მშვიდობის მტრედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაბლო პიკასო ”მშვიდობის მტრედი”

მშვიდობის მტრედი — გამოსახულება, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც უკავშირდება მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესს.

მშვიდობის მომხრეთა პირველი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 1949 წელს პარიზში და პრაღაში. ამ კონგრესის ემბლემა შექმნილია პაბლო პიკასოს მიერ. ემბლემაზე გამოსახულია თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ზეთის ხილის ხის ტოტი.

არსებობს თეთრი მტრედების აფრენის ტრადიცია - ქორწილებში, დაბადების დღეების აღნიშვნისას და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე.

სიმბოლოს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ წინათ მტრედს მიიჩნევდნენ ბარაქის და შესაბამისად მშვიდობის სიმბოლოდ. ძველად ხალხი ფიქრობდა, რომ მტრედს არ აქვს ნაღვლის ბუშტი, ნაღველი კი ითვლებოდა ცუდი და ბოროტი განწყობა-ხასიათის მიზეზად.

მტრედებს, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ოდითგანვე თვლიდნენ წმინდა ფრინველებად და ღმერთების მაცნეებად.

მტრედები. რომანული ხატწერა კესონის ჭერზე, ცილისში, 1160
ევანგელისტი იოანე. მოზაიკა სან კლემენტეს ეკლესიაში, რომი

ქრისტიანულ რელიგიაში მტრედი ითვლება სული წმინდის სიმბოლოდ. ბიბლიაში მტრედმა, რომელიც ნოემ გამუშვა - მას მოუტანა ზეთის ხილის ტოტი, როგორც სიმბოლო სტიქიის დაცხრომისა - დარის დადგომისა. ეს ითვლება ადამიანთა პატიების სიმბოლოდ. შუა საუკუნეებში მტრედი იყო აუცილებელი ატრიბუტი ხარების, ნათლობის, წმინდა სულის მოვლენის და სამების რიტუალებზე.

მტრედი ასევე გვხვდება მუჰამედ წინასწარმეტყველის მხარზე, რომელიც განასახიერებს მასზედ გარდმოსულ ღვთიურ სულს.

ითვლებოდა, რომ ეშმაკს და ალქაჯებს/კუდიანებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი იერსახე, გარდა მტრედისა და ცხვრისა.

ძველ რომში მშვიდობის სიმბოლოდ ვენერას მტრედები ითვლებოდა, რომლებმაც ბუდე მოიქსოვეს მარსის გადმოპირქვავებულ ჩაჩქანში/მუზარადში.

საკუთარი ბარტყებისადმი ერთგულების გამო, მტრედი განასახიერებდა დედობრივ გრძნობებს. ზოგჯერ მტრედს მოიხსენიებდნენ სიბრძნის სიმბოლოდ.

მტრესებად მოიხსენიებდნენ ორაკულებსა და წინასწარმეტყველებს. ებრაელები მტრედს ეძახდნენ ”იონა”-ს ან ”იონახ”-ს. წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა მოავლინა ნინევიაში, ატარებდა სახელს - იონა. მ. პ. ჰოლმა დაასაბუთა სახელი იოანე-ს წარმოშობა, რომელიც უკავშირდება წმინდა მტრედს.

ნეოპლატონიზმში მტრედი ასახიერებს ძალას, რომლითაც დამკვიდრდა დაბალი სამყარო. მასონები ამ სიმბოლოთი აღნიშნავენ უბიწოებას, სულის სისუფთავეს, ჩინეთში კი მას იყენებენ სიბერის და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ.

მტრედი გამოსახული იყო ზოგიერთი მმართველის სკიპეტრზე და აღნიშნავდა ღმერთისგან ნაბოძებ ძალაუფლებას.

ურთიერთ-მეამბორე მტრედები - შეყვარებულების სიმბოლოა. აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს - ქორებს ეძახიან (hawks), მშვიდობის მომხრე პოლიტიკოსებს კი მტრედებად (doves) მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ არა მარტო მტრედი, არამედ ზოგადად, სხვადასხვა სახის ფრინველიც (ხშირად არა მტაცებელი) მიიჩნეოდა სული წმინდის, სიკეთის და მშვიდობის სიმბოლოდ. მაგალითად აკაკი წერეთლის ლექსში ”სულიკო”, რომელიც დღეისთვის ხალხურ სიმღერად დამკვიდრდა, ამ მისიას ბულბული ასრულებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]