ლაშქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშქარი, ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობისაგან (უმთავრესად მოხალისეებისაგან) შექმნილი სამხედრო ფორმირება. ლაშქარი, როგორც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხთა მასების ჩაბმის ფორმა, ცნობილია უძველესი დროიდან. ლაშქარს უწოდებენ აგრეთვე შუა საუკუნეების მილიციის ტიპის სამხედრო ფორმირებებს (რაინდთა, აზნაურთა და საქალაქო ლაშქარი). XVII საუკუნის დასაწყისში სახალხო ლაშქარმა კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით უდიდესი როლი ითამაშა პოლონელი და შვედი ინტერვენტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • რევოლუციამდელ რუსეთში (1874-1917) სამხედრო ვალდებულთა კატეგორიას, რომელსაც იწვევდნენ ომის დროს, ეწოდებოდა სახელმწიფო ლაშქარი.
  • ფეოდალურ საქართველოში ლაშქარი ეწოდებოდა როგორც ფეოდალურ ჯარს (ფეოდალებსა და მსახურებს), ისე ჯარის ფეოდალურ ზედაფენას. სახალხო ლაშქარი („ჯარი-ხალხი“) ფეოდალიზმის გამარჯვებასთან ერთად გაქრა. მისი გაწვევა ხდებოდა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. ასეთ დროს იწვევდნენ ყველა სრულწლოვან მამაკაცს („ქუდზე კაცი“). გვიანდელ შუა საუკუნეებში ლაშქრის გაწვევა გახშირდა „ლეკიანობისა“ და ოსმალეთ-სპარსეთის შემოსევების გამო („მდევარი“, „ყარაული“ და ა.შ.). რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-ირანის ომებში მონაწილეობდნენ ქართული ლაშქრის (მოხალისეების) ანუ ქართული მილიციის მრავალრიცხოვანი შენაერთები, რომლებმაც მამაცური ბრძოლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შაიშმელაშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 149, თბ., 1983