მარია ანა ავსტრიელი (1610-1665)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანა ავსტრიელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1635
მმართ. დასასრული: 27 სექტემბერი, 1651
წინამორბედი: ელიზაბეთ ლოთარინგიელი
მემკვიდრე: ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
კურპფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 15 ივლისი, 1635
მმართ. დასასრული: 24 ოქტომბერი, 1648
წინამორბედი: ელიზაბეთ ლოთარინგიელი
მემკვიდრე: შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 იანვარი, 1610
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1665, (55 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
მეუღლე: მაქსიმილიან I, ბავარიის კურფიურსტი
შვილები: ფერდინანდი, ბავარიის კურფიურსტი
მაქსიმილიან ფილიპი, ლიხტენბერგის ჰერცოგი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich; დ. 13 იანვარი, 1610, გრაცი, ავსტრია — გ. 25 სექტემბერი, 1665, მიუნხენი, ბავარია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. ბავარიის კურფიურსტი 1635-1651 და კურპფალცის კურფიურსტი 1635-1648 წლებში როგორც მაქსიმილიან I-ის მეორე ცოლი. თავისი ვაჟის, ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიას რეგენტი 1651-1654 წლებში. 1

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის ერცჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა დაიბადა 1610 წლის 13 იანვარს, ავსტრიის დედაქალაქ გრაცში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ანა ბავარიელის მეხუთე შვილი და მეორე, მაგრამ უფროსი გადარჩენილი ქალიშვილი. დედამისი, მარია ანა ბავარიელი ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ის ასული იყო და მეტად სავარაუდოა, რომ სწორედ დედის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, რომელიც მისი გაჩენიდან ექვს წელიწადში, 1616 წელს გარდაიცვალა.

მარია ანა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ნადირობისადმი, ამასთან იგი უმკაცრესი იეზუიტური წესებით იზრდებოდა. ბავშვობიდანვე იგი ძალიან მომხიბლავი, კეთილი, გონიერი, წმინდა და დალაგებული ცხოვრების მოყვარული იყო. გარდა მშობლიური გერმანულისა, იგი გამართულად ფლობდა ლათინურს, ფრანგულს, იტალიურს, ბერძნულსა და ესპანურს.

1619 წელს მამამისმა, იმპერატორმა ფერდინანდმა ბოჰემიის, უნგრეთისა და ხორვატიის მეფის გვირგვინიც დაიდგა თავზე. სამი წლის შემდეგ, 1622 წელს იმპერატორი მეორედ დაქორწინდა მანტუის ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას ასულ ელეონორა გონძაგაზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1635 წელს გარდაიცვალა ბავარიისა და კურპფალცის კურფიურსტ მაქსიმილიან I-ის მეუღლე, პრინცესა ელიზაბეთ ლოთარინგიელი. ელიზაბეთსა და მაქსიმილიანს შვილები არ ჰყოლიათ, ამიტომაც მან მეორედ იქორწინა 1635 წლის 15 ივლისს, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდის უფროს ქალიშვილ მარია ანა ავსტრიელიზე.

საქორწინო კონტრაქტი ქორწილიდან მალევე, 17 ივლისს გააფორმეს. ამ კონტრაქტის მიხედვით, როგორც ხშირად ხდებოდა იმ დროის ევროპაში, მარია ანას, მაქსიმილიანსა და მათ ყველა შთამომავალს უფლება ერთმეოდათ ჰაბსბურგთა ტახტებზე, რათა შემდგომში მათ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამის მიუხედავად, იმპერატორის უფროს ქალიშვილს დიდი მზითვი გაატანეს, რომელშიც უამრავი ტანსაცმლის, მოსამსახურისა და სამკაულის გარდა, შედიოდა 250, 000 ფლორინი და აგრეთვე ლანდშუტის, ვესენბურგის, კრაიბურგისა და ნოიმარკტის სასახლეები.

მარია ანას ჩასვლამ ბავარიელებს, რომლებიც მემკვიდრის ნატვრაში იყვნენ დიდი იმედი მიეცათ. ამას გარდა ამ კავშირით საღვთო რომის იმპერია კვლავ ბავარიის მოკავშირე იქნებოდა და დაეხმარებოდა მას საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა რეალურად ეს კავშირი ძალიან უმნიშვნელო როლს თამაშობდა ავსტრია-ბავარიის ურთიერთობებში.

ბავარიის კურფიურსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება ძალიან ბედნიერი გამოდგა და მაქიმილიანიც, პირველი ცოლის მსგავსად ძალიან ზრუნავდა მარია ანაზე. მალევე მარია ანა დაფეხმძიმდა, რამაც ძალიან გაახარა როგორც მისი ქმარი, ასევე ბავარიის მოსახლეობა, რომლებიც ჯანმრთელი მემკვიდრის დაბადებისთვის ლოცულობდნენ. 1636 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა მათი პირველი შვილი, პრინცი ფერდინანდ მარია. მას სახელი მარია ანას მშობლების პატივსაცემად დაარქვეს, ბავშვის ნათლია კი ასევე ფერდინანდ II იყო. პირველივე მშობიარობა მისთვის კატასტროფულად მძიმე იყო. იგი ფიზიკურად იმდენად სუსტი იყო, რომ ექიმების განცხადებით მან სამუდამოდ დაკარგა ბავშვის გაჩენის უნარი. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში იგი წმინდა ფრანჩესკო პაოლელის წმინდა ნაწილებს შეეხო და მოილოცა წმინდა ეკლესია-მონასტრები. ღრმადმოწრმუნე მაქსიმილიანმა რამდენიმე ეკლესიაც ააშენა და ღმერთს კიდევ ერთ ვაჟს ევედრებოდა. 1638 წლის 30 სექტემბერს მარია ანამ მეორე ვაჟი გააჩინა, რომელსაც მაქსიმილიან ფილიპ ჰონორიუსი დაარქვეს.

მარია ანა ქმარს დიდად ეხმარებოდა სხვადასხვა სახელმწიფო საქმიანობებში და ასევე დიდ ინტერესს იჩენდა ბავარიის პოლიტიკისადმი. იგი ყოველთვის ესწრებოდა მინისტრთა სამეფო სხდომებს და ერთვებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰაბსბურგი იყო (ამ გვარის ადამიანები კი ყოველთვის თავისი ქვეყნისა და ნათესავების კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ), მან თავისი თავი მთლიანად ბავარიას მიუძღვნა. გარდა ამისა მან დაარწმუნა დიდგვაროვნები და დააარსა მიუნხენის უნივერსიტეტი, სადაც ამ დროისთვის სწავლა მხოლოდ არისტოკრატებს შეეძლოთ.

1644 წელს, როდესაც ფრანგებმა ფილიპსბურგის ციხესიმაგრე აიღეს, მარია ანამ თავის ძმას, ლეოპოლდ ვილჰელმს ფრანგებთან დაზავებისკენ მოუწოდა. 1651 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მაქსიმილიანმა გამოსცა ბრძანებულება, რის მიხედვითაც მათი ვაჟის სრულწლოვანებამდე ქვეყანა მარია ანას უნდა ემართა, რეგენტის სტატუსით.

ბავარიის რეგენტი და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმილიანმა ზემოთ ხსენებული ბრძნებულება პირველად 1641 წელს გამოსცა, რის მიხედვითაც მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მანამ სანამ ფერდინანდ მარია სრულწლოვანი გახდებოდა ბავარია მარია ანას უნდა ემართა. თუმცაღა თავდაპირველად ამ საკითხთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან ბავარიასა და საქსონიაში მოქმედებდა მემკვიდრეობის კანონი, რომლის მიხედვითაც ქალს ქვეყნის მართვა არაფრით არ შეეძლო. როდესაც 1651 წლის 27 სექტემბერს მაქსიმილიანი გარდაიცვალა, ტახტზე მათი ვაჟი ფერდინანდ მარია ავიდა. მარია ანას რეგენტობას ცხადია ბევრი დიდგვაროვანი შეეწინააღმდეგა, თუმცა ამ წოდების მიღებაში მას მისი მაზლი, ჰერცოგი ალბერტ ბავარიელი დაეხმარა. მარია ანამ სრული პასუხისმგებლობით აიღო თავის თავზე ბავარიის მართვა. მისი ბავარიული რეგენტობა სულ სამ წელს გაგრძელდა. 1654 წელს ფერდინანდ მარია სრულწლოვანი ხდება და მარია ანასაც ჩამოერთვა რეგენტობა.

1664 წლამდე მარია ანა თავისი ვაჟის მთავარი მრჩევლის რანგში განაგრძობდა ბავარიის მართვას. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, წესისამებრ იგი ცხოვრობდა ქვრივის სართულზე, რომელიც მიუნხენის სამეფო რეზიდენციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა და სპეციალურად ბავარიის მონარქთა დაქვრივებული ცოლებისთვის იქნა აშენებული. გარდაცვალებისას იგი კვლავ იყო სამეფო საბჭოს წევრი, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება უკვე აღარ ჰქონდა.

მარია ანა ავსტრიელი 1665 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა მიუნხენში, 55 წლის ასაკში. მისი სხეული ქმრის გვერდით დაკრძალეს წმ. მიქაელის ბაზილიკაში, ხოლო გული ქალაქ ალტოტინგენის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფერდინანდ მარია (დ. 31 ოქტომბერი, 1636 — 26 მაისი, 1679), ბავარიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  2. მაქსიმილიან ფილიპ ჰონორიუსი (დ. 20 სექტემბერი, 1638 — გ. 20 მარტი, 1705) ლიხტენბერგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Friedrich Anton Wilhelm Schreiber: Maximilian I. der Katholische, Kurfürst von Bayern und der dreißigjährige Krieg, Fleischmann, 1868, p. 707.
  • Linda Maria Koldau: Frauen-Musik-Kultur, Böhlau Verlag Köln Weimar, 2005, p. 228.
  • Arnold: Grundriß der bayerischen Geschichte, Jaquet, 1853, p. 99.
  • Petr Maťa, Thomas Winkelbauer: Die Habsburgermonarchie 1620 bis 1740, Franz Steiner Verlag, 2006, p. 263.
  • Roswitha von Bary: Henriette Adelaide. Kurfürstin von Bayern. Unveränderter Nachdruck der Original-Ausgabe München 1980. Pustet, Regensburg 2004, p. 236.
  • Eder, Karl (1961), "Ferdinand II.", Neue Deutsche Biographie (NDB), 5, Berlin: Duncker & Humblot, pp. 83–85; (full text online)
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Maria Anna von Bayern". Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 23.