რაგნაროკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღმერთების ბრძოლა

რაგნაროკი (გერმ. Ragnarök) — ღმერთების უკანასკნელი ბრძოლა გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში, დღე როდესაც ყველა ღმერთი დაიღუპება.

მითოლოგიური წყაროების მიხედვით, რაგნაროკი მკვდარმა ნათელმხლიველმა, ვოლვამ იწინასწარმეტყველა, რომელიც სპეციალურად ამისთვის დროებით ოდინმა გამოიძახა საფლავიდან.

რაგნაროკის წინაპირობა ოდინის ვაჟის, ბალდერის სიკვდილი, შემდეგ ნათესავთა სისხლის აღრევა და მორალური ქაოსი გახდა.

წინასწარმეტყველების თანახმად, რაგნაროკის დღეს გიგანტური მგელი, ფენრირი თავისი ჯაჭვებისგან განთავისუფლდება და მზეს შთანთქავს, ამის შემდეგ სამყაროში წყვდიადი დაისადგურებს. მსოფლიო გველი, იორმუნგანდი წყლის სიღრმეებიდან ამოვა, ზღვა ნაპირებიდან გადმოვა და მთელი სამყარო დაიტბორება. მათ შეუერთდება მათი მამა, ცეცხლის ღმერთი, ლოკი, იოტუნებთან ერთად და ცეცხლოვანი გიგანტი, სურტი.

მათ წინააღმდეგ გამოვა ასები, ოდინის მეთაურობით და ყველა ის დაღუპული მეომარი, რომლებიც ვალჰალაში ცხოვრობენ. მათ ხმამაღალი საყვირით ღმერთების მეურვე, ჰეიმდალი მოუწოდებს. ბრძოლამდე ოდინი ბრძენ მიმირს მიაშურებს, რათა რჩევა მიიღოს. შემდეგ გამოვა ვალჰალას ჭიშკრიდან, რათა საბოლოოდ შეებრძოლოს მგელს. ბრძოლა ვიგრიდრის ველზე გაიმართება. ფენრირი მოკლავს ოდინს, მამის სიკვდილის გამო კი ვიდარი შურს იძიებს და მოკლავს მგელს. თორი იორმუნგანდს შეებრძოლება, დაამარცხებს მას, თუმცა გველის ნაკბენისგან ისიც დაიღუპება. ჰეიმდალი — ლოკის, სურტი კი ფრეირს მოკლავს. საბოლოოდ, ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს. ცეცხლოვანი გიგანტი, სურტი მთელ ძალას მოიკრებს და თავისი ცეცხლოვანი ხმლით ცეცხლს წაუკიდებს დედამიწას, დაიღუპება ღმერთები და სიბნელისა და სინათლის ბრძოლა დასრულდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Скандинавская мифология: Энциклопедия. — М.: Эксмо, 2004. — С. 130—137. — ISBN 5-699-05245-3.