პარხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარხალი (მრავალმნიშვნელოვანი).
პარხალი
პარხალი — თურქეთი
პარხალი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°58′13″ ჩ. გ. 41°23′01″ ა. გ. / 40.97028° ჩ. გ. 41.38361° ა. გ. / 40.97028; 41.38361
რელიგიური კუთვნილება ისლამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ართვინი
მუნიციპალიტეტი იუსუფელი
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გვიანდელი ქართული ბაზილიკა
თარიღდება 973

პარხალი — ქართული მონასტერი თურქეთში. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S 4927) და პარხლის მრავალთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A—95) გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით — მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ (XVI ს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე ვ., მენაბდე ლ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703.
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, თბილისი, 2005 წ., გვ. 104-105
  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბილისი, 1960;
  • Беридзе В.В., Архитектура Тао-Кларджери, Тб., 1981;