მუშქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთბული რუკა, სადაც მუშქები კოლხეთიდან მარცხნივ არიან განთავსებული, ლონდონი, 1770

მუშქებიძვ. წ. XII-VII საუკუნეებში ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, ხათის, ხალიტუს, თაბალისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).

ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როდესაც მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდინარე მურადის სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო ტიგლათფილესერ I-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა ქათმუხიც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როდესაც იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურ „მეშეხში“ (ქართულად „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — მიდასის სახელით.

როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), ასურეთისა და ურარტუს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს მესხებს). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძველ აღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.

მუშქური ენა დღეისათვის უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდო ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე ინდოევროპულ ენაზე. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი კ., ქართული ეთნიკური ტერმინის „მესხ“-ის ისტორიისათვის, «საქ. სსრ მეხნიერებათა აკადემიის მოამბე», 1954, ტ. 15;
  • ხაზარაძე ნ., „მუშქების ქვეყნის“ სახელწოდების აღდგენისათვის თუქულთინინურთა II „ანალებში“, «აღმოსავლური კრებული», 1960, ტ. 1;
  • Дьяконов И. М., Предистория армянского народа, Ер., 1968;
  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
  • ხაზარაძე ნ., გიორგაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984