როდოსის კოლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსიშვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.

ძვ. წ. 305 წელს სარდალი დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს.

მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარ ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს.

კუნძულ როდოსის მდებარეობა საბერძნეთში

როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).[1]

სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.

ჰელეპოლიდა ყოველდღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ.

როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.

ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.

გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ[2].

სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.

როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.

როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.

ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.

ლისი პის ბევრი მოწაფე ცნობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. უპირველეს ყოვლისა მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის.

ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ). ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები.

როდოსის კოლოსი მარტინ ვან ჰიმსკერკის ილუსტრაციით

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები.

მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას.

ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

დანგრევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას.

წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გასართობი ცნობარი — ზ. ბაგათელია. გვ. 111—116

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.
  2. ტალანტო — ბერძნელთა წონის ერთეული, იხმარებოდა აგრეთვე ფულის ერთეულად. ყველაზე უფრო გავრცელებული ევბეის ტალანტი იწონიდა დაახლოებით 26 კილოგრამს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: