იულიუსისეული პერიოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იულიუსისეული პერიოდი — 7980 წელი ხანგრძლივობის დროის შუალედი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ასტრონომიული და ქრონოლოგიური გამოთვლებისათვის.

იულიუსისეული პერიოდი უმცირესი ჯერადია 3 ციკლისა (7980=28·19·15): მზის 28-წლიანი ციკლისა, რომლის განმავლობაში კვირის დღეების სახელწოდებები უბრუნდება თვის ერთსა და იმავე რიცხვებს; მთვარის 19-წლიანი მეტონის ციკლისა, რომლის მთვარის ფაზები ემთხვევა თვეების ერთსა და იმავე რიცხვებს, და ე. წ. რომის ინდიქტიონის 15-წლიანი პერიოდისა, რომლის გავლის შემდეგ რომის იმპერიაში ახდევინებდნენ განსაკუთრებულ გამოსაღებს.

1583-იდან ფრანგი მეცნიერის ჟოზეფ სკალიგერის ინიციატივით შემოღებულია დროის აღრიცხვა ე. წ. იულიუსის დღეებით. ამგვარი აღრიცხვის საწყისია ძვ. წ. 4713 წლის 1 იანვარი შუადღე გრინვიჩის (მსოფლიო) დროით (ეს წელი პირველი წელი იყო ყველა ციკლისათვის). ასტრონომიაში ზოგიერთი დაკვირვების თარიღს გამოსახავენ იულიუსის დღეები. მაგ., 1976 წლის 2 აგვისტო დღის 3 საათს შეესაბამება 2442993,125 იულიუსის დღე. იულიუსისეული პერიოდის შესაბამისი დღეები მოცემულია ასტრონომიულ წელიწდეულებში და კალენდრებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]