სვენ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვენ II
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 ოქტომბერი, 1047
მმართ. დასასრული: 28 აპრილი, 1076
წინამორბედი: მაგნუს I
მემკვიდრე: ჰარალდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1019
დაბ. ადგილი: ინგლისი
გარდ. თარიღი: 28 აპრილი, 1076, (56-57 წლის)
გარდ. ადგილი: დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: გიდა შვედი
გუნჰილდა სვეინსდოტერი
ტორა ტორბერგსდატერი
შვილები: ჰარალდ III, დანიის მეფე
კნუდ IV, დანიის მეფე
ოლაფ I, დანიის მეფე
ერიკ I, დანიის მეფე
ნილსი, დანიის მეფე
ინგერიდი, ნორვეგიის დედოფალი
სვენი
სვენდი
სიგრიდი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ულფ ტორგილსსონი
დედა: ესტრიდ სვენსდატერი
რელიგია: კათოლიციზმი

სვენ II ესტრიდსენი (დან. Svend Estridsen; დ. 1019 — გ. 28 აპრილი, 1076) — დანიის პირველი მეფე ესტრიდსენების დინასტიიდან 1047-76 წლებში. დანიის ხუთი მეფის მამა. გარდა ამისა, ეწეოდა აქტიურ სამხედრო კამპანიას ინგლისსა და ნორვეგიასთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვენი დაიბადა 1019 წელს ინგლისში გადასახლებული დანიელი დიდგვაროვნის, ულფ ტორგილსსონისა და ესტრიდ სვენსდატერის ოჯახში. დედამისი ესტრიდი, თვით დანიის, ინგლისისა და ნორვეგიის მეფე სვენ I-ის ასული იყო. მისი ამ კავშირის გამო, რომელიც დანიის სამეფო ოჯახთან ჰქონდა, ადრეულ წლებშივე აპროტესტებდა და მოითხოვდა დანიის ტახტს. იგი აშკარად ებრძოდა ნორვეგიის მეფე მაგნუს I-ს, რომელსაც დანიის ტახტი ჰქონდა მიტაცებული. მოგვიანებით, დანიელი დიდგვაროვნებისა და ჰარალდ ჰარდრადას დახმარებით მეფის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, 1047 წელს კი, მაგნუსის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ იგი ოფიციალურად გახდა დანიის მეფე სვენ II-ის სახელით.

ტახტზე ასვლის შემდეგ იგი ჰარალდ ჰარდრადას ებრძოდა, რომელმაც ნორვეგიის ტახტზე ასვლა შეძლო და ახლა უკვე დანიაზე ჰქონდა პრეტენზია. მათი ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1064 წელს დასრულდა, როდესაც ჰარალდმა დანიის ტახტზე უარი თქვა. მოგვიანებით, სვენმა ეკლესიასთან თანამშრომლობით მოახერხა თავისი ძალაუფლების განმტკიცება. მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა თავად რომის პაპთან. ამასთან, იგი მეტად განათლებული და წიგნების მოყვარე კაცი ყოფილა, რის გამოც, მისი ბრძანებით, 1070 წელს შეადგინეს დანიის სამეფო ოჯახის გენეოლოგიური ხე და მისი ისტორია.

აღსანიშნავია, რომ სვენ II ეხმარებოდა ედგარ ეთელინგს, რომელიც 1066 წელს ინგლისის ტახტიდან ჩამოაგდო ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ I დამპყრობელმა. მან თავისი ჯარები ინგლისშიც კი გააგზავნა, თუმცა უილიამის მიერ იორკის აღების შემდეგ, სვენი უილიამის მხარეს გადავიდა და ედგარს თავშესაფრის მიცემაზეც კი უარი უთხრა, რის გამოც იგი შოტლანდიაში გაიქცა.

სვენ II 1076 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მის ვაჟებს შორის ტახტისათვის ატყდა ბრძოლა. მომდევნო წლებში მისი ხუთი ვაჟი ავიდა ტახტზე, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ და შემდეგ ასე ანაცვლებდნენ. მისი ბოლო ვაჟი, მეფე ნიელსი 1134 წელს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ სვენმა სათავე დაუდო ესტრიდსენთა დინასტიას, რომელიც 1375 წლამდე მართავდა დანიას და ცოტახნით შვედეთსა და ნორვეგიასაც.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვენი თავდაპირველად დაქორწინდა შვედეთის მეფის ასულ გიდაზე, რომლის ნაადრევად დაღუპვის შემდეგაც ცოლად გიდას დედინაცვალი, გუნჰილდა სვეინსდოტერი შეირთო. ამგვარი ახლონათესავური ქორწინების გამო, დიდად უკმაყოფილო დარჩა ბრემენის არქიეპისკოპოსი, რომელმაც აიძულა პაპი ლეო IX მათი ქორწინება ანულირებულად ეცნო. ამის შემდეგ სვენი მესამედ ქორწინდება ჰარალდ ჰარდრადას ქვრივ ტორა ტორბერგსდატერზე. მიუხედავად ამისა, მას კანონიერი შვილი მხოლოდ მეორე ცოლთან ჰყავდა, თუმცა უამრავი სხვადასხვა საყვარლისგან 19 არალეგიტიმური შვილი შეეძინა.

მას გუნჰილდასთან ჰყავდა ერთი ვაჟი:

  1. სვენ სვენდსენი, რომელიც მცირეწლოვანი დაიღუპა;

სხვადასხვა და უცნობი საყვარლებისგან:

  1. კნუდ მაგნუსი, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  2. ჰარალდ III, დანიის მეფე 1076-80 წლებში;
  3. კნუდ IV, დანიის მეფე 1080-86 წლებში, შერაცხულია წმინდანად;
  4. ოლაფ I, დანიის მეფე 1086-95 წლებში;
  5. ერიკ I, დანიის მეფე 1095-1103;
  6. სვენი, მისი შვილიშვილი იყო შვედეთის მეფე მაგნუს II;
  7. ულფი, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  8. ბენედიქტე, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  9. ბიორნი, ნორდამბილგენის ჰერცოგი;
  10. ნიელსი, დანიის მეფე 1103-1134 წლებში;
  11. სიგრიდი, ცოლად გაჰყვა გოდესკალკის პრინცს;
  12. ინგერიდი, ცოლად გაჰყვა ნორვეგიის მეფე ოლაფ III-ს;
  13. სვენი, ცოლად ჰყავდა ბურგუნდიის მეფის ასული ფლორინა. იყო დანიელთა არმიის მხედართმთავარი პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, სადაც ისიც და მისი ცოლიც თურქებმა დახოცეს;
  14. ტორგილსი, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  15. სიგურდი, დაიღუპა ვენდებთან ომში;
  16. გუტორმი, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  17. ომუნდი, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  18. ელენა, მის შესახებ ცნობები არ არსებობს;
  19. რაგნჰილდა, ცოლად გაჰყვა სვენ ასლაკსონს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ars O. Lagerqvist: Sverige och dess regenter under 1000 år. Norrtälje 1976, ISBN 91-0-041538-3.
  • N. Lund: Sven Estridsen. In: Reallexikon der Germanischen Altertumskunde. Band 30. de Gruyter 2005, S. 178–180.
  • T. Nyberg: S. Estridsen. In: Lexikon des Mittelalters, Band 8. München 1997, Spalte 342–343.
  • Johannes C. H. R. Stenstrup: Svend Estridsen. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 17: Svend Tveskjæg–Tøxen. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1903, S. 3–5 (dänisch, runeberg.org).
  • Horst Windmann: Schleswig als Territorium. Wachholtz, Neumünster 1954, Stammtafel der dänischen Königsgeschlechter; Abt. I (1050–1200).