ჟერმენ დე სტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერმენ დე სტალი
სრული სახელი ან ლუიზ ჟერმენ დე სტალ-ჰოლშტაინი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1766
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 1817
გარდაცვალების ადგილი პარიზი
დასაფლავებულია Coppet Castle[1] [2]
ფსევდონიმი მადამ დე სტალი
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
ენა ფრანგული
მოქალაქეობა ჟენევის რესპუბლიკა
 საფრანგეთის სამეფო[3]
Magnum opus On Germany და Corinne ou l'Italie
მეუღლე Erik Magnus Staël von Holstein და Albert Jean Michel de Rocca
პარტნიორ(ებ)ი Benjamin Constant, შარლ მორის დე ტალეირანი და Louis, comte de Narbonne-Lara
შვილ(ებ)ი Albertine, baroness Staël von Holstein, Auguste-Louis de Staël-Holstein და Louis Alphonse de Rocca
ნათესავ(ებ)ი Louis Necker და Jacques Necker de Saussure[4]
ხელმოწერა

ან ლუიზ ჟერმენ დე სტალ-ჰოლშტაინი, მადამ დე სტალი, (ფრანგ. Anne Louise Germaine de Staël-Holstein; ქალიშვილობაში — ნეკერი, Necker; დ. 22 აპრილი, 1766, პარიზი, — გ. 14 ივლისი, 1817, იქვე) — შვეიცარიელი ფრანგი მწერალი ქალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების ეპოქაში. დაიბადა რევოლუციამდელი საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწისა და მწერლის, ჟაკ ნეკერის ოჯახში. აქტიურად იყო ჩართული 1790-იანი წლების ფრანგულ პოლიტიკაში. შემდგომში იყო ნაპოლეონ I-ის ოპოზიციაში, რის გამოც იდევნებოდა. ჟენევის ტბის სანაპიროზე, საკუთარ მამულში ჰქონდა სალონი, სადაც ნაპოლეონის მოწინააღმდეგე ლიბერალური მოღვაწეები, მათ შორის, ბენჟამინ კონსტანტი, იკრიბებოდნენ. მადამ დე სტალის რომანებმა და მოგზაურობის ჩანაწერებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპული რომანტიზმის განვითარებაზე. მისი თხზულება საფრანგეთის რევოლუციის შესახებ ეპოქის ერთ-ერთი პირველი ისტორიული შეფასებაა, სადაც ავტორი იცავს 1789 წლის მოვლენების პრინციპებს და შეზღუდული კონსტიტუციური მონარქიის იდეას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ დე სტალი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მწერალი და მოაზროვნე იყო. ის დაიბადა 1766 წელს პარიზში, ჟენეველი პროტესტანტების ოჯახში. მამამისი, ჟაკ ნეკერი იყო საფრანგეთის სამეფოს ფინანსთა კონტროლიორი და მწერალი, დედა, სიუზენ კურშო კი — პარიზის ცნობილი სალონის მეპატრონე. ჟერმენ ნეკერი ახალგაზრდობაშივე ეზიარა რევოლუციამდელი საფრანგეთის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ გარემოს. 1786 წელს იგი ცოლად გაჰყვა შვედ დიპლომატ ერიკ სტალ ფონ ჰოლშტაინს. ცოლ-ქმარს ახლო ურთიერთობა არ ჰქონია და ჟერმენი მალევე ახალი სასიყვარულო თავგადასავლების მონაწილე გახდა.[5]

საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისშივე მადამ დე სტალის პარიზული სალონი პოლიტიკური შეხვედრების და განხილვების ადგილი გახდა. თავად დე სტალი ზომიერი ლიბერალური პოლიტიკური კურსის მომხრე იყო და მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის იდეას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ამავდროულად, ცდილობდა ხელი შეეწყო თავისი საყვარლის, ლუი და ნარბონის პოლიტიკური კარიერისთვის. ნარბონს ხანმოკლე ვადით ეჭირა საფრანგეთის სამხედრო მინისტრის პოსტი 1791-1792 წლებში. რევოლუციური პროცესის რადიკალიზაციასთან ერთად მადამ დე სტალის ზომიერი პოზიცია და ერთგულება მონარქიის მიმართ მისთვის საფრთხედ იქცა. 1792 წლის სექტემბერში მან პარიზი დატოვა და მომდევნო ოთხი წელი ძირითადად კოპეტის მშობლებისეულ მამულში, ჟენევის ტბის მახლობლად გაატარა. აქაც განაგრძობდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას და პოლიტიკურ დებატებს, მწვავედ აკრიტიკებდა რევოლუციურ ტერორს საფრანგეთში. ამავე პერიოდში მისი ურთიერთობა ნარბონთან დასრულდა და დე სტალმა სასიყვარულო რომანი პოლიტიკურ აქტივისტთან და მწერალთან, ბენჟამინ კონსტანტთან გააბა. მათი მღელვარე ურთიერთობა ათწლეულზე დიდხანს გაგრძელდა.[5]

ნაპოლეონის ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ დე სტალის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ნაპოლეონ ბონაპარტის კონსულობისა და იმპერიის წლებს დაემთხვა. XIX საუკუნის გარიჟრაჟი მწერალი ქალისთვის ასევე დიდი ლიტერატურული წარმატების მომტანი აღმოჩნდა. დე სტალის რომანები, „დელფინი“ (1802) და „კორინი ანუ იტალია“ (1807) მოგვითხრობს თავისუფლებისმოყვარე ქალი პერსონაჟების შესახებ, რომელთაც წილად ტანჯვა და განსაცდელი ხვდათ. მიუხედავად იმისა, რომ თავის თხზულებებში დე სტალი პირდაპირ არ ესხმოდა თავს საფრანგეთის მთავრობას, ნაპოლეონის რეჟიმი მას არასასურველად მიიჩნევდა ავტორიტარიანიზმის მხილების და მის თანამედროვე საზოგადოებაში თანასწორობის პრობლემების, მათ შორის, ქორწინებისა და განქორწინების საკითხების კრიტიკის გამო. 1803 წელს მთავრობამ აიძულა მადამ დე სტალი პარიზი დაეტოვებინა. შემდგომი ათწლეული მწერალმა იძულებით ემიგრაციაში და მოგზაურობაში გაატარა. სხვათა შორის ეწვია გერმანიას, იტალიასა და რუსეთს; ევროპის სამეფო და არისტოკრატულ წრეებში ის სამწერლობო ნიჭისა და ნაპოლეონის ოპოზიციაში ყოფნის გამო სასურველ სტუმრად ითვლებოდა. ამ პერიოდის საკუთარი შთაბეჭდილებები დე სტალმა გადმოსცა რომანში „გერმანიის შესახებ“ (1813) და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ „გადასახლების ათ წელში“ (1820).[5]

ეს წლები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მადამ დე სტალის პირადი ცხოვრებისთვისაც: 1802 წელს გარდაიცვალა მისი ქმარი, 1804 წელს კი — მამა, რამაც მწერალს დიდი ტკივილი მიაყენა. 1816 წელს ჟერმენმა 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ საიდუმლოდ იქორწინა შვეიცარიელ ოფიცერ ჟან როკაზე, რამაც საბოლოოდ დაასრულა მისი ურთიერთობა ბენჟამინ კონსტანტთან. ნაპოლეონის იმპერიის დამხობის შემდეგ, 1814 წელს დე სტალი პარიზში დაბრუნდა. სამი წლის შემდეგ, 1817 წლის თებერვალში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ეპიზოდმა მისი ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. იმავე წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, ჟერმენ დე სტალი გარდაიცვალა.[5]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ დე სტალის იდეებმა ძირეული გავლენა მოახდინა XIX საუკუნის ლიტერატურასა და პოლიტიკურ ცნობიერებაზე. მისმა ამბიციურმა, ფართო თვალსაწიერის მქონე თხულებებმა, სადაც ხაზგასმული იყო პერსონაჟების ემოციური განცდები, ინდივიდუალურობა და გამოხატული იყო წინააღმდეგობა პოლიტიკური ძალმომრეობის მიმართ, დასაბამი მისცა რომანტიზმს ფრანგულ ლიტერატურაში. დე სტალის არაერთმა ნაშრომმა საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, სამოქალაქო უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლების მისეულმა ხედვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფრანგული ლიბერალიზმის განვითარებაზე.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.
  2. https://www.tombes-sepultures.com/crbst_1446.html
  3. LIBRIS — 2012.
  4. https://hls-dhs-dss.ch/de/articles/031229/2007-09-04/
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Escarpit, Robert. "Germaine De Stael (French-Swiss Author)." Encyclopedia Britannica Online. ნანახია 10 თებერვალი, 2020.
  6. Sluga, Glenda (2014). „Madame de Staël and the Transformation of European Politics, 1812–17“. The International History Review: 142–166. doi:10.1080/07075332.2013.852607.