პიქტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიქტების სახელმწიფოებრივი გაერთიანებების ფორტრიისა და ალბის სავარაუდო ტერიტორიები დაახლოებით 800-900 წლებში

პიქტები (სავარაუდოდ ლათ. Picti — „შეღებილები“, როგორც ჩანს თვითწოდებიდან) — შოტლანდიის უძველესი მოსახლეობა. ერთ-ერთი ვერსიით პიქტები კელტებისგან უნდა მომდინარეობდნენ, ისინი კელტებს ძალიან ადრე გამოყოფიან, დაახლოებით ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულში. ბრიტანელი მკვლევრები უფრო მეტად პიქტების იბერთაგან წარმოშობის ვერსიას იზიარებენ.

პიქტებს ენათესავებოდნენ კრუითნები (Cruthin, Cruithnig, Cruithni), რომლებიც ირლანდიის ტერიტორიაზე სახლობდნენ.

პიქტები შოტლანდიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ფერტ-ოფ-ფორტის უბის ჩრდილოეთით. პიქტები ხშირად აწყობდნენ ბრიტანეთის სამხრეთზე თავდასხმებს. IV საუკუნის 60-იან წლებში ლონდონამდეც მიაღწიეს. თავდაპირველად პიქტები ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდნენ, VI საუკუნისთვის კი უკვე რამდენიმე სახელმწიფოსმაგვარი გაერთიანება ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგომ პიქტების სამეფოდ იქცა. VI საუკუნეში პიქტები გაქრისტიანდნენ. ახალ რჯულზე ისინი ირლანდიელმა მისიონერმა კოლუმბმა მოაქცია. პიქტების სახელმწიფოს აყვავების ხანა VIII საუკუნეში დაუდგა, რის შემდეგაც პიქტებმა მოახერხეს ანგლების ჩრდილოეთით გადანაცვლება შეეფერხებინათ (ბრძოლა ნექტანსმერთან 685 წ.), მოგვიანებით კი დასავლეთიდან შოტლანდიელთა ურდოების შეტევები მოიგერიეს.

პიქტების სახელმწიფო მოწყობის თავისებურებას წარმოადგენდა ტახტის გადაცემა არა მამიდან შვილზე, არამედ დედიდან შვილზე. შედეგად, სხვადასხვა დროს პიქტების მეფეები იყვნენ გელური დალ-რიადას დინასტიის, ბრიტთა სტრატკლაიდისა და ანგლთა ნორთუმბრიის წარმომადგენელი პრინცესების ვაჟები. 843 წელს პიქტების მეფედ კენეთ I აკურთხეს. მან პიქტების და სკოტების სახელმწიფოები შოტლანდიის სამეფოდ გააერთიანა. თანდათანობით სკოტების გელურმა ენამ პიქტების ენაკავი განდევნა (რომლის გენეტიკურ წარმომავლობაზეც დღემდე მიდის კამათი), მოკლე ხანში კი, უკვე ასიმილირებულმა პიქტებმა, როგორც განყენებულმა ერმა, არსებობა შეწყვიტეს.

ვალიურ ლიტერატურაში პიქტები იწოდებიან როგორც „Pryden“, ბრიტანეთის კუნძული კი როგორც — „Prydain“. ამგვარად, დასახელება „ბრიტანეთი“, „ბრიტები“ თავდაპირველად შეიძლება პიქტებს აღნიშნავდა, მოგვიანებით კი მთელი კუნძულის და იქ მყოფი მოსახლეობის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: