რადიაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რადიაცია — გამოსხივება, რომელიც მომდინარეობს კოსმოსური და მიწიერი წარმოშობის ბუნებრივი წყაროებიდან და აგრეთვე ხელოვნური რადიონუკლიდებისგან, რომლებიც გაფანტულია ბუნებაში ადამიანის საქმიანობის შედეგად.

რადიაციულ ფონს ქმნის:

  1. ბუნებრივი რადიაციული ფონი
  2. ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი
  3. ხელოვნური რადიაციული ფონი

ბუნებრივი რადიაციული ფონი შედგება გარეგანი და შინაგანი დამსხივებელი წყაროებისგან.

გარეგანი დასხივების კომპონენტებია:

  1. კოსმოსური გამოსხივება
  2. ნიადაგის გამოსხივება
  3. ატმოსფეროს გამოსხივება

შინაგანი დასხივების კომპონენტები არის ადამიანის ორგანიზმში შემავალი რადიონუკლიდები. ესენია:

  1. U-ის და Th-ის ოჯახების ელემენტები
  2. რადიონუკლიდები, რომელთაც ოჯახები არ აქვთ — K, Rb
  3. ბუნების მიერ „ხელოვნურად“ შექმნილი რადიონუკლიდები — C, H

ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი:

  1. წიაღისეულის ამოღება
  2. სხვადასხვაგვარი საწვავის წვა
  3. სასუქის გამოყენება
  4. შენობების მშენებლობა
  5. ფრენა დიდ სიმაღლეზე
  6. საყოფაცხოვრებო დასხივება (მანათობელი საათები, ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ა. შ.)

ხელოვნური რადიაციული ფონი:

  1. ატომური იარაღის აფეთქება
  2. სახალხო მეურნეობაში ხელოვნური რადიონუკლიდების გამოყენება
  3. ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაცია
  4. ატომური ენერგიის გამოყენება სხვადასხვა სფეროში
  5. ავარიები ბირთვულ-ენერგეტიკულ დანადგარებზე

XIX ს. დასასრულსა და XX ს. შუა წლებში აღინიშნება გამოსხივების სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენები.

1895 წ. გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა X სხივები, რომელიც გამოიყენება მედიცინაში რენტგენოდიაგნოსტიკასა და სხივურ თერაპიაში. 1896 წ. ფრანგმა მეცნიერმა ანრი ბეკერელმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტივობა. 1934 წ. ცოლ-ქმარმა ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურიმ აღმოაჩინეს ხელოვნური რადიოაქტივობა. რადიაციული ჰიგიენა, როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბდა XX საუკუნეში. მის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებულია რადიობიოლოგიის ფუძემდებელი ივანე თარხნიშვილი. 1904 წ. მის მიერ პირველად რუსეთში, ცარსკოე სელოში, შესწავლილ იქნა ჰაერის რადიოაქტივობა.

რადიოაქტიური გამოსხივება მაიონებელი გამოსხივებაა, წარმოიქმნება რადიოაქტიური ნივთიერებებისგან, რომელიც ატომის დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ ატომების რაოდენობას რადიოაქტიური აქტივობა ეწოდება. მისი ერთეულია კიური — Ci. ბუნებრივი რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ, გაირკვა, რომ რადიუმის ბირთვში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად გამოტყორცნილი გამოსხივება არაერთგვაროვანია და შედგება — α, β და γ სხივებისგან. α ნაწილაკი ორმაგი დადებითი მუხტის მქონე ჰელიუმის ბირთვია, ნივთიერებაში შეღწევის უნარი არ აქვს. β სხივები ელექტრონების ნაკადია. მისი მოძრაობა ნივთიერებაში ტეხილია. ქსოვილებში ოდნავ მეტი შეღწევადობით ხასიათდება (რამდენიმე მილიმეტრი). γ სხივები ელექტრომაგნიტური სხივებია. ხასიათდება ნივთიერებაში მაღალი შეღწევის უნარით. მისი სრული შეკავება ხდება 15სმ-იანი ტყვიის ეკრანით. რენტგენის სხივები, რომელიც ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოადგენს, მაგრამ γ-სგან განსხვავებით წარმოიქმნება ელექტრონების დამუხრუჭების შედეგად. მისი შეღწევადობა ნივთიერებაში საკმაოდ მაღალია. არის ასევე ნეიტრონული გამოსხივება, რომელიც ნეიტრონების ნაკადს წარმოადგენს, მას დიდი ბიოლოგიური მოქმედება აქვს, რადგან ელექტრნეიტრალობის გამო ხასიათდება ქსოვილებში განუსაზღვრელი გამავლობის უნარით. მათგან დასაცავად გამოიყენება წყალბადშემცველი ნივთიერებები — წყალი, პარაფინი, გრაფიტი.