სისხლის მიმოქცევის სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა

სისხლის მიმოქცევის სისტემა — ცხოველური ორგანიზმების (მათ შორის ადამიანის) სხეულის იმ ნაწილების ერთობლიობა, რომლებითაც ხორციელდება სისხლის მიმოქცევა. ცხოველთა ევოლუციის ადრეულ საფეხურებზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციას ასრულებდა ე. წ. გასტროვასკულარული სისტემა მომნელებელი სისტემის ფუნქციასთან ერთად (ნაწლავღრუიანები); შემდეგ ცირკულაცია ხორციელდებოდა სხეულის პირველადი ღრუს ამომვსებ ქსოვილში (პარენქიმა) არსებული ნაპრალებისა და ღრუების (ლაკუნები და სინუსები) მეშვეობით, რომლებშიც მოძრაობს ქსოვილური სითხე (ბრტყელი ჭიები). ამ ნაპრალებმა თანდათანობით შეიძინეს საკუთარი კედელი და იქცნენ სისხლძარღვებად, რომლებიც უკვე ნამდვილ სისხლის მიმოქცევის სისტემას შეადგენდნენ. ცხოველთა ნაწილს (ჭიების უმრავლესობა, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, კანეკლიანები, უმდაბლესი ქორდიანები და სხვა) სისხლძარღვები ეხსნება უშუალოდ ქსოვილებსა და ორგანოთა შორის. ამის გამო სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლისა და ქსოვილური სითხის ნარევი (ჰემოლიმფა) ცირკულირებს (ღია სისხლის მიმოქცევის სისტემა); მეორე ნაწილს სისხლძარღვები ერთმანეთთან დაკავშირებული აქვთ კაპილარების წნულებით, რის გამოც სისხლი იზოლირებულია ქსოვილური სითხისაგან, აღარსად ერევა მას და მისი კავშირი ქსოვილებთან დიფუზიით ხორციელდება (დახშული სისხლის მიმოქცევის სისტემა). თავდაპირველად სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჰემოლიმფისა და სისხლის ცირკულაცია მიმდინარეობდა პასიურად — სხეულის მოძრაობისას მისი ცალკეული ნაწილების შეკუმშვა-მოდუნებით. შემდეგ იგი გააქტიურდა, თვით სისხლძარღვთა კედელში გაჩნდა კუნთოვანი შრეები და მათმა ცალკეულმა უბნებმა შეიძინა პულსაციის უნარი, თანაც, სისხლძარღვებში განვითარდა სპეციალური სარქველები, რაც უზრუნველყოფდა სისხლისა და ჰემოლიმფის მხოლოდ ერთი მიმართულებით დენას. შემდეგ სისხლის მამოძრავებელი ფუნქცია დაეკისრა მხოლოდ ერთ-ერთ მთავარ სისხლძარღვს, ბოლოს კი მის მხოლოდ ერთ უბანს, რომელიც პროგრესულად განვითარდა და ჩამოყალიბდა გული. გულის წარმოქმნას თან დაერთო სისხლის მამოძრავებელი სისტემის დიფერენცირება არტერიულ სისტემად, რომელსაც შეადგენდნენ არტერიები და ვენურ სისტემად, რომელსაც ვენები ქმნიან. სისხლძარღვების ერთობლიობას, რომლითაც სისხლი გულიდან გადის და იქვე ბრუნდება, სისხლის მიმოქცევის წრეები ეწოდება. ფილტვებით მსუნთქავ ცხოველებს აქვთ 2 წრე — დიდი (მთელი სხეულისათვის) და მცირე (ფილტვებისათვის); დანარჩენებს კი მხოლოდ დიდი წრე გააჩნიათ. დიდი წრით გულში ვენური სისხლი მიდის, მცირე წრით არტერიული; ამიტომაც თუ გული არაა გაყოფილი არტერიულ და ვენურ ნაწილებად (მაგ., აფიბიებში), მასში სისხლი შერეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]