იოკასტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოკასტე ან ეპიკასტე — მენეკევსის ასული, თებეს მეფის ლაიოსის მეუღლე, ოიდიპოსის დედა (შემდგომ უკვე ცოლი). იმის შიშით, რომ შვილი მოკლავდა და ტახტს წაართმევდა, ლაიოსმა ბრძანა ყრმისათვის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთებში გადაეგდოთ. ოიდიპოსი მწყემსებმა იპოვეს და კორინთოს მეფეს პოლიბოსს მიჰგვარეს. უშვილო პოლიბოსმა ოიდიპოსი იშვილა და გაზარდა. როცა ოიდიპოსმა წინასწარმეტყველებისგან გაიგო, რომ მამას მოკლავდა და დედას ცოლად შეირთავდა, სახლიდან გაიქცა. გზად მას ერთი დიდებული შემოხვდა, რომელთანაც შეკამათება მოუვიდა და შემოაკვდა. ამის შემდეგ, ოიდიპოსი თებეში ჩავიდა და სფინქსი დაამარცხა, რის გამოც იგი თებეში გაამეფეს და ცოლად შერთეს იოკასტე — საკუთარი დედა. იოკასტეს და ოიდიპოსს ოთხი შვილი, ორი ვაჟი (ეტეოკლე და პოლინიკე) და ორი ქალიშვილი (ანტიგონე და ისმენე) შეეძინათ. როცა იოკასტემ გაიგო რომ წინასწარმეტყველება ახდა, მან თავი ჩამოიხრჩო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seneca, Oedipus 1024–41.
  • Statius, Thebais XI.634–644.