ლიაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიაო დაახლ. 1000 წელს.

ლიაო (ჩინ. ტრად. 遼朝, გამარტ. 辽朝, ფინინი: Liao chao) — კიდანების სახელმწიფო აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში X–XIII საუკუნეებში. ახლანდელი შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე მომთაბარე კიდანთა ერთ-ერთმა ბელადმა, აბაოძიმ (აბუგი; 872–926) 907 წელს შეიჭრა ჩინელთა მიწებზე და 916 წელს თავი თავის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს (947 წლამდე ეწოდებოდა კიდანი) იმპერატორად (ტაი-ძუ) გამოაცხადა. არმიის რეორგანიზების შედეგად თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა კიდანთა 8 ტომი, დაიმორჩილა მეზობელი ჯურჯენთა და შივეის ტომები, დაიპყრო ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილი (დღევანდელი ხებეის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები) და 926 წელს — ბოხაის სახელმწიფო. ჩინეთის მორიგი პოლიტიკური კრიზისის გამოყენებით ხარკი დაადო ხუთი დინასტიის ეპოქის სამეფოებს. ლიაოს აყვავების ხანაა X–XI საუკუნეები. ამ პერიოდში ლიაო გადაიჭიმა იაპონიის ზღვიდან აღმოსავლეთ თურქესტანამდე და წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს. ლიაოში აშენდა ქალაქები, გზები, განვითარდა სოფლის მეურნეობა (უპირატესად მესაქონლეობა), ხელოსნობა და ვაჭრობა. შემუშავდა ორი იეროგლიფური ანბანი [ე. წ. დიდი (920) და პატარა (925) დამწერლობა], დაიწყო სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, შემოიღეს ახალი კალენდარი (947), შეიქმნა განათლების სისტემა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები, გაიშალა ჩინეთიზაციის პროცესი ცხოვრების ყველა სფეროში. 947 წელს სახელმწიფოს დიდი ლიაო ეწოდა, 983 — წელს კიდანების დიდი სახელმწიფო, 1066 წელს — ისევ დიდი ლიაო. 1005 წელს ლიაო თავს დაესხა ჩინეთის სუნის იმპერიას, წაართვა მას 16 ჩრდილოური ოლქი და ხარკი დააკისრა. ამის მიუხედავად, ლიაოს შიდა ვითარება არასტაბილური იყო, 1110 და 1118 წელს სხვადასხვა ტომებისა და ქალაქების აჯანყებებმა მისი ძლიერება შეარყია. 1113 წელს აგუდამ, ჯურჯენების ბელადმა ვანიანის გვარიდან, აჯანყება მოაწყო და 1115 წელს თავი ახალი სახელმწიფოს, ძინის იმპერატორად გამოაცხადა, რომელმაც 1125 წელს ლიაო გაანადგურა.

კიდანთა ნაწილი, რომლებმაც მოგვიანებით ყარახატაელების სახელი მიიღეს, მხედართმთავარ ელიუი დაშის (1087–1143) მეთაურობით წავიდა შუა აზიაში. მათ დაიმორჩილეს ყარახანიდების სახელმწიფო, 1141 წელს კატვანის ბრძოლაში გაანადგურეს სელჩუკთა სულთან სანჯარის (1118–1157) მებრძოლები, რის შემდეგაც თავიანთი ძალაუფლება თითქმის მთელ თურქესტანზე გაავრცელეს. მათ მიერ მდინარე ჩუზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო დედაქალაქით ხუსიორდო (ბალასაგუნი), რომელსაც ჩინურ წყაროებში დასავლეთი ლიაო ეწოდება, არსებობდა 1218 წლამდე, სანამ ჩინგიზ-ყაენი არ გაანადგურებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wittfogel K. A., Feng Chia-Sheng. History of Chinese society: Liao (907–1125). Phil., 1949;
  • Таскин В. С. Китайские источники по истории династии Ляо // Страны Дальнего Востока. (История и экономика). М., 1971;
  • Е Лун-Ли. История государства киданей. М., 1979;
  • Стариков В. С. Прозаические и стихотворные тексты малого киданьского письма XI–XII вв. // Забытые системы письма. Л., 1982;
  • Biran M. The empire of the Qara Khitai in Eurasian history: between China and the Islamic world. Camb.; N. Y., 2005;
  • Кучера С. ЛЯ́О // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიაო&oldid=4579249“-დან