კაზრეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
კაზრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისი
კოორდინატები 41°22′59″ ჩ. გ. 44°25′05″ ა. გ. / 41.3831694° ჩ. გ. 44.4182611° ა. გ. / 41.3831694; 44.4182611
მოსახლეობა 4 340 (5 ნოემბერი, 2014)[1] ,
5 453 (2022)[2] ,
5 483 (2021)[2] ,
5 447 (2020)[2] ,
5 452 (2019)[2] ,
5 448 (2018)[2] ,
5 425 (2017)[2] ,
5 422 (2016)[2] ,
7 272 (17 იანვარი, 2002)[2] ,
9 124 (12 იანვარი, 1989)[2] ,
5 921 (17 იანვარი, 1979)[2] ,
2 538 (15 იანვარი, 1970)[2] ,
5 562 (2023)[3]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 88 %
აზერბაიჯანელები 8 %
სომხები 2 %
რუსები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 358[4]
საფოსტო ინდექსი 1103[5]
კაზრეთი — საქართველო
კაზრეთი
კაზრეთი — ქვემო ქართლი
კაზრეთი

კაზრეთიდაბა ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში.[6] მდებარეობს მდინარე მაშავერის ხეობაში (ხრამის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 680 მეტრზე, ბოლნისიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. რკინიგზის სადგური (თბილის-ერევნის სარკინიგზო ხაზს უკავშირდება მარნეულ-კაზრეთის განშტოებით). დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1023 კაცი. [7] ცნობილია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით, რომელიც 1972 წელს აშენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-1976 წლებში კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) არქეოლოგიური ძეგლები:

  • ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII-VI სს.) რკინიგზის სადგურთან ე. წ. „ველებზე“. სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები იწვნენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდიდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები.
  • ანტიკური ხანის (I-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რომელზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები. მინისა და თიხის ჭურჭელი.
  • ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კაზრეთის კარიერ „ბუჩურიანში“. აღმოჩნდა VI-VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI-XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართული ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები.
  • მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი.
  • წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები.

სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI-XIII საუკუნეების კერამიკა. სოფლის აღმოსავლეთით ადგილ „სიპქვიებზე“ გამოვლინდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) სამარხები, რომელშიც შავპრიალა კერამიკა აღმოჩნდა.

  • ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევები ადგილ „სამტრედოში“. გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია. აგრეთვე XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.

კაზრეთში არის XIII საუკუნის I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამონასტრო კომპლექსი, რომლის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა საგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია სათხე (განვითარებული შუა საუკუნეებში).

დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე., სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, „თსუ შრომები“, 1951, ტ. 43;
  • სინაურიძე მ., 1974-1975 წლები არახლო-კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში, წგნ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. 5, თბ., 1977;
  • სინაურიძე მ., ბერიძე თ., კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები, „ძეგლის მეგობარი“, 1971, № 27-28;
  • ყაუხჩიშვილი თ., კაზრეთის ბერძნული წარწერა, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1967, ტ. 27 B;
  • ჯაფარიძე ვ., ჩვენი ისტორიის ერთი მემატიანე (კვლავ ბუჩურაშენის ეკლესიის შესახებ). „ძეგლის მეგობარი“, 1975, № 39;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://census.ge/en/home
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 http://pop-stat.mashke.org/georgia-cities.htm
  3. https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
  4. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  5. http://www.gpost.ge
  6. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  7. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.