ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თბილისში, მდებარე ნარიყალას ციხეში.

თბილისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნარიყალაზე თავდაპირველად აშენდა XIII საუკუნეში, წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის დროს. პლატონ იოსელიანიც თვლის, რომ მეტეხის ეკლესიის პარალელურად აშენდა ნარიყალას ნიკოლოზის კარის ეკლესია. ციხის ეკლესია დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ 1735 წლის გეგმაზე „მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლოზისა...“. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ნარიყალამ ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა და 1818 წელს გენერალმა ერმოლოვმა ტაძარი დენთის საწყობად აქცია. დენთის საწყობის მძლავრმა აფეთქებამ ეკლესია თითქმის საძირკვლამდე დაანგრია.

1966 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა თლილი ქვით შემოსილი და უხვად მოჩუქურთმებული ტაძრის ნაშთი. გაირკვა, რომ ეს ყოფილა „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესია საკურთხევლის მხრებსა და ორ მრგვალ ბურჯზე დამყარებული გუმბათით. შიგნით, აგურის ერთ სვეტზე შელესილობის ნაშთი და მოხატულობის კვალი აღმოჩნდა. ტაძარს ემჩნეოდა ძლიერი ცეცხლისა და აფეთქების კვალი.

ნარიყალას ციხის მთავარ შესავლელთან შემოინახა დიდი თლილი ქვებით ნაგები VI საუკუნის კედლის ფრაგმენტი. აღმოსავლეთ კედელში ჩართულია XVII საუკუნის მრგვალი კოშკი აგურის წყობაში გამოყვანილი რომბებით.

1996 წლის აპრილში თბილისის დედაციხეზე დაიწყო ძველ საძირკველზე წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძრის მშენებლობა. ახალ ნაგებობაში XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთებია ჩართული. დედაციხის ტაძარს გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს, ნაშენია ქართული აგურით და დაკუთხული ქვებით. შენობა გარედან ღია ფერის ქვათლილებითაა შემოსილი და ჩუქურთმებითაა შემკული. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ტაძრის ახლოს დარჩენილია მეფის სასახლის პირველი სართული, რომლის აღდგენაა განსაზღვრული. რესტავრირებულია გალავანი, საიდუმლო გვირაბები, ციხე-კოშკები. 1990-1997 წლებში ძეგლზე განახლების პროექტსა და რეალიზაციაზე მუშაობდა ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.

წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძარი იკურთხა 1997 წლის ბზობის დღესასწაულზე, საზეიმო წირვა ჩაატარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 166-173