სასწორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სასწორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სასწორი (მრავალმნიშვნელოვანი).
პინებიანი სასწორი

სასწორი — ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს სხეულთა მასას მათზე მოქმედი სიმძიმის ძალის გავლენით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწორი ერთ-ერთი უძველესი ხელსაწყოა. უმარტივეს სასწორს, რომელიც შედგებოდა ტოლმხარა მხრეულისა და მასზე დაკიდებული თეფშებისაგან, ფართოდ იყენებდნენ ძველ ბაბილონსა და ეგვიპტეში. შედარებით გვიან გაჩნდა მოძრავსაწონიანი არატოლმხარა სასწორი. ძვ. წ. IV საუკუნეში არისტოტელემ შექმნა ასეთი სასწორის თეორია (ძალთა მომენტის წესი). XII საუკუნეში არაბმა მეცნიერმა ალ-ხაზინიმ აღწერა თეფშებიანი სასწორი, რომლის ცთომილება 0,1 %-ს არ აღემატებოდა. ასეთ სასწორს იყენებდნენ სხვადასხვა ნივთიერების სიმკვრივის განსასაზღვრავად. 1586 წელს გალილეო გალილეიმ სიმკვრივის განსასაზღვრავად შექმნა სპეციალური ჰიდროსტატული სასწორი, 1747 წელს ლ. ეილერმა განავითარა სასწორის ზოგადი თეორია.

მრეწველობისა და ტრანსპორტის განვითარებას მოჰყვა ისეთი სასწორების შექმნა, რომლებიც დიდ დატვირთვებზე იყო გათვალისწინებული. XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ათწილადი (სასწორის მასის დაყოფა დატვირთვასთან 1:10 — კვინტენცი, 1818) და ასწილადი (უ. ფერბენქსი, 1831) სასწორები. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა უწყვეტი აწონისათვის განკუთვნილი სასწორები (კონვეიერული, სადოზირებელი და სხვა). სამეცნიერო კვლევისათვის შექმნეს ზუსტი სასწორები (ანალიზური, მიკროანალიზური და სხვა).

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიშნულების მიხედვით სასწორი არის სანიმუშო (საწონების შესამოწმებელი), ლაბორატორიული (მათ შორის ანალიზური) და საერთო დანიშნულების. მოქედების პრინციპის მიხედვით — ბერკეტული, ზამბარიანი, ელექტროტენზომეტრული, ჰიდროსტატიკური და ჰიდრავლიკური.

ბერკეტული სასწორის მოქმედების პრინციპი ემყარებაბერკეტის წონასწორობის კანონს. ბერკეტის (სასწორის „მხრეულის“) საყრდენი წერტილი შეიძლება იყოს შუაში (ტოლმხარა სასწორი) ან შუაწერტილიდან გადანაცვლებული (არატოლმხარა და ცალმხარა სასწორები). მრავალი ბერკეტიანი სასწორი წარმოადგენს 1-ლი და მე-2 რიგის ბერკეტების კომბინაციას. ტოლმხარა ბერკეტულ სასწორზე ასაწონი სხეული წონასწორდება საწონებით, ხოლო გადაჭარბება კომპენსირდება მომენტით, რომელიც წარმოიქმნება მხრეულით პირვანდელი მდგომარეობიდან მისი სომძიმის ცენტრის გადანაცვლების გამო.

ზამბარული და ელექტროტენზომეტრული სასწორების მოქმედების პრინციპი ემყარება ჰუკის კანონს.

ზამბარიანი სასწორის მგრძნობიარე ელემენტია სპირალური, ბრტყელი ან ცილინდრული ზამბარა, რომელიც სხეულის წონის გავლენით დეფორმირდება. სასწორის ჩვენებას აითვლიან სკალაზე, რომლის გასწვრივ გადაადგილდება ზამბარასთან შეერთებული ისარი. ზამბარიანი სასწორებით ზომავენ წონას და არა მასას.

გრეხით სასწორში მგრძნობიარე ელემენტად გამოყენებულია დრეკადი ძაფი ან სპირალური ზამბარები. დატვირთვას საზღვრავენ ზამბარის ძაფის დაგრეხვის კუთხით, რომელიც დატვირთვით წარმოქმნილი მგრეხი მომენტის პროპორციულია.

ელექტროტენზომეტრული სასწორის მოქმედების პრინციპი ემყარება იმ დრეკადი ელემენტების დეფორმაციის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული წინაღობის ცვლილებას, რომლებიც ღებულბენ დატვირთვის ძალურ ზემოქმედებას.

ჰიდროსტატიკური სასწორს ძირითადად იყენებენ მყარი სხეულებისა და სითხეების სიმკვრივის გასაზომად. მათი მოქმედების პრინციპი ემყარება არქიმედეს კანონს.

ჰიდრავლიკური სასწორი მოწყობილობით ჰიდრავლიკური წნეხის ანალოგურია. ჩვენებას აითვლიან მასის ერთეულებით გრადუირებული მანომეტრით.

ყველა ტიპის სასწორის მახასიათებლებია: ზღვრული დატვირთვა, სკალის დანაყოფის სახვაობა, ცთომილების დასაშვები ზღვარი, ჩვენების დასაშვები ვარიაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 131-132.
  • Рудо Н. М. Весы. Теория, устройство, регулировка и поверка, М.-Л., 1957

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: