კომიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

კომიცია ძველ რომში სახალხო კრებები სადაც წყდებოდა სხვადასხვა სახის საკითხები. comitium - შეკრების ადგილი, comitia - შეკრება, ან შეკრებილი ხალხი. უფრო მკაცრი განმარტებით კომიცია არის მაგისტრატუსების მიერ მოწვეული შეკრება რაიმე საკითხის კენჭის საყრელად.

რომში ყველა სამთავრობო ფუნქციები ნაწილდებოდა სენატს, მაგისტრატუსებსა და სახალხო კრებებს შორის. მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ არ შეეძლოთ სენატისა და სახალხო კრების სანქციის გარეშე მოქმედება.

თავდაპირველად რომის ხალხში (populus) მოიაზრებოდნენ მხოლოდ პატრიციები, ხოლო პლებეები და კლიენტები სახელმწიფოს მართვაში არ იღებდნენ მონაწილეობას. პატრიციები იყოფოდნენ სამ კურიად და შესაბამისად არსებობდა მხოლოდ კურიატული კომიციები (comitia curiata). მეფე სერვიუს ტულიუსმა ჩამოაყალიბა ცენტურიალური კომიციები (comitia centuriata), სადაც პლებეებიც მონაწილეობდნენ. ამ დროდან populus პატრიციებს და პლებეებს აღნიშნავდა. სერვიუს ტულიუსმა ამის გარდა მოახდინა ქალაქის სამ ტრიბად დაყოფა და შეიქმნა ტრიბების კომიცია (comitia tributa).

კატალური კომიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვეელაზე ძველი სახალხო კრება (COMITIA CALATA). იგივ და კურიალური კომიციები ერთადერთი იყო რომში სერვიუს ტულიუსამდე. მასში იგივე ხალხი შედიოდა რაც კურიულ კომიციებში, ანუ Populus - თავისუფალი მოქალაქეები, თუმცა კატალურ და კურიულ კომიციებს სხვადასხვა მიზნები, ჩატარების წესი და ადგილი ჰქონდათ. კატალურ კომიციებს ხელმძღვანელობდა პონტიფიკუსების კოლეგია, რომელიც კრებდა კომიციას, სწორედ სიტყვიდან Carale - მოოდება წამოვიდა კომიციის სახელწოდებაც.

კრება ტარდებოდა კაპიტოლიუმზე, კალაბრიუმის კურიის წინ. რაც შეეხება კომიციის ფუნქციებს, სავარაუდოდ ხალხი იქ პასიურ როლს თამაშობდა, ისინი მხოლოდ ისმენდნენ პონტიფიკუსების სიტყვას. ასეთ კომიციებზე პონტიფიკუსები აცხადებდნენ როდის დგება შემდეგი თვის ნონები ან იდები და რომელ დღეებში შეიძლება კომიციების ჩატარება, ვინაიდან ძველ დროს ის მხოლოდ პონტიფიკუსებმა იცოდნენ. ამ კომიციებზე ასევე ხდებოდა ფლამინუსების და მეფე პონტიფიკუსის ინაუგურაცია.

ამის გარდა კატალურ კომიციებზე ხდებოდა ანდერძის შედგენა (testamenti factio), რომლის მოწმეც მთელი შეკრებილი საზოგადოება ხდებოდა. ეს ალბათ იმისთვის კეთდებოდა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მის ანდერძზე არ ყოფილიყო კამათი. შესაძლოა უძველეს დროში ანდერძი ზეპირად დგებოდა და აუცილებელი იყო მთელი საზოგადოების დასწრება მისი შედგენისას. ანდერძის შექმნის მიზნით უძველეს დროში კომიცია წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია დავიწყებულ იქნა.

კურიული კომიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურიულ კომიციებს მეტი მნიშვნელობა ჰქონდათ, ვინაიდან ხალხი აქ არა მხოლოდ ისმენდა გადაწყვეტილებებს, არამედ კენჭსაც უყრიდა. ამ კრებებში თავდაპირველად მხოლოდ პატრიციუსები მონაწილეობდნენ, რადგან კურიებშიც მხოლოდ ისინი შედიოდნენ, უცნობია, თუ რა უფლებებით სარგებლობდნენ კომიციაში პატრიციების კლიენტები.

მეფის პერიოდში კურიულ კომიციებს იწვევდა მეფე, რესპუბლიკის პერიოდში კი, კომიციას ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატუსი კრებდა, კონსული, პრეტორი ან დიქტატორი. კენჭის ყრა კურიების მიხედვით ხდებოდა, თითო კურიას თითო ხმა ჰქონდა. ხოლო რომელი კურია იწყებდა კენჭისყრას ეს წილისყრით წყდებოდა. სულ კი 30 კურია იყო.

კურიული კომიცია არ განიხილავდა შემოთავაზებულ წინადადებებს, არამედ მხოლოდ ამტკიცებდა ან უარყოფდა. მიღებული წინადადება კი სენატისთვისაც და ხალხისთვისაც კანონი ხდებოდა. კურიულ კომიციებზე წყდებოდა ისეთი საკითხებო, როგორიცაა მაგისტრატუსის არჩევა, ომის გამოცხადება ან რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა. მეფის პერიოდში ხდებოდა მხოლოდ მეფის არჩევა სენატის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან.

ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით წინადადება კომიციაში შეჰქონდა სენატს და კომიცია ან ამტკიცებდა ან უარყოფდა, ხოლო, რაც შეეხება სამშვიდობო ხელშეკრულებების დადებას, იღებდა თუ არა კომიცია ამაში მონაწილეობას უცნობია. კურიაში ახალი წევრის მიღება შეუძლებელი იყო კურიის თანხმობის გარეშე.

სერვიუს ტულიუსის კანონებით კურიული კომიციების ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სიკვდილით დასჯა გადავიდა ცენტურიალურ კომიციებზე. კურიულ კომიციებს რესპუბლიკის ბოლომდე დარჩათ მხოლოდ შემდეგი ფუნქციები:

  1. არჩეულ მაგისტრატუსებს გადასცემდნენ აუსციპენციების ჩატარების უფლებას.
  2. ზოგიერთი ქურუმების ინაუგურაცია.
  3. კურიის შიდა საქმეები.

ამრიკად კურიული კომიციები უკვე პუნიკური ომებისთვის უბრალო ფორმალობად იქცა.

ცენტურიული კომიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. ცენტურია

ცენტურიალური კომიციები (COMITIA CENTURIATA) შეიქმნა მეფე სერვიუს ტულიუსის მიერ. მას სურდა გაერთიანებინა პატრიციები და პლებეები ერთ პოლიტიკურ ერთეულად და დაეყო ისინი ქონებრივი ცენზის მიხედვით. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.

ამრიგად ცენტურიალურ კომიციაში ყველას ჰქონდა ხმის უფლება ჩამოსულთა, მონების, ერარიების და ქალების გარდა. კენჭის ყრა ისე იმართებოდა, რომ თუ მხედართა 18 ცენტურიამ და პირველი კლასის 80 ცენტურიამ მიიღეს გადაწყვეტილება, შემდგომი კლასებისთვის კენჭის ყრაში მონაწილეობა აღარ იყო საჭირო. ამრიგად, მიუხედავად ფორმალური თანასწორობისა, მდიდრებს მეტი უფლებები ჰქონდათ. ცენტურიულ კომიციებს შემდეგი ფუნქციები ჰქონდათ:

  1. მაგისტრატუსების არჩევა. სენატი ირჩევდა კანდიდატებს, ხოლო კანდიდატებიდან მაგისტრატუსს უკვე ცენტურიალური კომიცია ირჩევდა. ცენტურიები ირჩევდნენ შემდეგ მაგიოსტრატუსებს: კონსულებს (comitia consularia), პრეტორებს (comitia praetoria), კონსულის ძალაუფლებით სამხედრო ტრიბუნებს, ცენზორებს და დეცემვირებს.
  2. საკანონმდებლო ფუნქციები. თავდაპირველად კომიცია ან იღებდა ან უარყოფდა შემოთავაზებულ კანონს, ხოლო კანონი სენატს ან მაგისტრატუსებს შემოჰქონდათ. სენატის მიღებულ კანონპროექტს კანონის ძალა ცენტურიალურ კომიიაში დამტკიცებამდე არ ჰქონდა.
  3. ომის შესახებ გადაწყვეტილება. სენატის დადგენილების საფუძველზე ცენტურიული კომიცია წყვეტდა ომის გამოცხადებას. ასევე ვარაუდობენ რომ კომიცია წყეტდა სამსვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხებს. თვლიან რომ სამსვიდობო ხელშეკრულებაზე კომიციაში გადაწყვეტილებას მხოლოდ კავდიუმის მშვიდობის შემდეგ იღებდნენ.
  4. უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება. უპირველეს ყოვლისა ცენტურიული კომიციები იყო უმაღლესი სააპელაციო სასამართლო. ისინი ასევე იხილავდნენ სახელმწიფოს წინაშე დანაშაულებებს, რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯის საკითხიც კომიციის გარესე არ განიხილებოდა.

ცენტურიალური კომიციის გადაწყვეტილება სანამ კანონის ძალას მიიღებდა საჭირო იყო კურიალური კომიციის მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება. დროთა განმავლობაში ცენტურიები განთავისუფლდნენ კურიების ზედამხედველობიდან, რაც მხოლოდ ფორმალობად იქცა, ბოლოს კი კურიები ვალდებულნი იყვნენ წინასწარ მიეცათ ცენტურიებისთვის ყველაფერზე თანხმობა. ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ცენტურიული კომიციები არა მხოლოდ სენატის კანონპროექტებს განიხილავდნენ, არამედ თავად აყენებდნენ კანონპროექტებს. მათ ასევე შეეძლოთ მაგისტრატუსის პოსტებზე საკუთარი კანდიდატების წამოყენება.

ცენტურიული კომიციების ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ კომიციურ დღეებში, ამ დღეებს ქურუმები ადგენდნენ და მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 190 იყო. მხოლოდ ძვ. წ. 287 წლის შემდეგ დაიწყეს კომიციებმა დღესასწაულებზე შეკრებაც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.

კომიციის შეკრების ადგილი იყო მარსის ველი. სადაც იყო სეპტა კენჭისყრისთვის, კარავი კომიციის ხელმძღვანელისთვის და საზოგადოებრივი შენობა ავგურებისთვის. კომიციას როგორც წესი კონსულები ხელმძღვანელობდნენ. ცენზორები კომიციას მხოლოდ ცენზისთვის იწვევდნენ. კომიციის ხელმძღვანელს დაწყებამდე უნდა ჩაეტარებინა აუსპიციები. თუ აუსპიციები წარმატებული იქნებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში კრებდა მაგისტრატუსი კომიციას.

კომიციის მოწვევა ასე ხდებოდა: ჯერ მაგისტრატუსების ბრძანებით ხალხს უცხადებდნენ კომიციის შესახებ, შემდეგ ხალხი იკრიბებოდა უწესრიგო ბრბოდ. შემდეგ მათ მოუწოდებდნენ დაყოფილიყვნენ ცენზის მიხედვით და უკვე მოწესრიგებულ ხალხს მაგისტრატუსი უძღვებოდა მარსის ველზე. კომიციის მსვლელობის დროს იანიკულის ბირცვზე ყოველთვის დარაჯობდა სეიარაღებული რაზმი, რათა ქალაქზე უეცარი თავდასხმა არ მომხდარიყო და იყო აღმართული ალამი. ეს წესი მაშინაც დაცული იყო, როდესაც რომს აღარ ეშინოდა უეცარი თავდასხმების. შემდეგ მარსის ველზე კომიციის დაწყების წინ მაგისტრატუსი ლოცვას აღავლენდა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა. მხოლოდ ამის შემდეგ იხსნებოდა კომიცია, სადაც ხალხს აცნობდნენ თუ რა საკითხების განხილვა ხდება.

საკითხის განხილვის შემდეგ იწყებოდა კენჭისყრა. თუ როგორ ხდებოდა ეს უძველეს პერიოდში უცნობია. მოგვიანებით კი ცენტურიები წერდნენ საკუთარ არჩევანს და აწვდიდნენ სეპტაში მყოფ ხმების მომგროვებელს. ან მხოლოდ ეუბნებოდნენ საკუთარი არჩევანის შესახებ და ის ნიშნავდა კანდიდატის სახელთან წერილებს მოცემული ხმების რაოდენობებით. მოგვიასნებით კი ყოველი ადამიანი იღებდა ორ ტაბულას კანონ პროექტზე კენჭისყრისთვისერთი მონიშნული იყო ასო A-თი (არაა მირებული), მეორე კი U-თი (მიღებულია) და ოთხს კანდიდატის ასარჩევად, სადაც წერდნენ სასურველი კანდიდატის სახელს. სასამართლოზე კი სამი ტაბულა რიგდებოდა, ერთი გამართლებისთვის, მეორე დამნაშავედ საცნობად და მესამე თუ საქმე გაურკვეველი იყო. სეპტასი კლასები კენჭის საყრელად თანმიმდევრობით შედიოდნენ.

ტრიბუნული კომიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიბუნული კომიციები (COMITIA TRIBUTA) ასევე შეიქმნა სერვიუს ტულიუსის მიერ, რომელმაც დაყო რომის ტერიტორია 30 ტერიტორიულ ტრიბად. დროთა განმავლობაში ტრიბებმა პოლიტიკური ძალის მნიშვნელობა შეიძინეს. სავარაუდოდ დეცემვირების პერიოდამდე ტრიბებში პატრიციები არ შედიოდნენ.

თავდაპირველად ტრიბუნულ კომიციებს ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მათში ხდებოდა ჯარისკაცების არჩევა ტრიბებიდან. მათში ასევე განიხილებოდა ტრიბების შიდა საქმეები. დროთა განმავლობაში ტრიბუნული კომიციების მნიშვნელობა იზრდებოდა, ვინაიდან პლებსი უფრო მეტ უფლებებს იღებდა და მათი რაოდენობა მატულობდა. ამრიგად საბოლოო ჩამოყალიბებისას მათ შემდეგი ფუნქციები გააჩნდათ:

  1. დაბალი მაგისტრატუსების არჩევა: რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა ტრიბების საქმეებზე ზრუნვა და პლებსის დაცვა. ძვ. წ. 471 წლიდან ტრიბუნულ კომიციებს შეეძლოთ სახალხო ტრიბუნების არჩევა, შემდეგ კი მათთან ერთად დაიწყეს ედილუსების არჩევაც. ისინი ასევე ირჩევდნენ სისხლის სამართლის საქმეების ტრიუმვირები, გზების კურატორები, მონეტარიების ტრიუმვირები, სასამართლო დეცემვირები, ერარული ტრიბუნები, სოფლის და ქალაქების ოლქების თავმჯდომარეები, სურსათ მომარაგების პრეფექტები, საზღვაო დუომვირები, კედლების და კოშკების აღმდგენი კვინკემვირები, კოლონიების შექმნის ტრიუმვირები, მენსარიები და ქურუმების კოლეგიები.
  2. საკანონმდებლო ძალაუფლება. ტრიბუნული კომიტიების საკანონმდებლო ძალაუფლება თავდაპირველად უმნიშვნელო იყო, ვინაიდან მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ ტრიბების შიდა საქმეებს ეხებოდა და არა მთლიანად სახელმწიფოს. ხოლო შემდეგ მათ უკვე შეეძლოთ სენატში კანონპროექტების შეტანა. ძვ. წ. 339 წლიდან კი პლებისციტები ანუ პლებეების კენჭიყრა საყოველთაოდ სავალდებულო გახდა.
  3. სასამართლო ძალაუფლება. ტრიბუნული კომიციების სასამართლო ძალაუფლება ცენტურიულ კომიციებთან შედარებით შეზღუდული იყო, რადგან მათ შეეძლოთ განეხილათ საქმეები მხოლოდ ხალხის დიდების წინააღმდეგ. თუ კი თუნდაც პატრიციუსი შეურაცხყოფას აყენებდა ტრიბს, მას ტრიბები ასამართლებდნენ. ტრიბებს მხოლოდ ჯარიმის გადახდის მისჯა შეეძლოთ. ტრიბუნული კომიციები ასევე ასრულებდნენ სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებს.

ტრიბუნული კომიციების შეკრების დღე იმავე პრინციპებით ინიშნებოდა, როგორც ცენტურიული კომიციის შეკრება. ტრიბუნული კომიცია ტარდებოდა ან ფორუმზე, ან მარსის ველზე, ან სხვა ადგილას. კომიციებს ხელმძღვანელობდნენ სახალხო ტრიბუნები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]