მაგნუს ძლიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგნუს I ძლიერი

მაგნუსის საფლავი ლინკოიპინგის ტაძარში, შვედეთი
შვედეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1120
მმართ. დასასრული: 1130
წინამორბედი: ინგე II
მემკვიდრე: შვერკერ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1106
გარდ. თარიღი: 4 ივნისი, 1134, (27-28 წლის)
მეუღლე: რიჩეზა პოლონელი
შვილები: კნუდ V, დანიის მეფე
ნილსი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ნილსი, დანიის მეფე
დედა: მარგარეტ ფრედკულა
რელიგია: კათოლიციზმი

მაგნუს I ძლიერი (დან. Magnus den Stærke, შვედ. Magnus den starke; 1106 ? – 4 ივნისი 1134) – ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე, ნილსისა და დედოფალ მარგარეტ ფრედკულას ვაჟი. დედამისი შვედეთის მეფე ინგე I-ის ქალიშვილი იყო. ბიძის, ინგე II-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ, 1120-1130 წლებში მაგნუსი შვედეთის მეფე გახდა. ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, იგი აქტიურად ჩაება დანიის სამოქალაქო ომში, სადაც იგი ტახტისათვის იბრძოდა, მაგრამ ამ ბრძოლაში დაიღუპა. შემდგომში მისი ვაჟი, კნუდ V დანიის მეფე გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნუსი დაიბადა 1106 წელს. იგი იყო დანიის მეფე ნილსისა და მისი მეუღლის, შვედეთის მეფე ინგე I-ის ასულ დედოფალ მარგარეტ ფრედკულას უფროსი ვაჟი. მას შემდეგ, რაც 1120 წელს ბიძამისი, შვედეთის მეფე ინგე II უშვილოდ გარდაიცვალა, გოთებმა იგი შვედეთის მეფედ დასვეს, თუმცა მისი გავლენა მხოლოდ გოთლენდზე ვრცელდებოდა, ამიტომაც მას ხშირად შვედეთის ნაცვლად, გოთლენდის მეფეს უწოდებენ. მისი დანიური წარმომავლობის გამო შვედებს იგი არ მოსწონდათ, ამიტომაც 1125 წლიდან ადგილობრივმა დიდებულმა შვერკერმა მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

მაგნუსი მთლიანად დანიის სამოქალაქო ომზე იყო გადართული და შვედეთის პრობლემებისათვის ვერ იცლიდა, ამიტომაც ამბოხებულებს საქმე გაუადვილდათ. ამ პერიოდში, ალიანსის შექმნის მიზნით მაგნუსმა ცოლად პოლონეთის მეფე ბოლესლავ III-ის ასული, რიჩეზა პოლონელი შეირთო, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ამასობაში, შვედეთის უხუცესმა საბჭომ და მაგნატებმა 1130 წელს დაამხეს მაგნუსის მმართველობა და მეფედ შვერკერ I აირჩიეს, რომელმაც იგი თავის ოჯახთან ერთად დანიაში გააძევა.

სამშობლოში დაბრუნებულ მაგნუსს მეტად დიდი ამბიციები ჰქონდა და სურდა დანიის ტახტზე ასულიყო, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იყო, რადგანაც ამ პერიოდში დანიის ტახტისათვის სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი იბრძოდა. ყოველივე ამის გამო, 1131 წელს მან ბრძოლაში მოკლა თავისი ბიძაშვილი, შლეზვიგის ჰერცოგი კნუდ ლავარდი, რამაც მეტად მწვავე შედეგები მოიტანა.

კნუდ ლავარდის მოკვლის შემდეგ, მაგნუსი იძულებული გახდა დანია დაეტოვებინა და გოთლენდში გაქცეულიყო. ამასობაში მამამისი, ჩამოგდებული მეფე ნილსი დაუახლოვდა და ალიანსი შეკრა საღვთო რომის იმპერატორ ლოთარ II-სთან, რომელმაც მაგნუსსა და მამამისს დიდი დამხმარე ჯარი გაუგზავნა. მათ საპირისპიროდ დანიის არმიას სათავეში კნუდის ძმა, ერიკი ჩაუდგა, რომელმაც 1134 წლის 4 ივნისს ჯერ მაგნუსი მოკლა ბრძოლაში, ხოლო შემდეგ 25 ივნისს მამამისი, ნილსიც. ამის შემდეგ ტახტი ერიკ II-მ დაიკავა. გარდაცვალებისას მაგნუსი 27-28 წლის იყო და იგი ლინკოიპინგის ტაძარში დაკრძალეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლა მისმა ვაჟმა, კნუდ V-მ განაგრძო, რომელმაც ჩამოაგდო ერიკი და 1146 წელს დანიის მეფე გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. XI [Maar – Müllner], 1897. http://runeberg.org/dbl/11/0047.html
  • Gillingstam, Hans. "Magnus Nilsson", Svenskt biografiskt lexikon, https://sok.riksarkivet.se/sbl/Presentation.aspx?id=10158
  • Kosiarz, Edmund, Wojny na Bałtyku X–XIX w. Gdańsk, 1978.
  • Sawyer, Peter. När Sverige blev Sverige. Alingsås: Viktoria, 1991.
  • Saxo Grammaticus. Danmarks kronike, Vol. I-II. Kobenhavn: Aschenfeldt's, 1985 (ISBN 87-414-4524-4).
  • Tunberg, Sven. Sveriges historia till våra dagar. Andra delen. Äldre medeltiden. Stockholm: P.A. Norstedt & Söners Förlag, 1926