მიტროფანე ლაღიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიტროფანე ლაღიძე
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1869 (1869-06-22) (154 წლის)
ჭოლევი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1960 (90 წლის)
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მრეწველი
საზოგადო მოღვაწე
ცნობილია როგორც ლაღიძის წყლის დამაარსებელი
მეუღლე(ები) ოლიმპიადა ვახანია

მიტროფანე ლაღიძე (დ. 22 ივნისი, 1869 — გ. 2 იანვარი, 1960) — საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში, ლაღიძის წყლის დამაარსებელი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქუთაისის „საგამომცემლო ამხანაგობის“ დამაარსებელი. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) აზნაურის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა დაიწყო პეტრე (პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ კარლოს ძე ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოასახლეს. აფთიაქის გარდა, ცეზარ ივანოვსკის ლიმონათის წარმოებაც ჰქონდა, სადაც მიტროფანე ლაღიძემ შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი. 1887 წლიდან, ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ თვითონ ჩაუდგა წარმოებას სათავეში. 1900 წელს ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა. დიდ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს, სასმელების წარმოების ტექნოლოგიების დაცვას და მათ დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენებას. ამავე წელს ქუთაისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების მაღაზია.

1902 წელს მიტროფანე ლაღიძე გაემგზვრა გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში მან ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა, რაც შემდეგ თავის წარმოებაში დანერგა.

მიტროფანე ლაღიძის ინიციატივით, ქუთაისში განხორციელდა და აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად მისცა ქუთაისს ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ქუთაისის საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. ამის შესახებ 1904 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა:

ვიკიციტატა
„ბატონ მიტროფანე ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული“

მიტროფანე ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისათვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა, ამარეგებდა აგრეთვე ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.

ქუთაისის მთელი საზოგადოება, დიდი და პატარა იკრიბებოდა და სიამოვნებით მიირთმევდა უკვე სახელგანთქმულ „ლაღიძის წყალს“, რომელიც იყიდებოდა ქუთაისის ცნობილ ბულვართან ახლოს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქუთაისში პირველად ყინულის კეთება დაიწყო ლაღიძის წყალთა ქარხანაში, მანამდე ქალაქის მოსახლეობა სარგებლობდა ზამთრის პერიოდში მომარაგბული თოვლით, რომელსაც სპეციალურად აგროვებდნენ და ინახავდნენ განსაკუთრებულ ფარდულებში. იქ თოვლს ზევიდან აყრიდნენ ნახერხს და აფარებდნენ ჭილოფებს. ეს საშუალება ძლიერ ანელებდა თოვლის დნობის პროცესს.

პირველად მიტროფანე ლაღიძემ ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული. შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. ამასთან ის ზედმიწევნით ფრთხილად ეკიდებოდა ხილის ნედლეულის შერჩევას მიკრორაიონების მიხედვით. მაგალითად, ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად კი ბაკურიანში გავრცელებულ ხილ-კენკრით, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა.

1906 წელს მიწურულს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დააარსა, ამავე წელს გოლოვინის (ახლანდელი შოთა რუსთაველის) პროსპექტზე უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა, რომლის აბრაზეც რუსული წარწერა ქართული წარწერის ქვეშ იყო. ამ ფაქტის გამო, მიტროფანე ლაღიძე დაპატიმრებისაგან ილია ჭავჭავაძემ იხსნა.

1910 წლისთვის თბილისში არსებობდა ხილის წყლების 3 ქარხანა: მიტროფანე ლაღიძის, ე. ზემელის და ვ. მამულოვის. მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლიმონათს უშვებდა მიტროფანე ლაღიძის ქარხანა. 1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა უალკოჰოლო სასმელები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდობდნენ.

მიტროფანემ 1916 წელს ტფილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე სახლი იყიდა, რომელშიც დღემდე ცხოვრობს ლაღიძეების ოჯახი. 1921 წელს ქარხანა მთლიანად დაიწვა და მიტროფანემ სიროფების დამზადება-ჩამოსხმა საკუთარი სახლის სარდაფში განაგრძო. 1922 წელს მეწარმეს ბოლშევიკებმა საცხოვრებელი ფართის გაყოფა მოსთხოვეს და მის სარდაფში ხალხი შეასახლეს.

1926 წელს მიტროფანემ მაღაზია საკუთარი ნებით სახელმწიფოს გადასცა, დადებითი ჟესტის საპასუხოდ 1927 წელს კი მაშინდელი კლარა ცეტკინის ქუჩაზე (დღევანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა) მდებარე უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გადასცეს სამართავად. იმ დროის პირობებზე ქარხანა კარგად იყო აღჭურვილი, მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. სწორედ იქ აითვისეს პირველად 1934 წელს ნახშირორჟანგის გაზის წარმოება და მისი ინიციატივით იქვე აშენდა ნახშირმჟავა გაზის ქარხანაც. 1930 წელს სოხუმში აშენდა ხილეული წყლების ქარხანა. გარდა პირდაპირი მოხმარებისა მიტროფანე ლაღიძე იყენებდა კვების სხვადასხვა პროდუქტების საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის, ძმრის, ლიქიორების, კისელის, ნაყინის და სხვათა დასამზადებლად.

მიტროფანე ლაღიძის წყლები ისე მოსწონდათ, რომ საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები მათ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს ფეშქაშად უგზავნიდნენ.

1934 წელს უკრაინის სსრ მთავრობამ მიტროფანე ლაღიძე კიევში მიიწვია. საბჭოთა პერიოდში მიიწვიეს მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათების ქარხნებში, სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ირანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, რათა იქ საკუთარი წარმოება გაეხსნა. შემდეგ იგი ხილეულის წყლების საფირმო მაღაზიებისა და დარბაზების გასახსნელად მიიწვიეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე ირანსა და ეგვიპტეში. მიტროფანე ლაღიძეს გვერდში ედგა შრომისმოყვარე და გამჭრიახი ბუნების მქონე მეუღლე ოლიმპიადა ანდრიას ასული ვახანია. იგი სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი შვილის დედა იყო, დიდ დახმარებას უწევდა მეუღლეს მის მიერ წამოწყებულ საქმის გაძღოლაში. ოლიმპიადა კარგად ერკვეოდა ხილეული წყლების დამზადების ტექნოლოგიაში, ჰქონდა კარგი გემოვნება, ხელმძღვანელობდა მიტროფანეს დაწყებულ მრავალ სამეურნეო საქმეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 1906 წელს როცა მიტროფანე ლაღიძე დააპატიმრა გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ და მისი ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება დაუპირა, ოლიმპიადამ თბილისს მიაშურა, პირადად ნახა ილია ჭაჭავაძე და სთხოვა მისი ქმარი როგორმე გადასახლებიდან დაეხსნა, ხოლო თუ ამას ვერ მოახეხებდა ციმბირში გაგზავნა მაინც აეცილებინა. ილია ჭავჭავაძე, რომელიც დიდ პატივს სცემდა მიტროფანე ლაღიძეს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება.

მიტროფანე ლაღიძე სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მონაწილე და ხელშემწყობი იყო. მან ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, რომელიც გამოსცემდა ქართველ მწერალთა კრებულებს და საგანმანათლებლო ხასიათის წიგნებს. მისი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. იგი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრი, მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, იყო ბევრი ეროვნული საქმის ხელშემწყობი და განმახორციელებელი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან. მიტროფანე ლაღიძემ 1898 წელს გამოსცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ და სხვა. 1908 წელს აკაკის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის ქუთაისში დაბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე აწერია: „მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.მიტროფანე ლაღიძე თვითონაც ბეჭდავდა წერილებს „ივერიაში“, „კვალში“, „სახალხო გაზეთში“, „დროებაში“ და სხვაგან.

ერთ–ერთი ვერსიით, 1952 წელს ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნა. სტალინმა კრემლში მიტროფანე ლაღიძე დაიბარა და საექსპორტო ლიმონათის დამზადება თხოვა, რომელიც ტრუმენს გაუგზავნა. ცოტა ხანში თეთრი სახლიდან წერილი მოვიდა, ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ. სტალინის ბრძანებით, ლაღიძე ქვეყნის კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაინიშნა.

ლაღიძის ლიმონათით არა მხოლოდ ქართველი პოეტები, უცხოელებიც იხიბლებოდნენ. ლაღიძის წყალს ლექსები მიუძღვნეს აკაკი წერეთელმა, სერგეი ესენინმა, ევგენი ევტუშენკომ და სხვებმა. ვენასა და პეტერბურგში ლაღიძის წყლები ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

მრავალმხრივ საზოგადო მოღვაწე მიტროფანე ლაღიძე გარდაიცვალა 1960 წლის 2 იანვარს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]