სათავე (ჰიდროლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ-ერთი მდინარის სათავე

სათავე (ჰიდროლოგია) — ადგილი, სადაც წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული) იბადება, ე.ი. ამა თუ იმ ოროგრაფიულ ერთეულში იღებს დასაბამს. მდინარის სათავე შეიძლება იყოს წყარო, მყინვარის ბოლო, ტბა, ჭაობი. ხმელეთის დადაბლებულ ადგილებში (მაგ., ვაკეებზე) მდინარის სათავე შეიძლება იყოს ტბა ან ჭაობი. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს აღმოსავლეთ ევროპის ვაკე. ჭაობებიდან, რომლებიც წყალგამყოფებზე მდებარეობენ, იწყებიან სხვადასხვა მდინარეთა სისტემები.

მთიან მხარეებში მდინარის სათავედ გვევლინება მაღალმთიანი მთის ტბა, ან მყინვარის ბოლო. მდინარეთა სისტემებში, რომლებსაც მრავალრიცხოვანი სათავეები აქვთ, მთავარ სათავეთ ისეთი მიიჩნევა, რომელიც მაქსიმალურად არის დაშორებული შესართავს, ან გამოირჩევა განსაკუთრებულად დიდი წყლიანობით.

ხშირად მოზრდილი მდინარის დასაბამი საკუთრივ დიდი მდინარეების შერწყმის ადგილია.

თვალსაჩინო განსხვავება არსებობს მთისა და ვაკის მდინარეების სათავეების სიმაღლეებს შორის. ასე მაგ., ვაკის მდინარეების სათავე ზღვის დონეზე შედარებით დაბლა მდებარეობს, რაც არ არის ნიშანდობლივი მთის მდინარეების სათავეებისათვის.

ზოგიერთი მდინარის სათავედ კარსტული წყაროები გვევლინება. საქართველოში ცნობილია მაგ., მდინარე ბესლეთი, რომელიც მძლავრი კარსტული წყაროებიდან იბადება. კარსტულ ვოკლუზებში სათავეს იღებს მაგ., მდინარე რეჩხი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955;
  • Чеботарев А. И. Гидрологический словарь. Л. 1978.