პოლაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლაბები განსახლების არეალი

პოლაბები, პოლაბელი სლავები — დასავლელ სლავთა ტომების დიდი ჯგუფი, ახ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და II ათასწლეულის დასაწყისში ცხოვრობდნენ მდინარე ლაბიდან და მის შენაკად სალიდან (დასავლეთით) მდინარე ოდრამდე (აღმოსავლეთით), მადნეულის მთებიდან (სამხრეთით) ბალტიის ზღვამდე (ჩრდილოეთით) გადაჭიმულ ტერიტორიაზე.

ცნობილია პოლაბების სამი ტომობრივი ჯგუფი: ლუჟიცელი სერბები, ლუტიჩები (ველეტები), ბოდრიჩები (ობოდრიტები). X საუკუნეში პოლაბები გერმანელმა ფეოდალებმა დაიმორჩილეს. დაპყრობილ მიწა-წყალზე შექმნეს სამხედრო ოლქები (მარკები). მათ შორის კათოლიკე მისიონრებმა გაავრცელეს ქრისტიანობა. 983 და 1002 წლების დიდ აჯანყებათა შედეგად პოლაბების მეტი ნაწილი (გარდა ლუჟიცელი სერბებისა) გათავისუფლდა გერმანელთა ბატონობისაგან. XII საუკუნეში პოლაბების ბრძოლას გერმანული აგრესიის წინააღმდეგ სათავეში ედგა ბოდრიჩების მთავარი ნიკლოტი (გერმანული აგრესიის ორგანიზატორები იყვნენ ჰაინრიხ ლომი და ალბრეხტ დათვი). 1147 წელს ჯვაროსნული ლაშქრობა სლავთა წინააღმდეგ უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ 50-60-იან წლებში გერმანელმა ფეოდალებმა ისარგებლეს პოლაბების დაქსაქსულობით და დაიპყრეს მათი უკანასკნელი თავისუფალი ტერიტორია. ლუტიჩების მიწა-წყალზე შეიქმნა ბრანდენბურგის სამარკგრაფო, ბოდრიჩებისაზე – მეკლენბურგის სამთავრო. შემდეგში პოლაბების უმეტესი ნაწილი გაგერმანელდა, ნაწილი განადგურდა. კულტურული და ეთნიკური თვითმყოფადობა მხოლოდ ლუჟიცელებმა შეინარჩუნეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]