.

გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები

ზედა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. „ზედა ციხე“ ფუნქციონირებდა როგორც ციტადელი და ქალაქის აკროპოლისი. ვარაუდობენ რომ ციტადელი ჯერ კიდევ ძვ.წ. 2000 წელს აიგო. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ქალაქს ძვ.წ მე-5 საუკუნეში ესტუმრა გადმოგვცემს ინფორმაციას აქ არსებული უძველესი კედლების არსებობის შესახებ. სხვა ადრეული წყაროები გადმოგვცემენ ცნობებს აქ მდებარე ძველი ნაგებობების შესახებ: იპოდრომი, კოშკი, აბანო და სასახლე. მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ციტადელი მრავალჯერ გადაკეთდა. ზედა ციხის კედლები უფრო მაღალი და განიერია ვიდრე დანარჩენი ნაწილი. რომის იმპერიის მმართველობას უკავშირდება ქალაქთან არსებული აკვედუკის აგება, რომელიც ზემო ქალაქს სუფთა წყლით ამარაგებდა. ზედა ქალაქში შესვლა ორმაგი კარიბჭით ხერხდებოდა, რომელიც შუა ციხიდან იყო ხელმისაწვდომი. აქვე მდებარეობდა იმპერატორის სასახლე, მოგვიანებით, 1461 წელს ოსმალთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, სასახლის მახლობლად პატარა მეჩეთი აიგო. მე-17 საუკუნეში, ციხის ეს ნაწილი სამოქალაქო ომის დროს დაინგრა, მანამ, სანამ ზედა ციხე ადგილობრივი მმართველის რეზიდენცია გახდებოდა. გადარჩა ტრაპიზონის იმპერიის დროინდელი, ალექსი II-ის (1297–1330) მიერ აშენებული კედლის დასავლეთი ნაწილი. წარწერის მიხედვით, მისი მშენებლობა 1324 წელს დასრულდა. ალაგ-ალაგ შესამჩნევია ნაშთი I-II საუკუნეების პერიოდის რომაული აკროპოლისისა, რომელიც მასიური ქვითაა ნაშენი.

შუა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა ციხის გაშენება ტრაპიზონის იმპერატორის ალექსი II-ის (მმართ. 1297–1330) მმართველობას უკავშირდება. მას არ გააჩნია სტანდარტული ფორმა. შუა ქალაქს გააჩნია ორი კარიბჭე: აღმოსავლეთით მდებარეობს იმარეთის კარიბჭე (თურქ. Imaret Kapı), ხოლო დასავლეთით ზაგანოსის კარიბჭე (თურქ. Zağanos Kapı). აქ არსებული ნაგებობებიდან აღსანიშნავია: ორთა ჰისარის მეჩეთი (ყოფილი ხრისოკეფალოსის ეკლესია), ამასიის მეჩეთი, შირინ ხათუნის მეჩეთი, მუსა ფაშას მეჩეთი, გუბერნატორის სასახლე, ზაგანოსის ხიდი, კულეს და ჩიფთეს აბანო, ეს უკანასკნელი თავდაპირველად გუმბათიანი და სამნავიანი ბაზილიკა იყო.

შუა ციხის ყოფილ ტერიტორიაზე ორი საავტომობილო ხიდი დგას: მე-19 საუკუნეში აშენებული ტაბახანეს და ზაგანოს ხიდი. ეს ხიდი ერთიან, მასობრივ თაღს წარმოადგენს.

ქვედა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ციხე აშენდა XIV საუკუნეში. ქვედა ციხე ზაგანოსი კარიბჭიდან დასავლეთით, შავი ზღვის სანაპირომდე, ადრიანეს მიერ დაარსებულ ნავსადგურამდე ვრცელდება. ციხე-ქალაქის ეს ნაწილიც იმპერატორმა ალექსი II-ემ ააგო. აღმოსავლეთით გააჩნია ორი კარიბჭე: პაზარკაპი და მუჰმანეკაპი. ეს არც ისე საიმედო გალავანი იყო, რადგან მას კოშკები არ ჰქონდა. ისტორიული ნაგებობებიდან აღსანიშნავია: მოლა სიჰის მეჩეთი (ყოფილი წმინდა ანდრიას ეკლესია), ხოჯა ჰალილის მეჩეთი, პაზარკაპის მეჩეთი, კუნდუპოღლუს და იარიმბიოკოღლუს სასახლე, სექიზ დუზენლის აბანო, თოფანეს აბანო, ჰაჯი არიფ ჰამამის აბანო და ისკენდერ ფაშას შადრევანი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]