სუბეკვატორული სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეოგრაფიული სარტყლები

სუბეკვატორული სარტყლებიგეოგრაფიული სარტყლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, ეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებს შორის. დამახასიათებელია ჰაერის მასების სეზონური ცვლა: ზაფხულობით გაბატონებულია ეკვატორული ჰაერი, ზამთრობით კი ტროპიკული (პასატები). ეკვატორული მუსონური ჰავა ვლინდება გვალვიანი და წვიმიანი პერიოდების მორიგეობაში და განაპირობებს ბუნებრივი პროცესების სეზონურ რიტმულობას. საშუალო თვიური ტემპერატურები 15-დან 32°C-მდეა, ნალექები 250-დან 2000 მმ-მდე წელიწადში. ნალექების 90-95% მოდის წვიმიან პერიოდზე. ლანდშაფტური ზონები იცვლება მერიდიანული მიმართულებით: მუდმივად ნოტიო ტყე, სეზონურად ნოტიო ფოთოლმცვივანი ტყე, ნოტიო მაღალბალახოვანი სავანა და სავანური ტყე, ტიპობრივი სავანა, გაუდაბნოებული სავანა და ნათელი ტყე. მთაში სიმაღლებრივი სარტყლურობის ტყემდელოს და ტყესტეპის სპექტრებია, ნიადაგები ლატერიტულია. ცხოველთა სამყაროს ტიპური წარმომადგენლები არიან: მცოხნავი ჩლიქოსნები, მტაცებლები, მღრღნელები, ტერმიტები. ოკეანეში სუბეკვატორული სარტყლები შემოიფარგლება ჩრდილოეთის პასატური დინების საზღვრებით. წყლის საშუალო ტემპერატურა 25°C. სუბეკვატორული სარტყლების ლანდშაფტები ძლიერ გარდაქმნილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობით, განსაკუთრებით სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ფართოდ არის გავრცელებული საპლანტაციო კულტურები, მისდევენ სასაძოვრო მეცხოველეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]