ლუიზა შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა შვედი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1906
მმართ. დასასრული: 14 მაისი, 1912
წინამორბედი: ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
მემკვიდრე: ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 1851
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 20 მარტი, 1926, (74 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ფრედერიკ VIII, დანიის მეფე
(ქ. 1869 - გარდ. 1912)
შვილები: კრისტიან X, დანიის მეფე
ჰოკონ VII, ნორვეგიის მეფე
ლუიზა, შომბურგ-ლიპეს პრინცესა
ჰარალდი
ინგებორგი, ვაასტერგოტლანდის ჰერცოგინია
ტირა
გუსტავი
დაგმარი
სრული სახელი: ლუიზა ჟოზეფინა ევგენია
დინასტია: ბერნადოტები
მამა: კარლ XV, შვედეთის მეფე
დედა: ლუიზა ნიდერლანდელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ლუიზა შვედი (შვედ. Louise av Sverige, დან. Louise af Sverige; დ. 31 ოქტომბერი, 1851 — გ. 20 მარტი, 1926) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთ-ნორვეგიის მეფე კარლ XV-ისა და დედოფალ ლუიზა ნიდერლანდელის ქალიშვილი. დანიის დედოფალი 1906-12 წლებში როგორც ფრედერიკ VIII-ის მეუღლე. დანიის მეფე კრისტიან X-ისა და ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დაიბადა 1851 წლის 31 ოქტომბერს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ლუიზა ნიდერლანდელის ქალიშვილი.

1854 წელს, მისი ძმა, კრონპრინცი კარლ ოსკარი ორი წლის ასაკში გარდაიცვალა და ვინაიდან დედოფალს მეტი ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო, ლუიზა მეფის ერთადერთ შვილად და მემკვიდრედ იქცა. ვინაიდან ქალს ტახტზე ასვლის უფლება არ ჰქონდა, ლუიზას ნაცვლად ტახტის მემკვიდრე ბიძამისი, ოსკარი გახდა. ამის საწინააღმდეგოდ, მეფე კარლ XV ცდილობდა შემოეღო ახალი კანონი, რომელიც აღიარებდა ლუიზას ლეგიტიმურ უფლებებს შვედეთის ტახტზე, თუმცა ეს მცდელობა სრულიად უშედეგო იყო, რადგან მათ საპირისპიროდ ის ფაქტი იყო, რომ ოსკარს რამდენიმე ვაჟი ჰყავდა.

ამის გამო, კარლ XV მეტად მელანქოლიური ხასიათის გახდა. ვინაიდან მას ვაჟის ყოლის ყველა შანსი წართმეული ჰქონდა, ყოველთვის ლუიზა ცდილობდა მისთვის ვაჟის ჩანაცვლებას.

1868 წლის 15 ივლისს, კოპენჰაგენში შედგა ლუიზასა და დანიის კრონპრინც ფრედერიკ გლუქსბურგის ნიშნობა, რითაც იგი დანიის მომავალი დედოფალი, ანუ კრონპრინცესა გახდა. საბოლოოდ, დიდი სამზადისის შემდეგ კი 1869 წლის 28 ივლისს, სტოკჰოლმის სასახლის სამლოცველოში ისინი დაქორწინდნენ. მათ თაფლობის თვე ჰაგას სასახლეში გაატარეს, რის შემდეგაც, ამავე წლის 10 აგვისტოს წყვილი დანიაში გადასახლდა.

კოპენჰაგენის საზოგადოებამ მეტად ლამაზ, მოხდენილ და მკაცრ ლუიზას მეტსახელად „გედი“ შეარქვა. იგი დანიაში თავის დედამთილთან, დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელთან ერთად უამრავ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. მას ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მულებთან და მაზლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი და ფრედერიკის ქორწინება დიდი ბედნიერებით არ გამოირჩეოდა, მათ რვა შვილი გააჩინეს, რომელთაგანაც ყველამ მიაღწია სრულწლოვანებამდე. დანიაში მან დააარსა „პრინცესა ლუიზას ფონდი“, რომელიც ღარიბ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე ზრუნავდა.

ლუიზას ქმარი, ფრედერიკ VIII დანიის მეფე მხოლოდ 1906 წელს, 62 წლის ასაკში გახდა. ლუიზას დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც ფრედერიკი ამ პრეიოდში დიდად ავადმყოფობდა. ამის გამოსასწორებლად მან სამხრეთ ევროპაში იმოგზაურა, მაგრამ უკანა გზაზე, ქ. ჰამბურგში მისი მდგომარეობა ძლიერ დამძმდა და 1912 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ დანიის მეფე მათი ვაჟი კრისტიან X გახდა, რის შემდეგაც ლუიზა დედა-დედოფალი იყო.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, იგი აფინანსებდა წითელ ჯვარსა და მსგავსი ჰუმანიტარულ-სამედიცინო ორგანიზაციებს. იგი გარდაიცვალა 1926 წლის 20 მარტს, 74 წლის ასაკში. დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, ფრედერიკის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრისტიან X (1870-1947), დანიის მეფე 1912-47 წლებში, გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი, დაკარგა ისლანდია. ცოლად შეირთო ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
  2. ჰოკონ VII (1872-1957), ნორვეგიის მეფე 1905-57 წლებში, გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი. ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი მაუდ უელსელი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მომავალი მეფე ულაფ V;
  3. ლუიზა (1875-1906), ცოლად გაჰყვა შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  4. ჰარალდი (1876-1949), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ელენა შლეზვიგ-ჰოლშტაინელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  5. ინგებორგი (1878-1958), ცოლად გაჰყვა ვაასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ბელგიის დედოფალი ასტრიდ შვედი;
  6. ტირა (1880-1945), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  7. გუსტავი (1887-1944), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  8. დაგმარი (1890-1961), ცოლად გაჰყვა იერგენ კასტენსკიოლდს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kay Nielsen, Ib Askholm: Danmarks Kongelige Familjer och 1000 år, 2007, ISBN 978-87-91679-09-4
  • Rikke Agnete Olsen: Kongerækken, Kopenhaga 2005, ISBN 87-595-2525-8 Rikke Agnete Olsen: Kongerækken, Köpenhamn 2005, ISBN 87-595-2525-8
  • Lovisa (Louise), urn:sbl:9718, Svenskt biografiskt lexikon (art av Birgitta Lager-Kromnow), hämtad 2013-11-09.
  • Lars Elgklou: "Familjen Bernadotte. En kunglig släktkrönika" (The Bernadotte family. A royal family chronicle)
  • Aage Friis Oscar II:s förhållande till Danmark och Nordslesvig. Publicerad i Stig Hadenius (red.) Historia kring Oscar II, Wahlström & Widstrand 1963. Översatt av Clara Nevéus. ISBN 9968-04-651-5