სპარტაკი (1960 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სპარტაკი (მრავალმნიშვნელოვანი).
„სპარტაკი“

ფილმის პოსტერი
ჟანრი პეპლუმი
რეჟისორი სტენლი კუბრიკი
პროდიუსერი ედვარდ ლიუისი
სცენარის ავტორი დალტონ ტრამბო
როლებში კირკ დაგლასი
ლორენს ოლივიე
ჯინ სიმონსი
ჩარლზ ლოტონი
პიტერ უსტინოვი
ჯონ გევინი
ტონი კერტისი
კომპოზიტორი ალექს ნორთი
ოპერატორი რასელ მეტი
სტუდია Universal International
გამოსვლის თარიღი 1960 წლის 6 ოქტომბერი
ხანგრძლივობა 198 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $12 მილიონი
შემოსავალი $60 მილიონი

სპარტაკი (ინგლ. Spartacus) — მხატვრული ფილმი, რეჟისორ სტენლი კუბრიკის პეპლუმი, რომელიც გადაღებულია ჰოვარდ ფასტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით 1960 წელს. კუბრიკის პირველი მაღალბიუჯეტიანი, ფერადი კინო, რომელმაც სახელი გაუთქვა ახალგაზრდა რეჟისორს. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მონა-გლადიატორ სპარტაკის წინამძღოლობით განხორციელებულ აჯანყებაზე, რომელმაც ბრძოლაში გამოიწვია რომის ხელისუფლება კონსულ მარკუს ლიცინიუს კრასუსის სახით. კუბრიკი ამ ფილმს არ თვლიდა თავის საავტორო ნაშრომად, ვინაიდან წარმოების პროცესში იგი შეზღუდული იყო გადაწყვეტილების მიღებისას, რითად დარჩა დაქირავებული სტუდიური რეჟისორის მდგომარეობაში.

მთავარი როლი შეასრულა კირკ დაგლასმა, ლორენს ოლივიეს წილად ხვდა მარკუს ლიცინიუს კრასუსის როლი. ფილმში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ჯინ სიმონსმა, ჩარლზ ლოტონმა, პიტერ უსტინოვმა და სხვა.

12 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით სურათი გახდა კომპანია „Universal“-ის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი 1960 წლისათვის. ფილმის წარმოება რთული გამოდგა, ძირითადად, სცენართან დაკავშირებული სირთულეების, რომელიც მთლიანად გადაიწერა რამდენჯერმე და საცენზურო შესწორებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სურათის მოქმედება ვითარდება ანტიკურ დროში, იგი შეეხო თანამედროვეობის მძაფრ პრობლემებს: რასობრივ დისკრიმინაციას, ერთსქესიან სიყვარულსა და სხვა. ფილმის სცენარისტი გახდა ჰოლივუდის შავი სიის მწერალი დალტონ ტრამბო.

1960-იან წლების დასაწყისის კრიტიკა ფილმს თავშეკავებით შეხვდა, ნეგატიურად აღნიშნა არაბალანსირებული სცენარი და სამსახიობო თამაშის სისუსტე. კუბრიკის 1991 წელს აღდგენილი სახით გამოსულმა ფილმმა ძირითადად, დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმმა მიიღო პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოები, მათ შორის ოსკარის ოთხი პრემია, და ერთი ოქროს გლობუსი. ფილმმა წარმოშვა მრავალრიცხოვანი მიბაძვები, გმირების ფრაზები შევიდა სასაუბრო ინგლისურ ენაში.

2017 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი შეიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ფილმების ეროვნულ რეესტრში კულტურული, ისტორიული ან ესთეტიკური მნიშვნელობის გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]