საქართველოს სახალხო ფრონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სახალხო ფრონტი
ხელმძღვანელობა
ლიდერი ნოდარ ნათაძე
ისტორია
დაფუძნდა ივნისი, 1988
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

საქართველოს სახალხო ფრონტი — ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალურად დაფუძნდა 1989 წლის ივნისში. თავმჯდომარედ ირჩიეს ნოდარ ნათაძე. საქმიანობა შთამბეჭდავად დაიწყო. მასში გაერთიანებული იყო 100 ათასამდე წევრი. გააჩნდა პირველადი და რეგიონალური ორგანიზაციები. დაარსებიდან ძალიან მალე საქართველოს სახალხო ფრონტთან შეიქმნა ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი ოფიციალური სამხედრო ერთეულის — საქართველოს ეროვნული გვარდიის ფორმირებაში. სახალხო ფრონტი გამოდიოდა საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფი გადასვლის წინააღმდეგ, რადგან შიშობდა, რომ უცხოური კაპიტალი დაიტაცებდა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს.[1] 1990 წელს სახალხო ფრონტთან ჩამოყალიბდა საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტი" (თავმჯდომარე ჰენრი კუპრაშვილი), რომელიც 1991 წლიდან არის დამოუკიდებლად არსებული ეკოლოგიური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

სახალხო ფრონტს ჰქონდა პრეტენზია გაეერთიანებინა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ეს მისია ვერ შეასრულა. მოგვიანებით მას გამოეყო რადიკალების ჯგუფი, რომლებიც "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" შემადგენლობაში გადავიდნენ. საბოლოოდ, სახალხო ფრონტი რიგით პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია. XX საუკუნე. რედ. ვ.გურული. – თბილისი, გამომც.თსუ, „არტანუჯი“, 2003. გვ.222.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 54, ISBN 978-9941-0-5972-8.