ნარდევანის ციკლოპური ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარდევანის ციკლოპური ციხეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარდევანში. ციკლოპური სიმაგრე მდებარეობს სოფელ ნარდევანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, პატარა მდინარე ჟამინძორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1610 მ სიმაღლეზე.

ციხე-სიმაგრე ნაგებია დიდი ზომის ლოდებით მშრალი წყობით. იგი გეგმაში მართკუთხაა, შიდა ზომებია 18 X 15 მ. კედლების სიგანე 3-4 მ-ია, ხოლო სიმაღლე 4,5 – 5 მ. ჩრდლოეთითა და აღმოსავლეთით შემორჩენილია კედლის ბურჯები. ძეგლი წარმოადგენს ციკლოპური წყობით ნაგებ კვადრატული ფორმის ციხე-სიმაგრეს, რომლის ძირითადი ნაწილის შიდა ზომები აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 18 მ-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე — 21,5 მ. დამცავი კედლების სისქე 3,5-4 მ-ია. სიმაგრის კუთხეები და კედლები შუა ნაწილში შესქელებულია და კოშკის ხასიათს ატარებს. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამართული ბურჯის ქვედა ნაწილში ნიშისებური შესასვლელი შეინიშნება, რომელიც ამოვსებულია ქვებით ამიტომ მისი ხასიათის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სიმაგრეს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ასეთივე წყობით შემოზღუდული გარეთა ეზოები თუ გამაგრებული სივრცეები აკრავს. დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია შესასვლელი. აქვე, ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, გამართულია კარი. დასავლეთის მხრიდან სიმაგრე დაცულია ფრიალო კლდით, რომლის ცალკეული მონაკვეთები, მიუვალობის გასაძლიერებლად ბაზალტის ქვების მშრალი წყობით არის ამოყვანილი. სიმაგრე მდინარისპირა ტერასის დასაწყისშია აგებული, მის აღმოსავლეთით და სამხრეთით საკმაოდ დიდ ფართობზე ნასოფლარის ნაშთები დასტურდება.

ნარდევანის ციკლოპურ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5651

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]