როსტომი (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტომი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1590
მმართ. დასასრული: 1604
წინამორბედი: ლევანი
მემკვიდრე: გიორგი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1571
გარდ. თარიღი: 1605
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე ბატონიშვილი
ხელმოწერა:

როსტომი (გ. 1605) — იმერეთის მეფე 1590-1604, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე. გამეფდა ოდიშის მთავრის მამია IV დადიანისა და იმერელ თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით. იმავე წელს გიორგი II გურიელმა როსტომი ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე ბატონიშვილი გაამეფა. როსტომი მანუჩარ I დადიანთან გაიქცა. მალე როსტომმა დადიანის დახმარებით ტახტი დაიბრუნა. იმერეთის საქმეებში ჩაერია ქართლის მეფე სიმონ I, რომელსაც იმერეთის შეერთება ჰქონდა გადაწყვეტილი. ოფშკვითის ბრძოლაში (1590) გამარჯვების შემდეგ როსტომმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ტახტი და სიმონს I-ს მოურიგდა.

ამ ფაქტის გამო სიმონ I ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში, დაატყვევა ბაგრატი, ქუთაისი აიღო, „შეაყენნა გუშაგნი თვისნი“ (ვახუშტი) და ქართლში დაბრუნდა. როსტომი სამეგრელოში გადაიხვეწა, სადაც გარდაცვლილი მამია დადიანის ძმა – მანუჩარი მთავრობდა (1590-1611). მანუჩარმა ილაშქრა იმერეთში და როსტომს ტახტი დაუბრუნა. განრისხებული სიმონი იმავე წელს დიდი ლაშქრით შევიდა იმერეთში, აიღო მრავალი ციხე-ქალაქი: სკანდა, კაცხი, სვერი, ქუთაისი და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ამის შემდეგ ქართლის მეფე კვლავ ოდიშში გაქცეულ როსტომს დაედევნა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტის სხვა რეალური კანდიდატი კი არ ჩანდა, ამიტომ მისი შეპყრობით სიმონი იმერეთის შემოერთების საკითხსაც გადაწყვეტდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა სოფ. ოფშკვითთან დასცეს კარვები. ის თავადები, რომლებიც ადრე დადიანის გაძლიერების შიშით სიმონს ემხრობოდნენ, ახლა სიმონის გამარჯვებისა და მათი უფლებების დასუსტების შიშით ზოგი ბრძოლამდე, ზოგიც ბრძოლისას განუდგა ქართლის მეფეს. მათგან განწირული სიმონი დამარცხდა, იმერეთის სამეფო გვირგვინი კი ისევ როსტომმა დაიდგა (1590). ამიერიდან იგი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს: 1597 წ. დაუმოყვრდა ათაბაგს და მის ასულ თინათინზე იქორწინა. 1601 წელს როსტომმა დვალეთსა და ოსეთზეც ილაშქრა.

ამ ამბების შემდეგ სამეფოში ოდიშის პოლიტიკური უპირატესობა აშკარა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეები ოდიშისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. იმერეთის მეფე ფაქტობრივად აღიარებდა სამთავროების დამოუკიდებლობას, თუმცა იურიდიულად მათ თავის ვასალებად მიიჩნევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973