იზაბელა ანჟულიმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა ანჟულიმელი
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 8 ოქტომბერი, 1200
მმართ. დასაწყისი: 24 აგვისტო, 1200
მმართ. დასასრული: 19 ოქტომბერი, 1216
წინამორბედი: ბერენგარია ნავარელი
მემკვიდრე: ელეანორ პროვანსელი
სხვა წოდებები: ანჟულემის გრაფინია
(1202-1246)
ლა მარკის გრაფინია
(1220-1246)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1186/1188
გარდ. თარიღი: 4 ივნისი, 1246
მეუღლე: ჯონი, ინგლისის მეფე
(ქ. 1200 - გარდ. 1216)
ჰუგო X, ლა მარკის გრაფი
(ქ. 1220)
შვილები: ჰენრი III, ინგლისის მეფე
რიჩარდი, გერმანიის მეფე
ჯოანა, შოტლანდიის დედოფალი
იზაბელა, საღვთო რომის იმპერატრიცა
ელეანორა, პემბროკის გრაფინია
მამა: აიმერი, ანჟულემის გრაფი
დედა: ალის ქორტნელი
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელა ანჟულიმელი (ფრანგ. Isabelle d'Angoulême, ინგლ. Isabella of Angoulême; დ. დაახლ. 1186/1188 — გ. 4 ივნისი, 1246) — ინგლისის დედოფალი 1200-1216 წლებში როგორც ჯონ უმიწაწყლოს მეორე მეუღლე, ანჟულემის გრაფინია 1202-1246 წლებში მემკვიდრეობით და ლა მარკის გრაფინია 1220-1246 წლებში როგორც ჰუგო X-ის მეუღლე.

პირველი ქორწინებიდან იზაბელას ჰყავდა ხუთი შვილი, მათ შორის ინგლისის მეფე ჰენრი III, ხოლო მეორე ქორწინებიდან ჰყავდა ცხრა შვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ იგი ძლევამოსილი ფრანგი დიდგვაროვანი იყო, პრეტენზია ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე, რის გამოც 1241 წელს მან მეფე ლუი IX-ის ჩამოგდებას გეგმავდა, რომელიც დედა-დედოფალ ბლანკა კასტილიელმა ჩაუშალა, რომელიც მისი მოსისხლე მტერი იყო. 1244 წელს მან მეფის მოწამვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და თავის გადასარჩენად მონასტერში გადასახლდა სადაც ორ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაბადების ადგილი და ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 1186-დან 1188 წლამდე უნდა დაბადებულიყო. იგი იყო ანჟულემის გრაფ აიმერის ერთადერთი შვილი და მემკვიდრე. დედამისი იყო ალის ქორტნელი, რომელიც ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატორის ასული იყო და საფრანგეთის მეფე ლუი VI-ს შვილიშვილად ერგებოდა.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელას გერბი ინგლისის დედოფლობისას

1200 წლის 24 აგვისტოს ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს, რომელიც პირველ ცოლს, იზაბელ გლოსტერელს 1199 წელს გაეყარა, ისე რომ შვილები არ ჰყოლიათ. ამრიგად იზაბელა ინგლისის დედოფალი გახდა. სულ რაღაც ორ წელიწადში, 1202 წელს მამამისი, გრაფი აიმერი გარდაიცვალა, რის შედეგადაც იზაბელა ანჟულემის გრაფინია გახდა. იზაბელა 1200 წლის 8 ოქტომბერს უესტმინსტერის სააბატოში ინგლისის დედოფლად ეკურთხა. თავიდან იგი დანიშნული იყო ლა მარკის გრაფ ჰუგო X-ზე, თუმცა მას შემდეგ რაც ჯონმა ითხოვა მისი ხელი ჰუგოსთან ნიშნობა ჩაშალა. ამრიგად ინგლისელების კონტროლქვეშ მოექცა ანჟულემიც. ამ დროს ინგლისელები აკონტროლებდნენ ნახევარ საფრანგეთს, როგორიცაა ბრეტანი, ნორმანდია, აკვიტანია, გასკონია და ახლა უკვე ანჟულემსაც. ცხადია ამან საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ის განრისხება და ინგლისთან ომის დაწყება გამოიწვია.

ჯონთან ქორწინებისას ქერა თმიანი და ცისფერ თვალება იზაბელა თავისი სილამაზით უკვე მთელს ევროპაში იყო სახელგანთქმული. მას შუა საუკუნეების ისტორიკოსები, საოცარი სილამაზის გამო ხშირად ელენესაც უწოდებდნენ, ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე დაყრდნობით. იზაბელა ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე ჯონი, თუმცა მეფეს ძალიან მოსწონდა თავისი მეუღლე. მათ ერთმანეთთან ახლო და რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ჯონი მას პოლიტიკასთან ახლოსაც არ აკარებდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მეფე არასწორად მოიქცა. ჯონი ცნობილი გახდა, როგორც სუსტი, უხეში და უპასუხისმგებლო მმართველი, მან ფილიპ II-თან ბრძოლაში ყველა ფრანგული მიწა დაკარგა, გარდა აკვიტანიისა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იზაბელას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, დედა-დედოფალ ელეონორ აკვიტანიელთან.

1207 წლის 1 ოქტომბერს უინჩესტერში იზაბელამ პირველი შვილი და ტახტის მემკვიდრე ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჯონის მამის, მეფე ჰენრი II-ის პატივსაცემად ჰენრი დაარქვეს. მომავალში იგი ინგლისის მეფე ჰენრი III გახდა. ამის შემდეგ თითქმის ყოველწლიურად აჩენდა იზაბელა შვილებს 1215 წლამდე. მან ჯონს სულ ხუთი შვილი გაუჩინა, აქედან ორი ვაჟი და სამი გოგონა. ხუთივე ბავშვმა მიაღწია ზრდასრულობამდე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მონარქები გახდნენ.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1216 წელს მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, იზაბელას პირველი მოქმედება 28 ოქტომბერს გლოსტერში მისი ვაჟის, ჰენრი III-ის მეფედ კურთხევა იყო. როდესაც ძალაუფლება განიმტკიცეს და ჰენრის რეგენტად სასურველი კაცი დასვა, სასწრაფოდ საფრანგეთს გამოუცხადა ომი და თავისი ანჟულემის საგრაფო დაიბრუნა.

1220 წელს იგი ცოლად გაჰყვა ლა მარკის გრაფ ჰუგო X-ს, რომელზეც იყო დანიშნული ჯონთან ქორწინებამდე. აქამდე იზაბელა გეგმავდა რომ თავისი ქალიშვილი ჯოანი დაექორწინებინა ჰუგოზე, თუმცა ის ჯერ ძალიან პატარა იყო ამისათვის. ჰუგომაც იზაბელას დანახვაზე, რომელიც კიდევ უფრო გალამაზებულიყო, გოგონას დედამისზე ქორწინება არჩია. საბოლოოდ 1221 წელს ჯოანი შოტლანდიის მეფე ალექსანდრე II-ს მიათხოვეს.

იზაბელას ჰუგოზე ქორწინება ძალიან ძვირად დაუჯდა. იმისათვის რომ დედა-დედოფალი მეორედ გათხოვილიყო სამეფო საბჭოს ნებართვა იყო საჭირო, რაც მას არც თუ ისე იაფი დაუჯდა. იზაბელამ დაკარგა თავისი ადგილი სამეფო საბჭოში და შესაბამისად მთელი ძალაუფლება ინგლისში, ამას გარდა მას შეუჩერდა დედოფლის ყოველთვიური პენსია და ასევე ჩამოერთვა მთელი სასახლეები და მამულები, რომლებიც მას ინგლისში ჰქონდა. საბოლოოდ თავს სწორედ ჯოანის გათხოვებით უშველა. მეფე ალექსანდრე დაეხმარა მას და ნორმანდიაში ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნა, ასევე თვიურად 3 000 გირვანქის სახით პენსია დაუნიშნა და რაც მთავარია შეარიგა იგი რომის პაპთან და ჰენრი III-თან.

იზაბელასა და ჰუგოს ცხრა შვილი შეეძინათ, რომელთაც იზაბელა ყოველწლიურად აჩენდათ 1221-1229 წლებში. მათ ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი შეეძინათ. იზაბელა და მისი შვილები მეფე ჰენრიმ არ შეუშვათ ინგლისში, რაც შემდგომში მათ შვილებზეც გავრცელდა.

აჯანყება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელასა და ჯონ უმიწაწყლოს საფლავები

მართალია იგი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა მის ხასიათს ისტორიკოსები აღწერენ როგორც: "უშედეგოდ კაპრიზული და უსიამოვნოს". იზაბელა საფრანგეთში თავის დაბალ მდგომარეობას ვერაფრით ეგუებოდა. ერთხელად ჰუგო სამეფო კარზე დაიბარეს სადაც მეფე ლუი IX-ს მისთვის პუატიეს გრაფის წოდების ბოძება ჰქონდა განზრახული, თუმცა დედა-დედოფალმა ბლანკა კასტილიელმა ეს არ დაუშვა დაუკან გააბრუნა. ამის შემდეგ ბლანკა და იზაბელა ერთმანეთს სამუდამოდ გადაემტერნენ. იზაბელას ბლანკაც და მთელი სამეფო ოჯახიც გულის სიღრმემდე შესძულდა, რის გამოც მან მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო. იზაბელამ და ჰუგომ სხვა უკმაყოფილო დიდგვაროვნებიც შემოიკრიბეს და საბოლოოდ მთელი სამხრეთ და დასავლეთ საფრანგეთი მეფის წინააღმდეგ აჯანყებისთვის იყო მზად. ამას დაემატა იზაბელას ვაჟის, მეფე ჰენრის ჯარების შეჭრა ნორმანდიაში, თუმცა ფრანგებმა ისიც დაამარცხეს და ჯაშუშთა და მოღალატეთა წყალობით შეთქმულების ამბავმა ბლანკას ყურამდე მიაღწია, რომელმაც დაწყებამდე ჩაახრშო აჯანყება.

1244 წელს იზაბელამ ლუი IX-ის მოწამვლა სცადა, თუმცა არც ეს არ გამოუვიდა. მეფის ბრძანებით დააპატიმრეს მისი ქმარი ჰუგო X და სანამ თავად იზაბელასაც დააპატიმრებდნენ მან თავს მონასტერში გაქცევითა და მონაზვნად აღკვეცით უშველა. სწორედ ამ მონასტერში, 1246 წლის 4 ივნისს გარდაიცვალა იზაბელა.

მისმა შვილებმა მეორე ქორწინებიდან, იგი საფრანგეთში დაკრძალეს, თუმცა მეფე ჰენრი ამას აპროტესტებდა და მალევე იზაბელას ნეშტი ინგლისში გადაასვენა, სადაც იგი დაკრძალეს ჯონ უმიწაწყლოს, ჰენრი II-ისა და ელეონორ აკვიტანიელის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ უმიწაწყლოსთან ჰყავდა ხუთი შვილი:

  1. ჰენრი III (1207—1272), ინგლისის მეფე, ცოლად შეირთო ელეანორ პროვანსელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მეფე ედუარდ I;
  2. რიჩარდი (1209—1272), კორნუოლის ერლი და რომაელთა მეფე, პირველად დაქორწინდა იზაბელ მარშალზე, მეორედ სანჩია პროვანსელზე და მესამედ ბეატრის ფოლკენბურგელზე, სამივესთან შეეძინა შვილები;
  3. ჯოანი (1210—1238), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ალექსანდრე II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  4. იზაბელა (1214—1241), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ს და შეეძინა ხუთი შვილი;
  5. ელეანორი (1215—1275), პირველად იქორწინა პემბროკის ერლ უილიამ მარშალზე, ხოლო მეორედ ლეიცესტერის ერლ საიმონ დე მონტფორტზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ჰუგო X-თან შეეძინა ცხრა შვილი:

  1. ჰუგო XI (1221—1250), ლა მარკისა და ანჟულემის გრაფი, ცოლად შეირთო იოლანდა ბრეტონელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  2. აიმერი (1222—1260), უინჩესტერის ეპისკოპოსი;
  3. აგნესი (1223—1269), ცოლად გაჰყვა უილიამ II დე ჩაუვაიგნს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ალისი (1224—1256), ცოლად გაჰყვა სარის გრაფ ჯონ დე ვერნს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  5. გაი (1225—1264), მოკლეს ინგლისელმა დიდგვაროვნებმა ლევესის ბრძოლაში;
  6. ჯოფრე (1226—1274), ცოლად შეირთო ჟანა დე შატელერონტი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  7. იზაბელა (1227—1299), პირველად ცოლად გაჰყვა კრაონის ბარონ მორის IV-ს, ხოლო მეორედ ჟოფრუა დე რანკონს, თუმცა შვილები მხოლოდ პირველ ქმართან შეეძინა;
  8. უილიამი (1228—1296), პემბროკის ერლი, ცოლად შეირთო ჯოანა დე მონშენსი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, თუმცა საყვარლებთანაც უამრავი შვილი ჰყავდა;
  9. მარგარიტა (1229—1288), პირველად იქორწინა ტულუზის გრაფ რაიმონდ VII-ზე, ხოლო მეორედ ტურის ვიკონტ აიმერ IX-ზე, შვილები ორივე ქორწინებიდან ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernadette Barrière, Limousin médiéval: le temps des créations, (Presses universitaires de Limoges), 384.
  • Theodore Evergates, The Aristocracy in the County of Champagne, 1100-1300, (University of Pennsylvania Press, 2007), 226.
  • Thomas B. Costain, The Magnificent Century, pp. 144–145, Doubleday and Company, Inc., Garden City, New York, 1959.
  • Nicholas Vincent, "Isabella of Angouleme: John's Jezebel", King John: New Interpretations, ed. S.D. Church, (Boydell Press, 1999), 171, 177.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]