მარია ტერეზა პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტერეზა პორტუგალიელი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1793
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 1874, (80 წლის)
ტრიესტი, იტალია
ეროვნება პორტუგალიელები
წოდება ბეირას პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) პედრო კარლოს ესპანელი
(ქ. 1810 - გარდ. 1812)
კარლოს ესპანელი
(ქ. 1838 - გარდ. 1855)
შვილ(ებ)ი სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა
მშობლები მამა: ჟუან VI, პორტუგალიის მეფე
დედა: კარლოტა ხოაკინა ესპანელი

მარია ტერეზა პორტუგალიელი (პორტ. Maria Teresa de Portugal; დ. 29 აპრილი, 1793 — გ. 17 იანვარი, 1874) — ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. პირველად ცოლად გაჰყვა კარლ III-ის შვილიშვილ პედრო კარლოს ესპანელს, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა კარლ IV-ის ვაჟ კარლოს ესპანელზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა დაიბადა 1793 წლის 29 აპრილს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. როგორც მეფის უფროსი ასული და დროებით ტახტის მემკვიდრე, იგი დაბადებიდანვე გახდა ბეირას პრინცესა. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა პორტუგალიის მეფე პედრუ III და დედოფალი მარია I, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლ IV და მარია ლუიზა პარმელი იყვნენ.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც პორტუგალიაში საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I შეიჭრა, სამეფო ოჯახი ბრაზილიაში გაიქცა, სადაც 1810 წლის 13 მაისს მარია ტერეზა დაქორწინდა თავის ბიძაშვილ პედრო კარლოს ესპანელზე. 1812 წლის 26 მაისს იგი უკვე დაქვრივდა, თუმცა პირველი ქმრისაგან ვაჟი დარჩა, სახელად სებასტიანი.

შემდეგ ოც წელზე მეტ ხანს იგი აღარ გათხოვილა, თუმცა 1838 წელს იგი ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ვაჟ კარლოსს, მონილას გრაფს, რომელიც ამის სანაცვლოდ მარია ტერეზას ძმას, მეფე მიგელ I-ს სამოქალაქო ომის ჩახშობაში დახმარებას ჰპირდებოდა. კარლოსს დიდი პრეტენზიები ჰქონდა ესპანეთის ტახტზე, რაც განსაკუთრებით მისი ძმის, ფერდინანდ VII-ის გარდაცვალებისა და ტახტზე მცირეწლოვანი ისაბელ II-ის ასვლის შემდეგ გაიზარდა, რომლის რეგენტიც მისი იტალიელი დედა იყო, რაც ესპანელებში უკმაყოფილებას იწვევდა. მალევე დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მონარქისტები (ანუ ისაბელის მომხრეები) და კარლისტები (ანუ კარლოსის მომხრეები). ამ ომის განმავლობაში, კარლისტები მარია ტერეზას უკვე ესპანეთის დედოფლად მოიხსენიებდნენ.

ესპანური მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1837 წლის 15 იანვარს ესპანელების დიდმა ნაწილმა ოფიციალურად აღიარა კარლი ესპანეთის მეფედ, ხოლო მარია ტერეზა დედოფლად. ყოველივე ამას ცხადია დიდი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელშიც 1859 წლიდან დახმარების მიზნით მარია ტერეზას ძმა, მეფე მიგელ I-ც ერთვება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარია ტერეზასა და კარლის ქორწინება ზოგიერთში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთის ბიძა-დის შვილი იყვნენ, კარლოსი მარია ტერეზას დის, მარია ფრანსისკას ქვრივიც იყო და მასთან სამი ვაჟი ჰყავდა.

ყველაფრის მიუხედავად ომში ისაბელ II-მ გაიმარჯვა და კარლი საბოლოოდ მაინც ვერ გამეფდა. იგი გარდაიცვალა 1855 წელს. მარია ტერეზა კი ბოლოს იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი, როდესაც აქ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი დაიწყო, რის შედეგადაც დაამხეს დედოფალ ისაბელას მმართველობა. მარია ტერეზა იტალიის ქალაქ ტრიესტში გაიქცა და იქვე გარდაიცვალა 1874 წლის 17 იანვარს, 80 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • La Princesa de Beira y los Hijos de Don Carlos by Conde de Rodezno (1938)