სიმონ კოტელნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ კოტელნიკოვი
დაბ. თარიღი 1723[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 13 (25) აპრილი, 1806
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია და საზღვაო კადეტთა კორპუსი
ალმა-მატერი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური უნივერსიტეტი

სიმონ კოტელნიკოვი (რუს. Семён Кири́ллович Коте́льников; დ. 1723, პეტერბურგი — გ. 25 აპრილი, 1806, პეტერბურგი) — რუსი ფიზიკოსი, თეორიტიკოს-მექანიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის თეორეტიკოს-მექანიკოსი სიმონ კირილეს ძე კოტელნიკოვი დაიბადა 1723 წელს პეტერბურგში პრეობრაჟენსკის ლაიბგვარდიის პოლკის რიგითი ჯარისკაცის ოჯახში. დაწყებითი განათლება მან იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ თეოფან პროკოპოვიჩის სკოლაში მიიღო. 1741 წელს კოტელნიკოვი შევიდა მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ გიმნაზიაში, მომდევნო წელს კი გადავიდა აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, სადაც ისმენდა აკადემიკოსების მ. ლომონოსოვისა და გ. რიხმანის ლექციებს ფიზიკასა და მათემატიკაში. უნივერსიტეტში მათემატიკურ მეცნიერებებში წარმატებისათვის კოტელნიკოვმა რიხმანის ყურადღება დაიმსახურა.

1751 წელს სიმონ კოტელნიკოვი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა სრულყოფილად დაუფლებისათვის უნივერსიტეტიდან გაგზანილ იქნა აკადემიკოს ლ. ეილერთან. ორი წლის შემდეგ, როდესაც ეილერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ სთხოვა რომელიმე პიროვნებისათვის მიეცა რეკომენდაცია მექანიკის კათედრის დასაკავებლად, მან კოტელნიკოვზე შეაჩერა ყურადღება, რაც ასე დაასაბუთა:

ვიკიციტატა
„ყველაზე უმჯობესია ეს ადგილი დაიკავოს ნიჭიერმა რუსმა ..... სვიმონ კირილეს ძე კოტელნიკოვმა თავისი ცოდნითა და მონაცემებით გაცილებით მაღლა დგას სხვა მეცნიერებაზე, რომელთა გამოძახებაც უნდოდა აკდემიას აკადემიკოსთა ვაკანტურ ადგილებზე.“

სიმონ კოტელნიკოვის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1756 წელს კოტელნიკოვი ლომონისოვის მხარდაჭერით აირჩიეს მეცნიერებათა აკადემისათან არსებულ უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის პროფესორად, 1760 წელს კი — აკადემიკოსად.კოტელნიკოვის მოღვაწეობაზე დიდი გავლენა მოახდინა ლომონოსოვის ხელმძღვანელობით სამამულო მეცცნიერებაში, კერძოდ მათემატიკასა და ფიზიკაში, მიღწეულმა წარმატებებმა. კოტელნიკოვის მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას მკვეთრად ამჩნევია ლომონოსოვისა და ეილერის ფუნდამენტური გამოკვლევების გავლენა. ეილერის გამოკვლევებითა და კოტელნიკოვის ინტენსიური პედაგოგიური შემოქმედებით XVIII საუკუნის ბოლოს მექანიკის განვითარება რუსეთში დასავლეთ ევროპის დონეს გაუტოლდა. აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში კოტელნიკოვი კითხულობდა ლექციებს მათემატიკასა და მექანიკაში. 1774 წელს მან გამოსცა პირველი რუსული სახელმძღვანელო მექანიკაში, რომელიც თავისი მეცნიერული დონით როგორც რუსეთში, ისე დასავლეთ ევროპაში იმ დროისათვის არსებულ სახელმძღვანელოებზე მაღლა იდგა.

კოტელნიკოვის „მექანიკა“ შედგება თხუთმეტი თავისაგან. მათში ჩანს კოტელნიკოვის მიერ გ. ლაიბნიცის, ქ. ვოლფისა და სხვათა შრომების ღრმა ცოდნა. ამ წიგნის პირველ თავში გადმოცემულია ძირითადი განსაზღვრებანი და აქსიომები, რომელთაგან ბევრი თითქმის ეილერისებურია. მეხუთე თავში განხილულია პოტენციალის თეორიის ველის კერძო ამოცანები, დანარჩენი ცამეტი თავი ეძღვნება მატერიალური სხეულების წონასწორობის კანონებსა და მარტივი მექანიზმის განხილვას. 1758 წელს გამოქვეყნებულმა კოტელნიკოს შრომამ „სიტყვა ორთქლადქცევის შესახებ“ დიდ გავლენა მოახდინა სითბოს ბუნებისა და თეორიული მეტეოროლოგიის საკითხების განვითარებაზე. კოტელნიკოვმა, ლომონოსოვის სითბოს მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიაზე დაყრდნობით, დაამუშავა ორთქლისა და ჰაერის ნაერთში აირების დიფუზიის ორიგინალური მეთოდი და შესანიშნავად გამოიყენა ამ თეორიის ძირითადი დებულებები სითხის აორთქლების დროს მიმდინარე პროცესების ანალიზისათვის, რომელმაც შემდგომ განვითარებს XIX საუკუნეში მიაღწია. 1763 წელს გამოსცა ახალი შრომა „არითმეტიკა, ანუ პირველი საფუვლები მათემატიკური მეცნიერებისა“ და „ახალგაზრდა გეოდეტი, ანუ პირველი საფუძვლები გეოდეზიისა“ 1765 წელს. კოტელნიკოვი ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი იყო პირველი საზოგადოებრივი ლლექტორი წმინდა და გამოყენებით მათემატიკაში, ჰიდროგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მეცნიერებათა აკადემიის გიმნაზიის დირექტორი. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კოტელნიკოვი დაინტერესდა ლინგვისტიკით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რუსული ენის ლექსიკონის შედგენაში.

სიმონ კოტელნიკოვი გარდაიცვალა 1806 წლის 30 მარტს, პეტერბურგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV თბ., 1980, გვ., 73-75

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NUKAT — 2002.