ინვესტიტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინვესტიტურა (ლათ. investio, ვმოსავ) – შუა საუკუნეების ევროპაში სენიორის მიერ თავისი ვასალისთვის მიწის ან რაიმე თანამდებობის გადაცემა სათანადო ცერემონიის შესრულებით.

ძველ გერმანულ საზოგადოებაში უძრავი ქონების გადასვლა ერთი მფლობელიდან მეორესთან სიმბოლურად განმტკიცებული იყო რაიმე საგნის, მაგალითად, ბალახის ღეროს სიმბოლური გადაცემით. X-XI საუკუნეებში ამ ჩვეულებიდან ახალი წესი განვითარდა – განსაზღვრული სიმბოლიზებული საგნის საჯაროდ გადაცემა ერთი პირიდან მეორე, მასზე იერარქიულად დაბლა მდგომ პირზე. ეს მოქმედება ნიშნავდა ძალაუფლების, უფლებამოსილების ნაწილისა და აგრეთვე მასთან დაკავშირებული მიწის, შემოსავლისა და უფლებების გადაცემას. ამ აქტმა მიიღო ინვესტიტურის სახელწოდება. გერმანიის იმპერატორი საერო მთავრებს ინვესტირებდა (გადასცემდა) ჩვეულებრივ, დროშებს, საეკლესიო მთავრებს კი ბეჭედსა და კვერთხს. ყოველ ახალ დანიშნულ ეპისკოპოსს ეს საგნები აუცილებლად მეფის ხელიდან უნდა მიეღო ან მისი წარმომადგენლისგან. შემდეგ მათ საეკლესიო კურთხევის მსვლელობის დროს ხელახლა გადასცემდნენ.

XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისში ურთიერთობა პაპებსა და იმპერატორებს შორის გამწვავდა და ინვესტიტურის საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 115