ირაკლი ჯაბადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაბადარი.

ირაკლი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი (დ. 17 ოქტომბერი, 1892, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ნიცა, საფრანგეთი) — ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტის, რედაქტორ -გამომცემლის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. ყმაწვილს ბავშვობიდან დაჰყვა აბსოლუტური სმენა და იგი მშობლებმა ევროპაში გაგზავნეს სასწავლებლად. უმაღლესი განათლება მიიღო ბრიუსელის კონსერვატორიაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა ვენაში, სადაც იღრმავებდა თეორიულ ცოდნასდა სრულჰყოფდა სამშემსრულებლო ხელოვნებას. 1913 წლის 7 მარტს აქვე, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში დვორჟაკის მოწაფის ოსკარ ნედბალის დირიჟორობით შეასრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორის „ქართული რაფსოდია“, რითაც სათავე დაედო ქართულ სიმფონიურ მუსიკას. ამას მოჰყვა სხვა ჟანრის უამრავი ნაწარმოებები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ახალგაზრდა კომპოზიტორს. მისი ვოკალური ციკლიდან აღსანიშნავია „სულო ბოროტო“, „მერანი“, „ქართული ლეგენდა“, „თბილისური“, „რიჰარდ ჰოიბერგერის ხსოვნას“, „რანინა-რანუნი“, „განცდილი წუთები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის 3 მოქმედებიანი ოპერა „გულნარა“ (ალ. ყაზბეგის მიხედვით). ოპერის ლიბრეტო დაწერა თავად კომპოზიტორმა და მისმა მეუღლემ, უნგრელმა მანდილოსანმა მარგარიტ ბარვზმამ. მასვე ეკუთვნის უნგრულ თემაზე დაუმთავრებელი ოპერა „ბაბე“. კომპოზიტორი ავტორია აგრეთვე ორკესტრთან ერთად სამი საფორტეპიანო და ორი სავიოლონჩელო კონცერტების და სხვა.

მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ იგი გადმოასვენეს და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 420, თბ., 1994