რედუტ-კალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რედუტ-კალე — ნავსადგური დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე XIX საუკუნის I ნახევარში. მდებარეობდა მდინარე ხობისწყლის შესართავში, ახლანდელი სოფელ ყულევის ადგილზე. 1804 წელს, როდესაც ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა და რედუტი მოეწყო. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა; აქედან საქონელი უკვე შუა აღმოსავლეთშიც გადიოდა. შემდგომში სატრანზიტო სავაჭრო ტარიფის ცვლილება თავისთავად გავლენას ახდენდა რედუტ-კალის მნიშვნელობაზე. 1846 წელს მან სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე თურქეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა მისი ციხესიმაგრე ააფეთქეს და ქალაქიდან გავიდნენ. რედუტ-კალე თურქებმა დაიკავეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს თურქებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ რედუტ-კალის მნიშვნელობა დაეცა და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაწინაურდნენ სანავსადგურო ქალაქები ფოთი და სოხუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • პაჭკორია მ., რედუტ-კალე ყულევი, თბ., 1968;