მედუდუკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედუდუკე

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bombycilla garrulus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22708146
გავრცელება

  ზაფხული
  მთელი წელი
  ზამთარი

მედუდუკე[1] (ლათ. Bombycilla garrulus) — მგალობელი ფრინველი ბეღურასნაირთა რიგის მედუდუკესებრთა ოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სხეულის სიგრძეა 18–23 სმ, მასა 60–67 გრამს აღწევს. აქვს მკვეთრად გამოხატული ქოჩორი. შეფერილია მოვარდისფრო-რუხად; ფრთები შავია, გასდევს ყვითელი და თეთრი ზოლები; კუდი, ყელი და თვალის მიდამოები შავია. მეორეხარისხოვანი საქნევი ბუმბულის წვერები გადაქცცეულია მცირე, კაშკაშა წითელ ფირფიტებად. შესამჩნევია მხოლოდ ახლოდან. კუდის კიდეზე გასდევს ყვითელი ზოლი, ფრთებზე ვიწრო თეთრი ზოლებია. მისი გალობა — „სვი-რი-რი-რი-რი“ ჰგავს დუდუკის ხმას. ფრენს სწრაფად და სწორხაზოვნად.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედუდუკე ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტაიგის ტყის ზონაში გამეჩხერებული წიწვოვნებისა და შერეული ტყის ზონის ტერიტორიაზე, მთის კალთებზე შეფენილ მცენარეულობაში, ნაკაფ ადგილებში. საგრძნობ ყინვებამდე ანდა თოვლის მოსვლამდე სამხრეთით გადაფრენა არ იცის. განსაკუთრებულად დიდი ფრინველთა გუნდები შემოდგომიდან ზამთრის პირველ ნახევრამდე შეინიშნება. გაზაფხულზე, ჩრდილოეთით გადაადგილება, როგორც წესი წვრილ-წვრილ გუნდებად ხდება.[2]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედუდუკეები საერთოდ დიდ გუნდებად გვხვდება. ზაფხულში იკვებება მწერებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერ, ლარვებით, სხვადასხვა კენკრით და მცენარეთა ახალგაზრდა ყლორტებით. სხვა დროს ძირითადად კენკრითა და ნაყოფებით იკვებება, როგორიცაა წითელი მოცვი, ძახველი, ფითრი. ზამთარში ხშირად შედის ქალაქებში, სადაც უმთავრესად ცირცელით იკვებება.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედალი ბუდეში

ბუდობს მეჩხერ ტყეებში, ხეებზე. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. მედუდუკის ბარტყების გამოყვანა აპრილიდან ნოემბრამდე გრძელდება. ყოველ წელს ახალ-ახალი წყვილები ჯვარდებიან. დედლის თავის მოწონების მიზნით, მამალს უწყვეტად მოაქვს მისთვის კენკრა, როგორც საქორწილო საჩუქარი.

ჯამისებრი ფორმის ბუდეს ძირითადად ჭაობების შუაგულში მდგარ ხეებზე აკეთებენ. მას ორკაპ ტოტებზე აგებენ მიწიდან 3-15 მეტრის სიმაღლეზე, ხის ზემო ვარჯზე, ხშირად ტყის პირებში, წყალსატევებთან და სხვა მობუდარ წყვილებთან ახლოს. სამშენებლო მასალად იყენებენ მცირე ტოტებს, ხავსებს, ლიქენსა და ბალახის ღეროებს. ბუდის ძირს გულდასმით ფარავს ბეწვითა და ბუმბულით.

მაისის ბოლოს დედალი დებს 4–5 მოცისფრო-რუხ კვერცხს შავ-მურა წინწკლებით, ისინი ზომაში 24 х 18 მმ-ია, ხოლო მათი მასა დაახლოებით 3,8 გრამს შეადგენს. ინკუბაცია 14 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ დედალი. ამ დროს მის კვებაზე მამალი ზრუნავს და მისთვი კენკრა და მწერები მოაქვს. 15–17 დღეში ბარტყები უკვე დამოუკიდებლები ხდებიან. ცხოვრების მე-3 კვირაში მთლიანად იფარებიან ბუმბულის საფარველით. მშობლები მათზე ზრუნვას მანამ არ წყვეტენ, სანამ არ ისწავლიან საკვების თვითონ მოპოვებას. შემოდგომით ბარტყები იწყებენ კენკრითა და ნაყოფებით კვებას.

სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა 13 წელი შეადგინოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 72, 131, 201.
  2. Птица свиристель

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России (под общей ред. В. Е. Флинта). Изд. 2-е, дополненное и переработанное. — М.: 1998. — 432 с.; 56 цв. илл.
  • Коблик Е. А. Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ), ч. 3. М.: изд-во МГУ. 2001. 360 с.
  • Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири. Екатеринбург: Изд-во Урал. ун-та. 2008. — 634 с.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельных территорий. М.: Академкнига, 2003, 808 с.