ლილია ბრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლილია ბრიკი

ლილია ბრიკი ფილმის მონტაჟისას.1928
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი (11 ნოემბერი,) 1891
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო,1978
მოსკოვი, სსრკ
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
მეუღლე(ები)

ოსიპ ბრიკი,

ვიტალი პრიმაკოვი,ვასილი კატანიანი
მშობლები მამა: ურია ალექსანდროვიჩ კაგანი
დედა: ელენა იულიევნა ბერმანი

ლილია ბრიკი (დ. 11 ნოემბერი [ძვ. სტ. 30 ოქტომბერი], 1989 — გ. 4 აგვისტო, 1978) — „რუსული ავანგარდის მუზა“, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონის მფლობელი. მან პოეტ მაიაკოვსკის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა - მას მიეძღვნა პოეტის ყველაზე ცნობილი ლექსები : ,,შარვლიანი ღრუბელი", ,,ფლეიტა-ხერხემალი", ,, ლილიჩკა" და მრავალი სხვა. დაქორწინებული იყო ოსიპ ბრიკზე, ვიტალი პრიმაკოვსა და ვასილი კატანიანზე. ლილიას ცხოვრება დაუკავშირდა უამრავ მწერალსა და ხელოვანს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის : სერგეი ნაროვჩატოვი, პაველ კოგანი, მიხაილ კულჩიცკი, მაია პლისეცკაია, როდიონა შედრინა, სერგო ფარაჯანოვი,ანდრეი ვოზნესენკი, მარტიროსა სარიანა, მარკ შაკალი, პაბლო პიკასო. მაიაკოვსკის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების ნახევარზე უფლება მოიპოვა და მოსკოვში მაიაკოვსკის პირველი მუზეუმი გახსნა. 1950-იანი წლებიდან საბჭოთა ცენზურა ცდილობდა მაიაკოვსკის ცხოვრებიდან ლილიას კვალი წაეშალა. 1978 წელს ლილიამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილია ურიევნა კაგანი 11 ნოემბერს, 1891 წელს მოსკოვის ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. მამამისი ურია ალექსანდროვიჩ კაგანი იურისტი იყო, რომელიც ებრაელების უფლებებს იცავდა. ძალიან აფასებდა ხელოვნებას და ხშირად მონაწილეობდა ლიტარატურულ დისკუსიებში.მისი დაჟინებით ლილიას გერმანელი პოეტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მუზის - ლილი შიონემანის სახელი დაარქვეს. დედა ელენა ბერმანი რიგიდან იყო - ასევე მდიდარი და განათლებული ოჯახიდან. გათხოვებამდე მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა , მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ მიატოვა და თავი ბოლომდე ოჯახს მიუძღვნა. ოჯახურ წრეში კაგანებს უყვარდათ მუსიკალური საღამოების,შინაური კონცერტებისა და პიესების მოწყობა. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ლიტერატორები, ხელოვანები და მუსიკოსები.[1] ლილიამ და მისმა უმცროსმა დამ ელზამ შინ კარგი განათლება მიიღეს: ბავშვები მცირე ასაკიდანვე საუბრობდნენ რუსულად, გერმანულად და ფრანგულად, უკრავდნენ როიალზე, მონაწილეობას იღებდნენ მშობლების მიერ გამართულ მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებში.[2] მიუხედავად იმისა, რომ ლილია მრავალმხრივ ნიჭიერი იყო, მას ყველაფერი მალე ბეზრდებოდა. მასწავლებლებმა ადრევე შენიშნეს მისი ნიჭი მათემატიკაში და ლილიამ მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მეცნიერების მიმართ ინტერესის განელების შემდეგ მათემატიკის კურსები მიატოვა და არქიტექტურულ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

პირველი მეუღლე - ოსიპ ბრიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსიპი და ლილია.1912

ლილიას ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა შეძლებული ვაჭრის - მაქსიმ ბრიკის ოჯახი. მის შვილს - ვერა ბრიკს ლილია გიმნაზიიდან იცნობდა. რევოლუციით აღელვებული ახალგაზრდები 1905 წელს პატარა წრეში იკრიბებოდნენ და ითხოვდნენ პოლონეთის გათავისუფლებას.ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ლილიამ ოსიპი გაიცნო - 17 წლის მამაცი ახალგაზრდა ყველა თანატოლის თვალში გმირად ჩანდა. მალე ოსიპი თამამი განცხადებების გამო გიმნაზიიდან გააგდეს. ახალგაზრდები დამეგობრდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ერთ-ერთ ზაფხულს ბრიკების ოჯახი დასასვენებლად გერმანიაში წავიდა, ოსიპს კი სრულიად გადაავიწყდა ლილიასთვის წერილების მიწერა. სასოწარკვეთილმა ლილიამ ციანიდით თვითმკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა ცოტა ხნით ადრე დედამ შეამჩნია ქალიშვილის უცნაური ქცევა და ბოთლი უსაფრთხო ნივთიერებით შეცვალა. რამდენიმეწლიანი განშორების, სერიოზული რომანებისა და სკანდალის შემდეგ ლილია და ოსიპი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში. ოსიპმა ლილიას ცოლობა სთხოვა და წყვილი 1912 წლის 26 მარტს დაქორწინდა. ლილია კაგანი ლილია ბრიკი გახდა.[3] 1914 წელს ოსიპმა პეტერბურგში დაიწყო მუშაობა და წყვილი იმდროინდელ დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მათი ოროთახიანი ბინა ძალიან პატარა იყო, თუმცა ლილია ცდილობდა მყუდროდ მოერთო სახლი. მალე ეს ბინა რუსული ინტელიგენციის ცენტრად იქცა. აქ გაიცნო ლილიამ ვლადიმერ მაიაკოვსკი [4]

ბრიკი და მაიაკოვსკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიაკოვსკი და ლილია. 1915

მაიაკოვსკი კაგანებს ოჯახში 1913 წელს გამოჩნდა. ის ლილის უმცროს დას - ელზას ხვდებოდა. ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ მაიაკოვსკი,მაგრამ ელზა სახლიდან მის სანახავად მაინც იპარებოდა. 1915 წლის ივნისში ელზა და მაიაკოვსკი ბრიკების სახლში მივიდნენ. მან პირველად წაიკითხა ,,ღრუბელი შარვალში". დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული იყო. მაიაკოვსკიმ კი ლექსი რამდენიმე საათის წინ გაცნობილ ლილიას მიუძღვნა. ელზაც კი მიხვდა, რომ ვლადიმერს ლილი შეუყვარდა.

ბრიკების სახლი დიდ სტუმრიანობას ვეღარ იტევდა და იმავე სახლში,ექვსოთახიან ბინაში გადავიდნენ. მაიაკოვსკი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა და ყოველ საღამოს ბრიკებთან მიდიოდა . მაიაკოვსკი მთლიანად ლილიას ზეგავლენის ქვეშ მოექცა - ლექსებს პირველად მას აკითხებდა და მთავარი ადრესატიც იყო. ლილიას გავლენით მან სტილი შეიცვალა და შეიძინა კოსტუმი, ყავარჯენი. მხოლოდ 1918 წელს გამოუტყდა ლილია მაიაკოვსკის სიყვარულში, ვლადიმერი კი პირველივე დღიდან იყო შეყვარებული. 1919 წელს მოსკოვში სამეულმა დაბრუნება გადაწყვიტა და მათთვის კომუნალური ოთახი გამოყვეს. ლილია ვლადიმერს ეხმარებოდა ლექსებისა და პოემების რედაქტირებაში, გამოქვეყნებაში,პიესის დადგმაში და ა.შ. ოსიპი კი ხშირად საკუთარი სახსრებით გამოსცემდა მაიაკოვსკის ნამუშევრებს.[5] 1922 წლის ზამთარში მათ ურთიერთობას კრიზისის პერიოდი დაუდგა - ლილიამ ვლადიმერს სთხოვა 2 თვე არ შეხმიანებოდა. მრავალი დაძაბული წლის შემდეგ მაიაკოვსკის გრძნობა განელდა.ლილის მიმართ მიძღვნილი უკანასკნელი ლექსი 1927 წელს დაიწერა. მაიაკოვსკის ასეთივე გატაცებით რამდენიმე ქალი შეუყვარდა, მაგრამ ყველა რომანი მისი უარყოფით დასრულდა - 1930 წლის 14 აპრილს მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. [6]

მეორე მეუღლე - ვიტალი პრიმაკოვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილიასა და ვიტალის გაცნობის რამდენიმე ვერსია არსებობს,თუმცა 1930 წლიდან ის იწყებს ოსიპთან და ლილიასთან ერთად ცხოვრებას.მალე კი ლილია და ვიტალი ურალში წავიდნენ. ოსიპთან გაგზავნილი წერილებით ირკვევა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ლილია კი მოსკოვში ფუფუნებას იყო მიჩვეული. მიუხედავად ამისა ლილია მას ყველგან დაჰყვებოდა - როსტოვში,კისლოდოვსკში,ჰამბურგსა და ბერლინში. 1935 წელს პრიმაკოვი ლენინგრადში იღებს პატარა ბინას. იქ კი მათთან ერთად საცხოვრებლად გადადიან ოსიპ ბრიკი და ევგენია სოკოლოვა. 1936წელს პრიმაკოვს ღალატში დასდეს ბრალი და დახვრეტა მიუსაჯეს. რეპრესიების პერიოდში მოღალატეების ახლობლებსაც საფრთხე ემოქრებოდათ, ამიტომ ოსიპი ევგენიასთან ერთად კოკტებელში წავიდა, ლილია კი ვასილ კატანიანთან ერთად იალტაში გაემგზავრა. [7]

მესამე მეუღლე - ვასილი კატანიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილიამ ვასილთან ერთად ოთხი ათწლეული იცხოვრა. ვასილი მაიაკოვსკი-ბრიკების ოჯახის დიდი ხნის ნაცნობი და პოეტის ერთ-ერთი ცნობილი ბიოგრაფი იყო.1937 წლიდან ერთად დაიწყეს მაიაკოვსკის ბიოგრაფიაზე მუშაობა და მალე მეგობრობა სხვა რამეში გადაიზარდა. ეს უდიდესი დარტყმა იყო გალინა კატანიანისთვის - ვასილის მეუღლისა და ლილიას უახლოესი მეგობრისთვის. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История в женских портретах.07.Лиля Брик
  2. Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930.
  3. История в женских портретах.07.Лиля Брик
  4. Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930
  5. Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930.
  6. Быков Д. Л. Тринадцатый апостол. Маяковский: Трагедия-буфф в шести действиях
  7. Валюженич А. В. Пятнадцать лет после Маяковского. Лиля Брик — жена командира
  8. История в женских портретах.07.Лиля Брик