კარლ VI (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ VI
საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი
კორონაცია: 22 დეკემბერი, 1711, ფრანკფურტი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1711
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: იოზეფ I
მემკვიდრე: კარლ VII
მილანის, ფლანდრიის, ენოს, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო, 1708
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: ფილიპე V
მემკვიდრე: მარია ტერეზია
ლუქსემბურგის, ნამიურისა და ბურგუნდიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: მარია ტერეზია
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 25 მაისი, 1734
წინამორბედი: ფილიპე V
მემკვიდრე: კარლოს III
სარდინიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი, 1720
წინამორბედი: ფილიპე V
მემკვიდრე: ვიტორიო ამადეო II
სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1720
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1735
წინამორბედი: ვიტორიო ამადეო II
მემკვიდრე: კარლოს III
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი, 1735
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: კარლოს III
მემკვიდრე: მარია ტერეზია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ოქტომბერი, 1685
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 20 ოქტომბერი, 1740, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
(ქ. 1708)
შვილები: მარია ტერეზია, საღვთო რომის იმპერატრიცა
მარია ანა, ნიდერლანდების შტატჰალტერი
სრული სახელი: კარლ ფრანც იოზეფ ვენცელ ბალთაზარ იოჰან ანტონ იგნასი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

კარლ VI (გერმ. Karl VI.; დ. 1 ოქტომბერი, 1685, ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია ― გ. 20 ოქტომბერი, 1740, აუგარტენის სასახლე, ვენა, ავსტრია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ძე. საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ასევე ავსტრიის ერცჰერცოგი 1711-1740 წლებში. მამისა და ძმის შემდეგ, იბრძოდა ესპანეთის მემკვიდრეობის ომში, ესპანეთში გასამეფებლად, თუმცა 1714 წელს დაზავდა და ესპანური ტახტის ნაცვლად მიიღო ჰაბსბურგთა ნიდერლანდები, მილანი, ნეაპოლი და სარდინია. 1720 წელს სარდინია სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ს გაუცვალა სიცილიაში, თუმცა 1735 წელს ესპანეთის მეფე კარლოს III-თან ბრძოლაში სიცილიაც და ნეაპოლიც დაკარგა, სანაცვლოდ კი მიიღო პარმა.

ხანგრძლივი ქორწინებიდან მას არც ვაჟი მემკვიდრე დარჩენია, რის გამოც შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის პირდაპირი შტო და მისმა ასულმა მარია ტერეზიამ შექმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია. თავისი ასულის მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად, მან ჯერ კიდევ 1713 წელს გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომელიც ქალის მემკვიდრეობას აღიარებდა, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ მაინც დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის, რომელშიც მარია ტერეზიამ მოახერხა ტახტების შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ მარია ტერეზიას ხაზით იგი მრავალი ევროპელი მონარქის წინაპარი გახდა, მათ შორის იგი იყო საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის პაპა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი 1707 წელს, ესპანეთში ყოფნისას

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1685 წლის 1 ოქტომბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის მეორე ვაჟი. მისი აღმზრდელი და მასწავლებელი თავად ლიხტენშტაინის პრინცი ანტონ ფლორიანი იყო.

მას შემდეგ, რაც 1700 წლის 1 ნოემბერს ესპანეთის მეფე კარლოს II უშვილოდ გარდაიცვალა და ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტო შეწყდა, კარლმა, როგორც მარია ანა ესპანელის შვილიშვილმა და ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის შვილთაშვილმა, თავი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა. პარალელურად ტახტზე პრეტენზია ფილიპე III-ის მეორე შვილიშვილმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ განაცხადა თავისი შვილიშვილის, ფილიპე ანჟუელის სახელით, რომელიც კარლოს II-ს დის შვილიშვილად ერგებოდა, რასაც მოჰყვა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. ამ დროს ერცჰერცოგი კარლი სულ 14 წლის იყო, თუმცა მის კანდიდატურას მიემხრო ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, საღვთო რომის იმპერია, ჰაბსბურგთა მონარქია და პორტუგალია.

უკვე 1705 წელს კარლოს III-მ (ასე უწოდებდა იგი თავის თავს) გადაწყვიტა „თავის სამეფოში“ ჩასულიყო. იგი ესპანეთში ჩავიდა, თუმცა მხოლოდ კატალონია მიემხრო, რის გამოც მან შემდეგი ექვსი წელი სწორედ იქ გაატარა. ახლადშექმნილი დიდი ბრიტანეთის სამეფო მხარს უჭერდა მის ამბიციას, რომ ესპანეთისა და ავსტრიის გაერთიანებით ახალი სახელმწიფო შეექმნა.

კარლი თავის ცოლთან ერთად 1708 წელს

1705 წელსვე გარდაიცვალა მამამისიც, იმპერატორი ლეოპოლდი, რის გამოც ტახტზე კარლის უფროსი ძმა, იმპერატორი იოზეფ I ავიდა. საბოლოოდ, 1713 წელს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, კარლი იძულებული გახდა უარი ეთქვა ესპანეთის მეფობაზე და მის მეფედ ფილიპე V ანჟუელი ეღიარებინა, თუმცა, ამ აღიარების სანაცვლოდ კარლმა მიიღო ესპანეთის შემდეგი ესპანური კოლონიები: ნეაპოლი, სარდინია, მილანი, ლუქსემბურგი და ჰაბსბურგთა ნიდერლანდები, სიცილია კი ესპანეთმა სავოიის ჰერცოგს გადასცა. გეოგრაფიულად არახელსაყრელი პოზიციების გამო, 1720 წელს კარლმა და სავოიის ჰერცოგმა მოილაპარაკეს და სარდინია და სიცილია გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დროს პოზიციების გასამტკიცებლად, 1708 წლის 1 აგვისტოს ბარსელონაში კარლმა ცოლად შეირთო პრინცესა ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ლუდვიგ რუდოლფისა და კრისტინა ლუიზა ოტინგენ-ოტინგენელის უფროსი ასული, რომელიც, თავის მხრივ რუსეთის იმპერატორ პეტრე I დიდის რძლის, შარლოტა კრისტინას უფროსი და და იმპერატორ პეტრე II-ის დეიდა იყო. წყვილს მრავალწლიანი ქორწინებიდან ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა მათგან მხოლოდ ორი გოგონა გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი კარლი ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად 1729-30 წლებში

1711 წელს კარლის ძმა, იმპერატორი იოზეფი უძეოდ გარდაიცვალა, რის გამოც იგი გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ჰაბსბურგთა მონარქიის მმართველი კარლ VI-ის სახელით. იმის გამო, რომ ამ დროს თავად კარლს არ ჰყავდა შვილი, მის ძმას კი ორი გოგონა დარჩა, 1713 წლის 19 აპრილს გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომელიც აუქმებდა იმპერიაში მოქმედ სალიკურ კანონებს და ამტკიცებდა ტახტზე ქალის მემკვიდრულ უფლებებსაც. ამით მას უნდოდა იმის გარანტია ჰქონოდა, რომ მის შემდეგ ტახტი ისევ ჰაბსბურგის ხელში იქნებოდა, თუნდაც ქალის. აღსანიშნავია, რომ ამ სანქციას ბევრი შეხვდა უკმაყოფილოდ და ჰაბსბურგთა მონარქიაში ყველაზე ბოლოს უნგრეთმა დაამტკიცა, 1723 წელს.

კარლს ცოლისაგან სულ სამი ქალიშვილი ეყოლა: მარია ტერეზია (1717-1780), მარია ანა (1718-1744) და მარია ამალია (1724-1730). მარია ტერეზიას დაბადების შემდეგ კარლმა თავისი ძმისწულები: მარია იოზეფა და მარია ამალია მემკვიდრეთა სიაში უკან გადასწია. სწორედ მისმა ამ მოქმედებამ შეარყია მის მიერვე შემოღებული პრაგმატული სანქციის ევროპელი მონარქების მხრიდან აღიარების შანსები.

მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, რუსეთმა, დანია-ნორვეგიამ და სარდინიამ ხელი მოაწერეს სანქციის აღიარების დეკლარაციას და ასევე მემკვიდრედ აღიარეს მარია ტერეზია. მოგვიანებით, როგორც ევგენი სავოიელმა განაცხადა, ეს ყველაფერი ძლიერი არმიისა და სავსე ხაზინის დამსახურება იყო, და არა დიპლომატიის. მას შემდეგ, რაც კარლის ერთი ძმისწული ბავარიის კურფიურსტს გაჰყვა ცოლად, ხოლო მეორე საქსონიისა და პოლონეთის მეფეს, მისი მდგომარეობა და მარია ტერეზიას მემკვიდრეობა სერიოზულად შეირყა. უკვე 1738 წელს საფრანგეთმა მხარე შეიცვალა და მალულად მოაწერა ხელი ბავარიასთან დადებულ ხელშეკრულებას კარლის ძმისწულ მარია ამალიას მემკვიდრეობის უპირატესობასა და მისი ქმრის, კურფიურსტ კარლ ალბრეხტის „სამართლიანი პრეტენზიების“ დაცვასთან დაკავშირებით.

1721 წელს მოჭრილი ვერცხლის მონეტა კარლის გამოსახულებით

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კარლის მმართველობის პირველ წლებში ჰაბსბურგთა იმპერია გაფართოვებას განაგრძობდა. 1716-1718 წლებში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, ავსტრიას მიუერთდა სერბეთი და ოლტენია. ავსტრიული მმართველობა დამყარდა დუნაის ქვემო მიდამოებშიც.

იმპერატორი კარლ VI

1718 წელს, ოსმალეთთან დაზავებასთან ერთად, დაიწყო ოთხმაგი ალიანსის ომი. ამ ომში ავსტრია ჰოლანდიასთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ერთად დაუპირისპირდა ესპანეთს და დაამარცხა იგი. სწორედ ამ დროს, 1720 წელს გაფორმდა ჰააგის ხელშეკრულება, რომლითაც კარლ VI-მ სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ს სარდინია სიცილიაში გაუცვალა. გარდა იმისა, რომ სარდინია ჰაბსბურგთა მონარქიისაგან შორს იყო, მოწვეტილ მდგომარეობაში, იგი საკმაოდ დიდი კუნძულიც იყო და მისი მომარაგება და დაცვა მათთვის რთული იყო. ხელშეკრულებამ ასევე ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ვაჟი, პრინცი კარლოსი პარმის ჰერცოგის მემკვიდრედ და ტოსკანის მომავალ დიდ ჰერცოგად აღიარა. ამის საპირისპიროდ კარლი ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო III-ის ასულის, ანა მარია ლუიზა მედიჩის ტახტზე აყვანას ემხრობოდა.

1720 წლის შემდეგ რამდენიმე წლით ევროპაში მშვიდობა სუფევდა, რომელიც 1733 წელს დაწყებულმა პოლონური მემკვიდრეობის ომმა დაარღვია. ამჯერად ტახტისათვის საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სიმამრი, სტანისლავ I ლეშჩინსკი და კარლ VI-ის ძმისწულ მარია იოზეფას ქმარი, ავგუსტ III საქსონიელი ებრძოდნენ. შესაბამისად, საფრანგეთი სტანისლავს მიემხრო, ავსტრია ავგუსტს და დაიწყო ომიც. ომი მხოლოდ 1738 წელს დამთავრდა ვენის ხელშეკრულებით, რომლის პირობებითაც პოლონეთის მეფე ავგუსტ III გახდა, ხოლო კარლმა ესპანეთის მოკავშირე ესპანეთის მეფის ძეს, პარმის ჰერცოგ კარლოსს ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოები დაუთმო, სანაცვლოდ კი თავად გახდა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგი.

კარლის ქალიშვილის ქორწინების საკითხი მისი ჩვილობიდანვე აქტუალური იყო. იგი თავიდან პრინც ლეოპოლდ ლორენც ლოთარინგიელზე დაინიშნა, თუმცა პრინცი მალევე ჩუტყვავილით დაიღუპა. 1723 წელს ძმის ნაცვლად ვენასი პრინცი ფრანც შტეფან ლოთარინგიელი ჩავიდა და გაიცნო მარია ტერეზია. პარალელურად კარლი სხვა საქმროებსაც განიხილავდა დონ კარლოს ესპანელისა და პრინცი ფრიდრიხ პრუსიელის სახით, მაგრამ საბოლოოდ ფრანც შტეფანზე დათანხმდა. პოლონეთის ომის დასრულების შემდეგ დამარცხებულმა საფრანგეთის მეფემ ფრანც შტეფანს მოსთხოვა ლოთარინგიის ტახტიდან გადამდგარიყო თავისი სიმამრის, სტანისლავ ლეშჩინსკის სასარგებლოდ, რომლის დაღუპვის შემდეგაც ლოთარინგია საფრანგეთს მიუერთდებოდა. კარლს აღარ სურდა საფრანგეთთან ომის განახლება, ამიტომაც ფრანც შტეფანს მოსთხოვა მარია ტერეზიაზე ქორწინების სანაცვლოდ მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა. ცნობილია, რომ მან პირდაპირ განუცხადა: „არ გადადგები, არ მიიღებ ერცჰერცოგინიას“. ფრანც შტეფანი დათანხმდა, გადადგა ტახტიდან და 1736 წლის თებერვალში ცოლად შეირთო მარია ტერეზია.

1737 წელს კარლმა რუსეთის მოკავშირეობით მორიგი ომი დაიწყო ოსმალეთთან, რომელიც ავსტრიის აშკარა მარცხით დასრულდა. 1718 წელს დაპყრობილი მთელი ბალკანური მიწები, გარდა ბანატისა, მთლიანად ოსმალეთს დაუბრუნდა. დიდი მიწებისა და ომში გაფლანგული დიდძალი ფულის გამო, ვენაში არეულობა დაიწყო. გაღიზიანებულმა ვენელებმა მარია ტერეზიას ქმარს „ფრანგი ჯაშუში“ შეარქვეს. ამ ომმა არა მხოლოდ ნათლად დაანახა ევროპას ავსტრიული არმიის სავალალო მდგომარეობა და იმპერიის სისუსტე, არამედ ისიც, რომ მას არ გააჩნდა ხანგრძლივი ომის საწარმოებელი ფინანსური რესურსები.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ VI-ის აკლდამა ვენაში

კარლის გარდაცვალებისას ჰაბსბურგთა მონარქია ვალებში იყო ჩაფლული და ხაზინაში მხოლოდ 100,000 ფლორინი იყო. ავსტრიულ არმიაში გავრცელებული იყო დეზერტირობა, განსაკუთრებით კი მცირე ყაზარმებში. მისი თანამედროვეები ელოდნენ, რომ უნგრეთი კარლის გარდაცვალებისთანავე გავიდოდა ჰაბსბურგთა მონარქიიდან.

მიუხედავად ფინანსური სიდუხჭირისა, კარლის მმართველობისას კარლ V-ის შემდეგ ყველაზე დიდი იყო ჰაბსბურგთა მონარქია, რომელიც დანიიდან აფრიკამდე და საფრანგეთიდან ოსმალეთამდე იყო გადაჭიმული.

1740 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმპერატორი კარლი უნგრეთის ტყეებში ნადირობისას ნესტიანი ამინდის გამო მძიმედ გახდა ავად. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ვენაში, თუმცა ექიმებმა მისი განკურნება ვერ შეძლეს და იმავე წლის 20 ოქტომბერს, 55 წლის კარლ VI ვენაში, აუგარტენის სასახლეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჰაბსბურგთა მონარქიის ტახტი მისმა ასულმა მარია ტერეზიამ დაიკავა, რომელსაც, ყველასთვის გასაკვირად, ყველაზე მეტად სწორედ უნგრეთი მიემხრო. მალევე ბავარიაში გათხოვილმა მარია ამალია ავსტრიელმა პრეტენზია განაცხადა და დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. საღვთო რომის იმპერატორი და ბოჰემიის მეფე სწორედ მისი ქმარი კარლ ალბრეხტი გახდა, ავსტრიას პრუსიამ მალევე წაართვა სილეზიაც, თუმცა საბოლოოდ ომში მარია ტერეზიამ გაიმარჯვა, დაიბრუნა ბოჰემია, იმპერატორად მისი ქმარი ფრანც შტეფანი აირჩიეს და მოგვიანებით მან დიდძალი მიწებიც ჩამოაჭრა მეზობელ პოლონეთს. მარია ტერეზიამ ესპანეთის მეფის მეორე ძეს დაუთმო პარმაც, თუმცა მან შეძლო იმპერიის არმიისა და ეკონომიკის გამოცოცხლება.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ლეოპოლდ იოჰანი 13 აპრილი, 1716

ვენა, ავსტრია

4 ნოემბერი, 1716

ვენა, ავსტრია

(6 თვის)

ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი.
მარია ტერეზია 13 მაისი, 1717

ვენა, ავსტრია

29 ნოემბერი, 1780

ვენა, ავსტრია

(63 წლის)

ავსტრიის იმპერატრიცა, ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანს,

რომელთან ერთადაც შექმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია და გააჩინა

შვილები: იმპერატორი იოზეფ II, ტეშენის ჰერცოგინია მარია კრისტინა,

პარმის ჰერცოგინია მარია ამალია, იმპერატორი ლეოპოლდ II, ნეაპოლ-

სიცილიის დედოფალი მარია კაროლინა, საფრანგეთის დედოფალი მარია

ანტუანეტა და ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი ფერდინანდ კარლი.

მარია ანა 18 სექტემბერი, 1718

ვენა, ავსტრია

16 დეკემბერი, 1744

ბრიუსელი, ბელგია

(26 წლის)

ცოლად გაჰყვა პრინც შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელს, რომელთანც ერთადაც

გახდა ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერი. გადაჰყვა მშობიარობას,

შვილები არ დარჩენია.

მარია ამალია 5 აპრილი, 1724

ვენა, ავსტრია

19 აპრილი, 1730

ვენა, ავსტრია

(6 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგინია. გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Crankshaw, Edward: Maria Theresa, 1969, Longman publishers, Great Britain (pre-dates ISBN)
  • Jones, Colin: The Great Nation: France from Louis XV to Napoleon, University of Columbia Press, Great Britain, 2002, ISBN 0-231-12882-7
  • Fraser, Antonia: Love and Louis XIV: The Women in the Life of The Sun King, Orion books, London, 2006, ISBN 978-0-7538-2293-7
  • Mahan, J.Alexander: Maria Theresa of Austria, Crowell publishers, New York, 1932 (pre-dates ISBN)
  • Kahn, Robert A.: A History of the Habsburg Empire, 1526–1918, University of California Press, California, 1992, ISBN 978-0-520-04206-3
  • Acton, Harold: The Last Medici, Macmillan, London, 1980, ISBN 0-333-29315-0
  • Browning, Reed: The War of the Austrian Succession, Palgrave Macmillan, 1995, ISBN 0-312-12561-5