მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლი

მიხეილ ბოგდანის ძე ბარკლაი-დე-ტოლი (რუს. Михаил Богданович (Михаил Андреас) Барклай-де-Толли)(დ. 24 დეკემბერი, 1761, პამუშისე, ლიფლანდიის გუბერნია — გ. 14 მაისი, 1818, ინსტერბურგი, აღმოსავლეთი პრუსია) — რუსი გენერალ-ფელდმარშალი (1814), თავადი (1815), საფრანგეთ-რუსეთის ომის (1812) გმირი.

წარმოშობით XVII საუკუნის რიგაში გადმოსახლებული ძველი შოტლანდიელი ოჯახიდან იყო. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში 1787-1791, რუსეთ-შვედეთის ომში 1788-1790 წლებში. თავი გამოიჩინა საფრანგეთთან ომში 1806-1807 წლებში პროისიშ-აილაუსთან. 1807 წლიდან მეთაურობდა დივიზიას. რუსეთ-შვედეთის 1808-1809 წლებში ომის დროს - კორპუსს. 1810 წლის იანვარიდან - 1812 წლის სექტემბრამდე იყო სამხედრო მინისტრი და დიდი მუშაობა გასწია რუსეთის არმიის გასაძლიერებლად. 1812 წლის სამამულო ომში სარდლობდა დასავლეთის I არმიას, მასვე, როგორც სამხედრო მინისტრს, ემორჩილებოდა დასავლეთის II არმია. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში ბარკლაი-დე-ტოლიმ მინიმალური დანაკარგებით დაიხია უკან და შეაერთა ორივე არმია, მაგრამ უკან დახევამ თავადაზნაურთა წრეებისა და არმიის უკმაყოფილება გამოიწვია და 17 აგვისტოს ბარკლაი-დე-ტოლიმ არმიების სარდლობა მიხეილ კუტუზოვს გადააბარა. ბოროდინის ბრძოლაში იგი მეთაურობდა რუსეთის არმიის მარჯვენა ფრთას, გამოიჩინა შეუპოვრობა და თავდაცვითი ბრძოლის წარმოების დიდხელოვნება. ბარკლაი-დე-ტოლიმ უვარგისად ცნო ლეონტი ბენიგსენის მიერ მოსკოვის დასაცავად არჩეული პოზიცია და ფილის სამხედრო საბჭოზე მხარი დაუჭირა კუტუზოვის წინადადებას მოსკოვის დატოვების შესახებ. 1813 წელს იგი დაინიშნა III არმიის, შემდეგ კი რუსეთ-პრუსიის არმიის სარდლად, წარმატებით ხელმძღვანელობდა მას რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში 1813-1814 წლებში (კულმი, ლაიფციგი, პარიზი). დაკრძალულია ლიფლანდიაში, ბეკლორში (ამჟამად იიგევესტე, ესტონეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]